ქალაქობანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქალაქობანააღმოსავლეთ საქართველოში გავრცელებული ხალხური თამაში ბურთით. მოთამაშენი ორად გაიყოფიან, „დედებს“ აირჩევენ და ერთმანეთისგან 30-40 ნაბიჯის დაშორებით თავ-თავიანთ ქალაქებს შემოხაზავენ. „ქალაქებს“ შორის გაავლებენ ხაზს, რომელსაც წინ-წყაროს ეძახიან. კენჭისყრით დაადგენენ თამაშის დამწყებს და გუნდები „ქალაქებში“ განლაგდებიან. დამწყები გუნდის „დედა“ ბურთს მოწინააღმდეგეთა ქალაქისკენ გადაისვრის, ისინი კი ცდილობენ დაიჭირონ. თუ დაიჭირეს, ერთი მომგებიანი ქულა ეწერებათ. შემდეგ ამ გუნდის დედა გამოისვრის ბურთს და დაჭერასაც ესენი ცდილობენ. ბურთი აუცილებლად უნდა გადმოსცდეს „წინ-წყაროს“, წინააღმდეგ შემთხვევაში თავიდან უნდა ისროლონ. თამაში 8-მდე გრძელდება. 8ქულას რომ შეასრულებენ, ბურთის ბოლო დამჭერს მეტოქის ქალაქში „ჯორის გასახედნად“ გზავნიან. ეს მოთამაშე მოწინააღმდეგეთა შორის „ჯორს“ ამოირჩევს და ზურგზე მოაჯდება. მხედარს მისი გუნდის წევრები ბურთს გადმოუგდებენ, თუ დაიჭირა, მთელი გუნდი „დიდ ქულას“ მიიღებს, თუ ვერა მაშინ „ჯორიდან“ უნდა ჩამოხტეს და თავისი „ქალაქისკენ“ გაიქცეს. მას უკან მისდევს „ჯორი“, რომელიც ცდილობს ახლა თვითონ მოაჯდეს ზურგზე. თუ ეს შეძლო და მხედრად გადაიქცა, თანაგუნდელები ბურთს გადაუგდებენ.  თუ დაიჭირა დიდი ქულა ახლა მის გუნდს დაეწერება, თუ ვერ დაიჭირა, ჯორიდან უნდა ჩამოვიდეს და ქალაქს დაუბრუნდეს. ახლა უკვე ამ ქალაქის „დედა“ ისვრის ბურთს, მეორე გუნდის წევრები კი ცდილობენ მის დაჭერას. თუ რომელიმე გუნდმა 3 დიდი ქულა დააგროვა, ისინი მეტოქე გუნდის წევრებს ზურგზე მოასხდებიან და ბურთს ერთმანეთს უგდებენ. ასე გრძელდება მანამ სანამ ბურთი მიწაზე არ დაუვარდებათ. იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც ხდება, რომ ბურთს ერთ-ერთი „ჯორი“ დაიჭერს. ასეთ შემთხვევაში „ჯორები“ მხედრებად იქცევიან და ბურთს ახლა ისინი უგდებენ ერთმანეთს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიშვილი ე., სპორტის ენციკლოპედია, გვ. 532, თბ., 2006