შინაარსზე გადასვლა

ფორმულა ერთის სეზონი 1994

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იგი „ბენეტონისთვის“ ასპარეზობდა
დეიმონ ჰილი მეორე ადგილზე გავიდა. იგი შუმახერს მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩა

ფორმულა ერთის 1994 წლის სეზონი — ფორმულა ერთის რიგით 45-ე სეზონი. იგი 1994 წლის 27 მარტს დაიწყო, და 16 ეტაპის შემდეგ, 13 ნოემბერს დამთავრდა. მიხაელ შუმახერმა თავისი პირველი ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. მეორე ადგილზე „უილიამსის“ მრბოლელი, დეიმონ ჰილი გავიდა, ხოლო მესამე ადგილი „ფერარის“ პილოტმა, გერჰარდ ბერგერმა დაიკავა. შუმახერი „ბენეტონისთვის“ ასპარეზობდა, რომელიც Ford-ის ძრავებს იყენებდა, შესაბამისად იგი უკანასკნელი ჩემპიონია, რომლის ბოლიდს Ford-ის ძრავი ჰქონდა.[1] კონსტრუქტორების ჩემპიონატი „უილიამსმა“ მოიგო.

1994 წლის სეზონი ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული და სკანდალური აღმოჩნდა. ჩემპიონატის მესამე ეტაპზე, სან-მარინოს გრან-პრიზე, ავარიების შედეგად დაიღუპნენ ავსტრიელი ახალბედა როლანდ რატცენბერგერი, და ბრაზილიელი სამგზის მსოფლიო ჩემპიონი, აირტონ სენა. გარდა ამისა, სეზონის განმავლობაში მომხდარი ავარიების შედეგად დაშავდნენ როგორც პილოტები, ასევე მექანიკოსები, მაყურებლები და მარშალები.[2] ფია-მ შემდგომში უამრავი ცვლილება განახორციელა, რათა სპორტი უფრო უსაფრთხო გაეხადა.

1993 წლის ჩემპიონმა, ალენ პროსტმა, თავისი ტიტულის დაცვაზე უარი თქვა და სპორტიდან წავიდა.[3] 1994 წლის სეზონი უკანასკნელი იყო „ლოტუსისთვის“, რომელიც ფორმულა ერთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კონსტრუქტორი იყო. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, სპორტში პირველად დაბრუნდა Mercedes-Benz, ამჯერად შვეიცარიული გუნდის, „ზაუბერის“ ტექნიკური პარტნიორის სახით. სეზონში 1990 წლიდან პირველი გამარჯვება მოიპოვა „ფერარიმ“, სანამ „მაკლარენმა“ 1980 წლის შემდეგ პირველი სეზონი გაატარა მოგების გარეშე. 1994 წელს ფორმულა ერთის გრან-პრიზე მონაწილეობა 46-მა პილოტმა მიიღო, მათგან 14-მა თავისი დებიუტი ჩაატარა. პილოტებს შორის ბევრი ე.წ „რენტა-დრაივერი“ იყო.

გუნდები და პილოტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
გერჰარდ ბერგერი მესამე ადგილზე გავიდა. მან „ფერარის“ სეზონში მათი ერთადერთი გამარჯვება მოუტანა (ფოტო გადაღებულია 1991 წელს, როდესაც ბერგერი „მაკლარენისთვის“ ასპარეზობდა)
სეზონი სან-მარინოს გრან-პრიზე დატრიალებულმა ტრაგედიამ დაჩრდილა. იმოლას წრეზე მომხდარ ავარიებს ახალბედა როლანდ რატცენბერგერი და სამგზის მსოფლიო ჩემპიონი აირტონ სენა (ფოტოზე) იმსხვერპლა.

ფორმულა ერთის 1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას შემდეგი გუნდები და პილოტები იღებდნენ. ყველა გუნდს საბურავებით კომპანია Goodyear ამარაგებდა.

გუნდი კონსტრუქტორი შასი ძრავი მრბოლელი ეტაპები
დიდი ბრიტანეთის დროშა Rothmans Williams Renault უილიამსი FW16

FW16B

Renault RS6 3.5 V10 0[კომ 1] დიდი ბრიტანეთის დროშა დეიმონ ჰილი ყველა
2 ბრაზილიის დროშა აირტონ სენა 1–3
დიდი ბრიტანეთის დროშა დევიდ კულტჰარდი 5–6, 8–13
დიდი ბრიტანეთის დროშა ნაიჯელ მენსელი 7, 14–16
დიდი ბრიტანეთის დროშა Tyrrell Racing Organisation ტირელი 022 Yamaha OX10B 3.5 V10 3 იაპონიის დროშა უკიო კატაიამა ყველა
4 დიდი ბრიტანეთის დროშა მარკ ბლანდელი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Mild Seven Benetton Ford ბენეტონი B194 Ford EC Zetec-R 3.5 V8 5 გერმანიის დროშა მიხაელ შუმახერი 1–11, 14–16
ფინეთის დროშა იურკი იარვილეჰტო 12–13
6 ნიდერლანდების დროშა იოს ვერსტაპენი 1–2, 7–14
ფინეთის დროშა იურკი იარვილეჰტო 3–6
დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი 15–16
დიდი ბრიტანეთის დროშა Marlboro McLaren Peugeot მაკლარენი MP4/9 Peugeot A6 3.5 V10 7 ფინეთის დროშა მიკა ჰაკინენი 1–9, 11–16
საფრანგეთის დროშა ფილიპ ალიო 10
8 დიდი ბრიტანეთის დროშა მარტინ ბრანდლი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Footwork Ford ფუტუორკი FA15 Ford HBE7/8 3.5 V8 9 ბრაზილიის დროშა კრისტიან ფიტიპალდი ყველა
10 იტალიის დროშა ჯანი მორბიდელი ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა Team Lotus ლოტუსი 107C

109

Mugen Honda MF-351 HC 3.5 V10

Mugen Honda MF-351 HD 3.5 V10

11 პორტუგალიის დროშა პედრო ლამი 1–4
იტალიის დროშა ალესანდრო ზანარდი 5–10, 12
ბელგიის დროშა ფილიპ ადამსი 11, 13
საფრანგეთის დროშა ერიკ ბერნარი 14
ფინეთის დროშა მიკა სალო 15–16
12 დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი 1–13
იტალიის დროშა ალესანდრო ძანარდი 14–16
ირლანდიის დროშა Sasol Jordan ჯორდანი 194 Hart 1035 3.5 V10 14 ბრაზილიის დროშა რუბენს ბარიკელო ყველა
15 დიდი ბრიტანეთის დროშა ედი ირვაინი 1, 5–16
იაპონიის დროშა აგური სუზუკი 2
იტალიის დროშა ანდრეა დე ჩეზარესი 3–4
საფრანგეთის დროშა Tourtel Larrousse F1 ლარუსი LH94 Ford HBF7/8 3.5 V8 19 მონაკოს დროშა ოლივიე ბერეტა 1–10
საფრანგეთის დროშა ფილიპ ალიო 11
საფრანგეთის დროშა იანიკ დალმასი 12–13
იაპონიის დროშა ჰიდეკი ნოდა 14–16
20 საფრანგეთის დროშა ერიკ კომა 1–15
შვეიცარიის დროშა ჟან-დენი დელეტრაზი 16
იტალიის დროშა Minardi Scuderia Italia მინარდი M193B

M194

Ford HBC7/8 3.5 V8 23 იტალიის დროშა პიერლუიჯი მარტინი ყველა
24 იტალიის დროშა მიკელე ალბორეტო ყველა
საფრანგეთის დროშა Ligier Gitanes Blondes ლიჟიე JS39B Renault RS6 3.5 V10 25 საფრანგეთის დროშა ერიკ ბერნარი 1–13
დიდი ბრიტანეთის დროშა ჯონი ჰერბერტი 14
საფრანგეთის დროშა ფრანკ ლაგორსი 15–16
26 საფრანგეთის დროშა ოლივიე პანისი All
იტალიის დროშა Scuderia Ferrari ფერარი 412T1

412T1B

Ferrari 041 3.5 V12

Ferrari 043 3.5 V12

27 საფრანგეთის დროშა ჟან ალეზი 1, 4–16
იტალიის დროშა ნიკოლა ლარინი 2–3
28 ავსტრიის დროშა გერჰარდ ბერგერი ყველა
შვეიცარიის დროშა Broker Sauber Mercedes

შვეიცარიის დროშა Sauber Mercedes

ზაუბერი C13 Mercedes-Benz 2175B 3.5 V10 29 ავსტრიის დროშა კარლ ვენდლინგერი 1–4
იტალიის დროშა ანდრეა დე ჩეზარესი 6–14
ფინეთის დროშა იურკი იარვილეჰტო 15–16
30 გერმანიის დროშა ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი[კომ 2] ყველა
დიდი ბრიტანეთის დროშა MTV Simtek Ford სიმტეკი S941 Ford HBD6 3.5 V8 31 ავსტრალიის დროშა დევიდ ბრებჰემი ყველა
32 ავსტრიის დროშა როლანდ რატცენბერგერი 1–3
იტალიის დროშა ანდრეა მონტერმინი 5
საფრანგეთის დროშა ჟან-მარკ გუნონი 7–13
იტალიის დროშა დომენიკო სკიატარელა 14, 16
იაპონიის დროშა ტაკი ინოე 15
დიდი ბრიტანეთის დროშა Pacific Grand Prix პასიფიკი PR01 Ilmor 2175A 3.5 V10 33 საფრანგეთის დროშა პოლ ბელმონდო ყველა
34 საფრანგეთის დროშა ბერტრან გაშო ყველა

ცვლილებები გუნდებში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „ლოლა“ (სრული სახელია „ლოლა BMS სკუდერია იტალია“) 1993 წლის სეზონის ბოლო ორ რბოლამდე დაიხურა. მისი ქონების ნაწილი „მინარდიმ“ იყიდა, და შედეგად წარმოიქმნა „მინარდი სკუდერია იტალია“.
  • „მაკლარენმა“ Ford-თან 1 წლიანი პარტნიორობისა და Lamborghini-ს V12 ძრავების ტესტირების შემდეგ Peugeot-ის V10 ძრავებზე გადაინაცვლა.
  • „ლოტუსმა“ Mugen-Honda-ს ძრავებზე გადაინაცვლა.
  • „ზაუბერის“ ტექნიკურმა პარტნიორმა, Mercedes-Benz-მა წინა წლის კომპლექტაციის Illmor-ის V10 ძრავი განავითარა და 1955 წლიდან აღებული პაუზის შემდეგ პირველად დაბრუნდა ფორმულა ერთში.
  • 1993 წელს „ლარუსი“ Lamborghini-სთან, მაგრამ შემდეგ Ford-ის ძრავებზე გადაინაცვლა. Lamborghini სპორტიდან მას შემდეგ წავიდა, რაც „მაკლრენმა“ ტესტების შემდეგ მათ ძრავებზე უარი თქვა.
  • ფორმულა ერთს ორი ახალი გუნდი შეუერთდა: „სიმტეკი“ და „პასიფიკი“

ცვლილებები პელეტონში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • თავისი მეოთხე ტიტულის მოპოვების შემდეგ, მოქმედმა ჩემპიონმა ალენ პროსტმა ფორმულა ერთიდან წასვლა გადაწყვიტა. „უილიამსში“ მისი ადგილი სამგზის ჩემპიონმა აირტონ სენამ დაიკავა, რომელიც თავის მხვრივ, „მაკლარენში“ მარტინ ბრანდლით ჩაანაცვლეს.
  • „ზაუბერში“ იურკი იარვილეჰტოს მაგივრად დებიუტანტი ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენი იასპარეზებდა. იარვილეჰტომ „ბენეტონში“ ამოჰყო თავი, სადაც სპორტიდან წასული რიკარდო პატრეზე ჩაანაცვლა, თუმცა სეზონისწინა ტესტებზე მან კისერი დაიზიანა, და იგი დროებით იოს ვერსტაპენმა ჩაანაცვლა. ფინელმა სეზონის მხოლოდ ექვს გრან-პრიზე იასპარეზა.
  • მარკ ბლანდელი „ტირელმა“ აიყვანა. ანდრეა დე ჩეზარისი 1994 წელს „ჯორდანისა“ და „ზაუბერის“ სათადარიგო პილოტი იყო.
  • „მინარდისთვის“ მიკელე ალბორეტო ასპარეზობდა, ხოლო ჟან-მარკ გუნონმა „სიმტეკში“ გადაინაცვლა.
  • „ფუტუორკმა“ თავიანთი შემადგენლობა მთლიანად განაახლა. ამჯერად მათთვის ჯანი მორბიდელი კრისტიან ფიტიპალდი ასპარეზობდნენ.
  • „ლარუსმა“ ტოშიო სუზუკი ოლივიე ბერეტათი ჩაანაცვლა.
  • „სიმტეკისთვის“ დევიდ ბრებჰემი და ახალბედა როლანდ რატცენბერგერი ასპარეზობდნენ. მაშინ ბრებჰემს ფორმულა ერთის გრან-პრიზე მონაწილეობა ბოლოჯერ 1990 წელს მიეღო. „პასიფიკმა“ პოლ ბელმონდო და ბერტრან გაშო აიყვანა.

ცვლილებები შუა სეზონში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • აირტონ სენა სან-მარინოს გრან-პრიზე მომხდარმა ავარიამ იმსხვერპლა. „უილიამსმა“ მომდევნო ეტაპზე მხოლოდ ერთი ბოლიდი გაიყვანა. შემდგომში მეორე პილოტის სტატუსი დევიდ კულტჰარდს ერგო, რომელსაც პერიოდულად ანაცვლებდა 1992 წლის მსოფლიო ჩემპიონი, ნაიჯელ მენსელი.
  • „ბენეტონში“ მიხაელ შუმახერის თანაგუნდელი იოს ვერსტაპენი გახდა, როდესაც იურკი იარვილეჰტომ ტესტებზე კისერი დაიზიანა. ორი რბოლის შემდეგ ფინელი დაბრუნდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი რეზულტატების გამო იგი კვლავ ვერსტაპენით ჩაანაცვლეს. მან რვა რბოლაში მიიღო მონაწილეობა, სანამ იგი ჯონი ჰერბერტით არ ჩაანაცვლეს, რომელმაც სეზონის ბოლო ორ ეტაპზე იასპარეზა. როდესაც მიხაელ შუმახერი ჯარიმის სახით ორი რბოლიდან მოხსნეს, იგი იარვილეჰტომ ჩაანაცვლა. ამის შემდეგ ფინელმა სეზონი „ზაუბერში“ დაამთავრა
  • „ფერარის“ პილოტმა ჟან ალეზიმ მიუჯელოს წრეზე ჩატარებული კერძო ტესტებისას კისერი დაიზიანა, ამიტომაც პირველ სამ ეტაპზე იგი ნიკოლა ლარინით ჩაანაცვლეს.[4]
  • ბრაზილიის გრან-პრიზე „ჯორდანის“ პილოტი ედი ირვაინი 4 სხვა პილოტთან ავარიაში მოჰყვა, რომლის გამოც იგი ჯარიმის სახით მომდევნო რბოლაზე არ დაუშვეს. გუნდის მიერ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების შემდეგ, დისკვალიფიკაცია სამ ეტაპამდე გაზარდეს.[5] მომდევნო წყნარი ოკეანის გრან-პრიზე იგი აგური სუზიკიმ ჩაანაცვლა, ხოლო სან-მარინოსა და მონაკოს ეტაპებზე — ანდრეა დე ჩეზარესმა.[6]
  • „ზაუბერის“ პილოტი კარლ ვენდლინგერი მონაკოს გრან-პრიზე ავარიაში მოჰყვა, კომაში ჩავარდა და სეზონში მონაწილეობა აღარ მიუღია. შვეიცარიულ გუნდში იგი ჯერ ანდრეა დე ჩეზარესმა, ხოლო შემდეგ იურკი იარვილეჰტომ ჩაანაცვლეს.
  • „ლოტუსის“ პილოტი პედრო ლამი სილვერსტოუნის წრეზე ჩატარებულ კერძო ტესტებზე ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად ორივე ფეხი და მაჯა მოიტეხა.[7] იგი ტესტ-პილოტმა ალესანდრო ძანარდიმ ჩაანაცვლა. ფილიპ ადამსმა ორ რბოლაში მიიღო მონაწილეობა. სეზონის დამთავრებამდე სამი ეტაპით ადრე „ლოტუსის“ მეორე პილოტმა ჯონი ჰერბერტმა „ლიჟიეს“ ერიკ ბერნარს გაუცვალა ადგილი. თუმცა ბერნარი „ლოტუსში“ მხოლოდ ერთი რბოლით დარჩა და მისი ადგილი მიკა სალომ დაიკავა, რომელსაც მანამდე ფორმულა ერთის ბოლიდი არასდროს უტარებია.[8] ჰერბერტმა „ლიჟიესთვის“ მხოლოდ ერთ გრან-პრიზე იასპარეზა, რის შემდეგაც „ბენეტონში“ გადაინაცვლა.
  • ფილიპ ალიო, რომელიც წინა სეზონში „ლარუსისთვის“ ასპარეზობდა, 1994 წელს „მაკლარენის“ ტესტ-პილოტი გახდა. მან ერთი ეტაპით მიკა ჰაკინენი ჩაანაცვლა, როდესაც ეს უკანასკნელი გერმანიის გრან-პრიზე გამოწვეული ავარიის გამო ერთი ეტაპით დისკვავლიფიცირებული იქნა. როდესაც „ლარუსის“ მოქმედ პილოტს, ოლივიე ბერეტას, ფულადი სახსრები ამოეწურა და გუნდი დატოვა, იგი ერთი რბოლით ალიომ ჩაანაცვლა.
  • ალიოს დროებითი დაბრუნების შემდეგ „ლარუსმა“ ჯერ იანიკ დალმასი, ხოლო შემდეგ ფორმულა 3000-ის პილოტი ჰიდეკი ნოდა აიყვანა. რენტა-დრაივერმა ჟან-დენი დელეტრაზმა გუნდს ფული გადაუხადა, რათა სეზონის უკანასკნელ გრან-პრიზე გუნდის მეორე პილოტი, ერიკ კომა ჩაენაცვლებინა.
  • როლანდ რატცენბერგერის სიკვდილის შემდეგ „სიმტეკში“ ანდრეა მონტერმინის დებიუტი შედგა. თუმცა, იგი თავისი პირველივე პრაქტიკის სესიაზე ავარიაში მოჰყვა, რომლის შედეგად მარცხენა ქუსლი და მარჯვენა ტერფი დაიზიანა. მონტერმინის მაგივრად შემდეგში „მინარდის“ ყოფილი პილოტი ჟან-მარკ გუნონი, რენტა-დრაივერი დომენიკო სკიატარელა და ფორმულა 3000-ის პილოტი ტაკი ინოე ასპარეზობდნენ.
ეტაპი გრან-პრი ტრასა თარიღი
1 ბრაზილიის გრან-პრი ბრაზილიის დროშა ჟოზე კარლოს პასეს სახელობის ავტოდრომი, სან-პაულუ 27 მარტი
2 წყნარი ოკეანის გრან-პრი იაპონიის დროშა TI-ს წრე, აიდა 17 აპრილი
3 სან-მარინოს გრან-პრი იტალიის დროშა ენცო და დინო ფერარის სახელობის ავტოდრომი, იმოლა 1 მაისი
4 მონაკოს გრან-პრი მონაკოს დროშა მონაკოს წრე, მონაკო 15 მაისი
5 ესპანეთის გრან-პრი ესპანეთის დროშა ბარსელონა-კატალუნიას წრე, მონტმელო 29 მაისი
6 კანადის გრან-პრი კანადის დროშა ჟილ ვილნევის სახელობის წრე, მონრეალი 12 ივნისი
7 საფრანგეთის გრან-პრი საფრანგეთის დროშა მანი-კურის (ნევერის) წრე, მანი-კური 3 ივლისი
8 ბრიტანეთის გრან-პრი დიდი ბრიტანეთის დროშა სილვერსტოუნის წრე, სილვერსტოუნი 10 ივლისი
9 გერმანიის გრან-პრი გერმანიის დროშა ჰოკენჰაიმრინგი, ჰოკენჰაიმი 31 ივლისი
10 უნგრეთის გრან-პრი უნგრეთის დროშა ჰუნგარორინგი, მოდიოროდი 14 აგვისტო
11 ბელგიის გრან-პრი ბელგიის დროშა სპა-ფრანკორშამის წრე, სტაველო 28 აგვისტო
12 იტალიის გრან-პრი იტალიის დროშა მონცას ეროვნული ავტოდრომი, მონცა 11 სექტემბერი
13 პორტუგალიის გრან-პრი პორტუგალიის დროშა ეშტორილის ავტოდრომი, ეშტორილი 25 სექტემბერი
14 ევროპის გრან-პრი ესპანეთის დროშა ხერესის მუდმივი წრე, ხერეს-დე-ლა-ფრონტერა 16 ოქტომბერი[კომ 3]
15 იაპონიის გრან-პრი იაპონიის დროშა სუზუკას წრე, სუზუკა 6 ნოემბერი
16 ავსტრალიის გრან-პრი ავსტრალიის დროშა ადელაიდის წრე, ადელაიდა 13 ნოემბერი
წყარო:[9]

ცვლილებები კალენდარში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულაციების ცვლილებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტექნიკური რეგულაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სპორტის მიმართ კრიტიკის გამო, ასევე ფორმულა ერთის გუნდის მუშაობის ფასის შემცირების მიზნით, ფია-მ ტექნიკურ რეგლამენტში მკვეთრი ცვლილებები შემოიღო. აიკრძალა ე.წ „დამხმარე სისტემები“,[13][14] როგორიცაა:

  • აქტიური დაკიდების სისტემა
  • წევის კონტროლის სისტემა, ე.წ „ტრექშნ კონტროლი“
  • ABS სისტემა
  • ლაუნჩ კონტროლი

გარდა ამისა, აიკრძალა ბოლიდის ოთხივე ბორბლით მართვა. აკრძალვების ერთ-ერთი მხარდამჭერი სამგზის ჩემპიონი აირტონ სენაც იყო, თუმცა ბრაზილიელმა განაცხადა, რომ ვინაიდან ბოლიდების მართვა გართულდა, ხოლო მათი სისწრაფე არ შემცირებულა, შემოტანილი ცვლილებები უამრავ ავარიას გამოიწვევდა.

1983 წლიდან პირველად დაიშვა რბოლის დროს საწვავის შევსება.[15]

ახალი წესების თანახმად, ტრანსმისიას ოთხიდან შვიდამდე გადაცემა უნდა ჰქონოდა.[16]

სეზონი ბრაზილიაში დაიწყო, სადაც სენამ პოულის პოზიცია დაიკავა შუმახერის, ალეზის, ჰილის, ფრენცენის და ჯანი მორბიდელის წინ. სტარტზე ალეზიმ შუმახერს მეორე ადგილი წაართვა, ხოლო ვენდლინგერმა და ვერსტაპენმა ფრენტცენს და მორბიდელის გაუსწრეს. პირველი წრის ბოლოს სენა წინ უსწრებდა ალეზის, შუმახერს, ჰილს, ვენდლინგერსა და ვერსტაპენს.

მეორე წრეზე, რამდენიმე წარუმატებელი წინა მცდელობის შემდეგ, შუმახერმა მეორე ადგილი დაიბუნა. სანამ გერმანელს ჟან ალეზი აკავებდა, სენამ პელეტონს 4 წამით გაუსწრო. მალე სენა და შუმახერი დანარჩენებს გასცდნენ და 21-ე წრეზე ორივემ ბოქსებს მიაშურა, საიდანაც ტრასაზე პირველი შუმახერი დაბრუნდა. ის დანარჩენებს გასცდა და ლიდერობა 10 წამამდე გაზარდა, სანამ სენა ტემპს მოუმატებდა. 35-ე წრეზე ვერსტაპენმა, ბრანდლმა და ედი ირვაინმა ვენდლინგერს გაუსწრეს. როდესაც ისინი ერთი წრით ჩამორჩენილ ერიკ ბერნარს მიუახლოვდნენ, ვერსტაპენმა ირვაინის გასწრება სცადა. ირვაინმა ის ბალახზე გადააგდო და ვერსტაპენი გადაბრუნდა, ირვაინს გადაუფრინა და ჯერ ბერნარს, ხოლო შემდეგ ბრანდლს დაეჯახა. არავინ დაშავებულა, მაგრამ ფია-მ ინციდენტში ბრალი ედი ირვაინს დასდო და ერთ რბოლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა, რომელიც წარუმატებელი აპელაციის მცდელობის შემდეგ სამ რბოლამდე გაზარდა. ამასობაში, სენამ შუმახერამდე მანძილი 5 წამამდე შეამცირა, თუმცა 56-ე წრეზე ამოსრიალდა და რბოლას გამოეთიშა. სეზონის პირველი ეტაპი შუმახერმა მოიგო, მის უკან რბოლა დაამთავრეს ჰილმა, ალეზიმ, რუბენს ბარიკელომ, უკიო კატაიამამ და კარლ ვენდლინგერმა.

წყნარი ოკეანის გრან-პრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჟან ალეზი მიუჯელოს წრეზე ტესტებისას ავარიაში მოყვა და ზურგი დაიზიანა, რის გამოც სეზონის მეორე ეტაპი გამოტოვა. „ფერარიში“ მის მაგივრად იტალიელი ნიკოლა ლარინი მოიწვიეს, რომელიც მაშინვე სკანდალში გაეხვია, როდესაც იტალიურ პრესასთან საუბრისას ახსენა, რომ პრაქტიკის დროს იყენებდა აკრძალულ ტრექშნ-კონტროლის სისტემას. „ჯორდანში“ დისკვალიფიცირებული ედი ირვაინი დროებით აგური სუზუკიმ შეცვალა.

პოული კვლავ აირტონ სენას ერგო, მის უკან რბოლას იწყებდნენ შუმახერი, ჰილი, ჰაკინენი, ბერგერი და ბრანდლი. სტარტზე შუმახერმა გადაუსწრო სენას, ხოლო ჰაკინენმა – ჰილს. ფინელმა მრბოლელმა სენას გასწრებაც სცადა, თუმცა არ გამოუვიდა და ბრაზილიელის მანქანას დაეჯახა. სენა ამოსრიალდა და მას ნიკოლა ლარინის „ფერარი“ შეეჯახა, რის გამოც ბრაზილიელი კვლავ გამოეთიშა რბოლას.

მე-4 წრეზე ჰილმა ჰაკინენს შეუტია, მაგრამ მანევრი ვერ შეასრულა და მე-9 ადგილამდე დაეცა. ბრიტანელმა მალევე დაიწყო პოზიციების დაბრუნება, ჯერ მე-12 წრეზე ბრანდლს გაუსწრო, ხოლო შემდეგ პიტ-სტოპის შედეგად უკან რუბენს ბარიკელოც ჩამოიტოვა. მე-19 წრეზე ჰაკინენს გადაცემათა კოლოფი გაუფუჭდა და ფინელი რბოლას გამოეთიშა. ჰილი ბერგერს დაეწია და პიტ-სტოპების მეორე რაუნდის დროს მას გაუსწრო, ხოლო ბრანდლმა - ბარიკელოს. თუმცა, ჰილი 50-ე წრეზე გადაცემათა კოლოფის გაფუჭების გამო რბოლას გამოეთიშა, ხოლო ბრანდლს 68-ე წრეზე ძრავმა უმტყუნა. რბოლა შუმახერმა მოიგო და ჩემპიონატში თავისი ლიდერობა გაზარდა, მის უკან ბერგერი, ბარიკელო, კრისტიან ფიტიპალდი, ფრენტცენი და ერიკ კომა მოეწყვნენ.

სან-მარინოს გრან-პრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იურკი იარვილეჰტო დაბრუნდა „ბენეტონში“, ხოლო „ჯორდანში“ მეორე პილოტად ანდრეა დე ჩეზარისი მოიწვია. პარასკევს რუბენს ბარიკელომ, რომელმაც წინა ეტაპზე თავისი პირველი პოდიუმი მოიპოვა, ზედმეტად სწრაფად შეუტია „ვარიანტე ბასას“ მოსახვევს, ბოლიდზე კონტროლი დაკარგა, ბორდიურიდან აფრინდა და დაახლოებით 200 კმ/სთ სიჩქარით 1 მეტრზე ნაკლებ მანძილში მდებარე საბურავების ბარიერს დაეჯახა. ბრაზილიელმა გონება დაკარგა, თუმცა მხოლოდ ცხვირი მოიტეხა და სხვა მხვრივ სერიოზულად არ დაშავებულა.

კვალიფიკაციისას ავსტრიელი როლან რატცენბერგერის „სიმტეკს“ წინა ფრთის ნაწილი მოძვრა, რამაც ძლიერ დააზიანა ბოლიდის დაკიდების სისტემა და აეროდინამიკა. მომდევნო წრეზე მანქანას მთლიანი წინა ფრთა მოძვრა, რატცენბერგერმა ბოლიდი ვეღარ დაიმორჩილა და „ვილნევის“ მოსახვევზე 180 კმ/სთ სიჩქარით კედელს დაეჯახა. მრბოლელი ადგილზე გარდაიცვალა.

პოულის პოზიცია სენამ დაიკავა, მის შემდეგ რბოლას იწყებდნენ შუმახერი, ბერგერი, ჰილი, ლეჰტო და ლარინი. კვირის დილას მრბოლელებმა კრება მოაწყვეს, სადაც გრან-პრის მრბოლელთა ასოციაციის (გპდა) თავიდან ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. ახალი ორგანიზაციის ლიდერად აირტონ სენა დაინიშნა.

რბოლის სტარტზე ლეჰტომ თავისი „ბენეტონი“ ვერ დაძრა და მას უკნიდან პედრო ლამის „ლოტუსი“ დაეჯახა. მანქანების ნამსხვერები ტრიბუნებს მოხვდა, შედეგად დაშავდა 4 მაყურებელი და პოლიციელი. ლამი არ დაშავებულა, ხოლო ლეჰტომ ხელის მცირე ტრავმა მიიღო. ტრასაზე უსაფრთხოების ავტომობილი გამოვიდა, ამასობაში სენა ლიდერობდა, მას მისდევდნენ შუმახერი, ბერგერი, ჰილი, ფრენტცენი და ჰაკინენი.

რბოლა მეხუთე წრეზე გაგრძელდა, სენამ ტემპს მოუმატა და შუმახერის ჩამოშორება სცადა, რომელსაც თავის მხვრივ ბერგერი ჩამორჩენოდა 2.5 წამით და ჰილი 5.5 წამით. მეშვიდე წრეზე სენამ ბოლიდზე კონტროლი დაკარგა და „ტამბურელოს“ მოსახვევში ბეტონის კედელს დაეჯახა. ტელემეტრიის თანახმად ბრაზილიელი ტრასის ფარგლებს 310 კმ/სთ სიჩქარეზე გასცდა, დაჯახებამდე კი სიჩქარის 218 კმ/სთ-მდე შემცირება შეძლო. შეჯახებისას მისი „უილიამსის“ დაკიდების სისტემა დაილეწა, ხოლო წინა მარჯვენა საბურავი ჰაერში აფრინდა და სენას თავში მოხვდა. ექიმი სიდ უოტკინსი ავარიის ადგილზე ორ წუთზე ნაკლებ დროში მივიდა. სენა საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს, მაგრამ ვერ გადაარჩინეს. ავარიის შემდეგ რბოლა დაუყოვნებლივ შეწყდა.

რესტარტზე ბერგერმა შუმახერს გადაუსწრო. გერმანელის გასწრება დეიმონ ჰილმაც სცადა, თუმცა მას დაეჯახა, წინა ფრთა დაიზიანა და ბოქსებს მიაშურა. შუმახერმა მე-12 წრეზე ლიდერობა დაიბრუნა, თუმცა მაშინვე პიტ-სტოპზე გაჩერდა. მე-15 წრეზე პიტ-ლეინზე შეჩერდა გერჰარდ ბერგერიც, თუმცა ტრასაზე გამოსვლიდან მალე დაკიდების სისტემა გაუფუჭდა და რბოლას გამოეთიშა. დაახლოებით 45-დან 55-ე წრემდე დეიმონ ჰილი, უკიო კატაიამა და კრისტიან ფიტიპალდი მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილებისთვის იბრძოდნენ. იაპონელს ჯერ ფიტიპალდიმ და შემდეგ ჰილმა გაუსწრეს, თავად ჰილმა კი 49-ე წრეზე ფიტიპალდიც უკან ჩამოიტოვა, თუმცა ორი წრის შემდეგ პოზიცია დაკარგა. ფიტიპალდიმ რბოლა ვეღარ დაასრულა, რადგან 55-ე წრეზე მუხრუჭებმა უმტყუნა. დეიმონ ჰილმა მეხუთე ადგილი დაიკავა, რომელიც მალევე დაკარგა უკიო კატაიამასთან ბრძოლაში.

ამასობაში მიკელე ალბორეტოს „მინარდიმ“ პიტ-ლეინიდან გამოსვლისას უკანა მარჯვენა ბორბალი დაკარგა. ინციდენტის შედეგად ძლიერ დაშავდა „ფერარის“ რამდენიმე მექანიკოსი. ინციდენტმა ფორმულა ერთის რეგლამენტში მნიშვნელოვანი ცვლილება გამოიწვია: რბოლის დროს პიტ-ლეინზე სიჩქარის ლიმიტი 120 კმ/სთ გახდა, ხოლო პრაქტიკისა და კვალიფიკაციის დროს - 80 კმ/სთ. ამიერიდან მექანიკოსები ვალდებულნი იყვნენ, საჭიროების არყოფნის შემთხვევაში ბოქსებს გარეთ არ გამოსულიყვნენ. ორივე წესი მომდევნო ეტაპიდან, მონაკოს გრან-პრიდან ამოქმედდა და დღესაც ძალაშია.

სან-მარინოს გრან-პრი შუმახერმა მოიგო, მეორე ადგილზე გავიდა ლარინი, მესამეზე – ჰაკინენი. მას მოყვებოდნენ ვენდლინგერი, კატაიამა და ჰილი. იმ დღეს დაჯილდოების ცერემონია აღნიშვნის გარეშე ჩატარდა. რბოლის შემდეგ, აირტონ სენას კოკპიტში ავსტრიის დროშა იპოვეს, რომელიც მან სავარაუდოდ თან გაიყოლა, რათა ფინიშის შემდეგ რატცენბერგერისთვის პატივი მიეგო.

მონაკოს გრან-პრისთვის „უილიამსმა“ და „სიმტეკმა“ ტრასაზე თითო ბოლიდი გამოიყვანეს.

პირველი პრაქტიკისას კარლ ვენდლინგერი მძიმე ავარიაში მოყვა, როდესაც მაღალი სიჩქარით დაეჯახა „ნუველის“ შიკანაზე მდებარე ბარიერს. ავსტრიელი კომაში ჩავარდა და გონს 3 კვირის შემდეგ მოვიდა. „ზაუბერმა“ ეტაპიდან მისი თანაგუნდელის, ჰაინც-ჰარალდ ფრენტცენის ბოლიდიც მოხსნა. კვალიფიკაციაში თავისი პირველი პოულის პოზიცია აიღო მიხაელ შუმახერმა. მის უკან განლაგდნენ ჰაკინენი, ბერგერი, ჰილი, ახალდაბრუნებული ჟან ალეზი და კრისტიან ფიტიპალდი.

პარასკევს დილით ნიკი ლაუდამ გამოაცხადა გრან-პრის მრბოლელთა ასოციაციის აღდგენა და ამავდროულად მის სათავეში ჩადგა. ლაუდას მოადგილეები იყვნენ შუმახერი, ბერგერი და ფიტიპალდი. ორგანიზაციამ ფია-ს უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად შესაბამისი ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. ფია მალევე გამოეხმაურა მოწოდებას და რეგლამენტში ცვლილებები შეიტანა:

მომდევნო ეტაპისთვის, ესპანეთის გრან-პრისათვის გუნდებს დაევალათ:

  • უკანა დიფუზორის ზომის შემცირება,
  • წინა ფრთის ზომის შემცირება,
  • წინა ფრთის ბოლოს აწევა.

ყოველივე ეს ცვლილება მანქანების მიმჭერი ძალა დაახლოებით 15%-ით შეამცირა.

კანადის გრან-პრისათვის:

  • შეიცვალა კოკპიტის კონსტრუქცია, რათა იგი მრბოლელის თავისთვის უფრო უსაფრთხო გამხდარიყო
  • ფორმულა ერთის მანქანის მინიმალური წონა გაიზარდა 25 კგ-ით,
  • შემოიტანეს სტანდარტული ბენზინი
  • ჰაერის ფილტრის ყუთის მანქანიდან ამოღებით შეიზღუდა ძრავისთვის მიწოდებული ჰაერის ნაკადი.

რბოლამდე პილოტებმა პატივი მიაგეს სენასა და რატცენბერგერს, ხოლო სასტარტო ბადეზე ბრაზილიისა და ავსტრიის დროშებით მოხატული პირველი ორი ადგილი არავინ დაიკავა. სტარტზე ჰილმა ბერგერს გაასწრო და პირველ მოსახვევზე მიკა ჰაკინენს დაეჯახა. შედეგად, რბოლას ორივე გამოეთიშა. შუმახერმა დანარჩენი პელეტონი უკან ჩამოიტოვა, სანამ მარტინ ბრანდლი ადრინდელი პიტ-სტოპის წყალობით ალეზისა და ფიტიპალდის წინ, მესამე ადგილზე ავიდა.

39-ე წრეზე უკიო კატაიამა დროსელის პრობლემების გამო რბოლას გამოეთიშა. მისი მეექვსე ადგილი თანაგუნდელმა მარკ ბლანდელმა დაიკავა, თუმცა 2 წრის შემდეგ მას ძრავი გაუფუჭდა და პირველ მოსახვევში ზეთი დაეღვარა. შუმახერი კინაღამ კედელს დაეჯახა, თუმცა ბოლიდზე კონტროლი შეინარჩუნა, ხოლო ბერგერი ამოსრიალდა და თავისი ადგილი ბრანდლს დაუთმო. რბოლაში შუმახერმა გაიმარჯვა, მის უკან მოდიოდნენ ბრანდლი, ბერგერი, დე ჩეზარისი, ალეზი და მიკელე ალბორეტო.

ესპანეთის გრან-პრიმდე გუნდებმა სილვერსტოუნის წრეზე ტესტები ჩაატარეს, რომელზეც მძიმე ავარიაში მოყვა პედრო ლამი. პორტუგალიელმა მაჯა მოიტეხა და ფეხის ტრავმაც მიიღო, რის გამოც დანარჩენი სეზონის გამოტოვება მოუწია. „ლოტუსში“ მისი ადგილი ალესანდრო ძანარდიმ დაიკავა. 3 ეტაპიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ „ჯორდანში“ დაბრუნდა ედი ირვაინი. „უილიამსში“ მეორე ბოლიდი ტესტ-პილოტ დევიდ კულტჰარდს ერგო, „სიმტეკში“ – ანდრეა მონტერმინის, ხოლო „ზაუბერმა“ ტრასაზე მხოლოდ ფრენტცენის მანქანა გამოყვანა. უსაფრთხოების მიზნით, ტრასის „ნისანის“ მოსახვევში დაიდგა საბურავებისგან აგებული დროებითი შიკანა.

შაბათს, მონტერმინი ბოლო მოსახვევიდან გამოსვლისას მაღალ სიჩქარეზე ბარიერს დაეჯახა და კოჭი მოიტეხა. პოულიდან რბოლას კვლავ შუმახერი იწყებდა ჰილის, ჰაკინენის, ლეჰტოს, ბარიკელოსა და ჟან ალეზის წინ. სტარტზე მიხაელმა ლიდერობა შეინარჩუნა, სანამ ალეზიმ ბარიკელოსა და ლეჰტოს გაუსწრო. შუმახერი წინ გაიჭრა, სანამ მისი გადაცემათა კოლოფი მეხუთე გადაცემაზე არ გაეჭედა. გერმანელმა ტემპი დაკარგა და წინ ჰაკინენი და ჰილი გაუშვა. მიუხედავად ამისა, მან ადაპტირება შეძლო, მართვის სტილი შეცვალა და რბოლის გაგრძელება შეძლო. ლიდერმა ჰაკინენმა 3 გაჩერებიანი ტაქტიკა შეარჩია, ამიტომაც ლიდერობა დეიმონ ჰილს დაუთმო, რომელიც ბოქსებში მხოლოდ 2-ჯერ მივიდა. მესამე გაჩერების შემდეგ ფინელი შუმახერს მიუახლოვდა, თუმცა 49-ე წრეზე ძრავის გაუმართაობის გამო რბოლა გამოეთიშა. 5 წრის შემდეგ იგივე ბედი ეწია ჰაკინენის უკან მიმავალ ლეჰტოს, ხოლო ფინიშამდე 6 წრით ადრე მარტინ ბრანდლის „მაკლარენს“ ტრანსმისია გაუფუჭდა და ბრიტანელი რბოლას გამოეთიშა. დეიმონ ჰილმა პირველი და მისი გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, მეორე ადგილზე შუმახერი გავიდა, ხოლო მათ შემდეგ მოდიოდნენ ბლანდელი, ალეზი, პიერლუიჯი მარტინი და ირვაინი.

კვალიფიკაციაში ყველას შუმახერმა აჯობა, მას მოსდევდნენ ალეზი, ბერგერი, ჰილი, კულტჰარდი და ბარიკელო. სტარტზე ბარიკელოს ჰაკინენმა გაასწრო, ჰილმა კულტჰარდის გასწრება სცადა, თუმცა ეს მხოლოდ მეოთხე წრეზე შეძლო, თანაც მაშინვე დაკარგა პოზიცია. საბოლოოდ, მეცხრე წრეზე კულტჰარდს თანაგუნდელის წინ გაშვება უბრძანეს, ჰილმა კი ბერგერისკენ აიღო გაზი და მას მე-15 წრეზე გაასწრო.

პიტ-სტოპების სერიის შემდეგ ჰილმა ალეზის გაუსწრო, ხოლო ჰაკინენმა – დევიდ კულტჰარდს. ფინელი ბერგერს მიუახლოვდა, მაგრამ ვერ გაასწრო და 62-ე წრეზე ძრავი გაუფუჭდა, რის გამოც რბოლას გამოეთიშა. ბოლო წრეზე ბარიკელო და მარკ ბლანდელი მეექვსე ადგილისთვის ბრძოლისას ერთმანეთს დაეჯახნენ, შედეგად ბლანდელი ხრეშზე გაირიყა, ხოლო ბარიკელომ წინ ფიტიპალდი და ლეჰტო გაუშვა. რბოლა შუმახერმა მოიგო ჰილის, ალეზის, ბერგერის, კულტჰარდისა და ფიტიპალდის წინ, თუმცა ბრაზილიელმა დისკვალიფიკაცია მიიღო, რადგანაც მისი მანქანის წონა მინიმალურზე ნაკლები აღმოჩნდა, ამიტომაც მეექვსე ადგილი ლეჰტოს ერგო.

საფრანგეთის გრან-პრი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მანი-კურის ტრასაზე ჩატარებული ეტაპისთვის „უილიამსმა“ ჩამოიყვანა ფორმულა ერთის 1992 წლის ჩემპიონი, 40 წლის ნაიჯელ მენსელი, რომელიც მაშინ ამერიკულ CART სერიაში ასპარეზობდა, „ბენეტონში“ ლეჰტო არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო კვლავ იოს ვერსტაპენით შეცვალეს, ხოლო „სიმტეკში“ ტრავმირებული ანდრეა მონტერმინი ფრანგმა მრბოლელმა, ჟან-მარკ გუნონმა ჩაანაცვლა. სასტარტო ბადეზე პირველი რიგი „უილიამსის“ პილოტებმა დაიკავეს, მათ უკან განლაგდნენ შუმახერი, ალეზი, ბერგერი და ირვაინი. სტარტზე შუმახერმა უკან ჩამოიტოვა ორივე „უილიამსი“, ხოლო ირვაინმა წინ გაუშვა რუბენს ბარიკელო.

პიტ-სტოპების პირველი სერიის შემდეგ, მენსელს ჯერ ალეზიმ, ხოლო შემდეგ, 24-ე წრეზე, ბერგერმაც გაუსწრო, თუმცა მალე ალეზიმ კვლავ ბოქსებს მიაშურა და 42-ე წრეზე ამოსრიალდა. ტრასაზე დაბრუნების მცდელობისას მას რუბენს ბარიკელო დაეჯახა და რბოლას ორივე გამოეთიშა.

მენსელი თავდაპირველად მხოლოდ ორჯერ აპირებდა გაჩერებას, თუმცა მესამე გაჩერებაზე გაყვა გერჰარდ ბერგერს და რბოლას 46-ე წრეზე გამოეთიშა ტრანსმისიის გაუმართაობის გამო. მეოთხე ადგილზე მიმავალ ჰაკინენს ძრავი აუფეთქდა და რბოლა ვერც მან დაამთავრა. საფრანგეთში შუმახერმა გაიმარჯვა, მას მოჰყვებოდნენ ჰილი, ბერგერი, ფრენტცენი, მარტინი და დე ჩეზარისი.

  1. მოქმედი ჩემპიონი ალენ პროსტის სპორტიდან წასვლის გამო პელეტონში ნომერი 1 არავის მიენიჭა; დეიმონ ჰილი ნომერ 0-ით ასპარეზობდა.
  2. თავდაპირველად ფრენტცენი მონაკოს გრან-პრიზე მონაწილეობდა მაგრამ პრაქტიკის შემდეგ, როცა მისი თანაგუნდელი, კარლ ვენდლინგერი ავარიაში მოჰყვა, იგი გრან-პრიდან მოიხსნა.
  3. ევროპის გრან-პრი თავდაპირველად 17 აპრილს, დონინგტონის წრეზე უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ იგი გაუქმდა. საბოლოოდ გრან-პრი 1994 წლის კალენდარზე დაბრუნდა და არგენტინის_გრან-პრი ჩაანაცვლა, რომელიც მომდევნო წელს ჩატარდა.
  1. 6th Gear - Years in Gear - European & World Champions. ციტირების თარიღი: 2023-07-06
  2. The diary of disaster. Motor Sport (December 2004). ციტირების თარიღი: 12 August 2020
  3. The diary of disaster. Motor Sport (December 2004). ციტირების თარიღი: 12 August 2020
  4. „Una Ferrari senza Alesi“. Repubblica.it. April 1994. p. 28. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 June 2015. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  5. Alsop, Derick (7 April 1994). „Motor Racing: Irvine's ban increased: FIA rejects appeal“. The Independent. ციტირების თარიღი: 5 October 2014.
  6. Motorsport Information for April 1994. GEL Motorsport (April 1994). ციტირების თარიღი: 5 October 2014
  7. Derick Allsop. (1994-05-25) Motor Racing: Lamy in 'horrifying' crash at Silverstone: Lotus driver breaks kneecaps and thigh as car disintegrates following 150mph smash during testing for Spanish Grand Prix — Sport. The Independent. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 May 2022. ციტირების თარიღი: 2014-02-04
  8. FIA Formula 1 World Championship – 1995 Season Review. [VHS]. Duke Video. 11 December 1995. Event occurs at 13:00–14:00. EAN-13 5 017559 034955. https://www.amazon.co.uk/Formula-Grand-Prix-Review-1995/dp/B00004CRI7.
  9. F1 Calendar - 1994. ESPN (1994).
  10. David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
  11. David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
  12. David Hayhoe, Formula 1: The Knowledge – 2nd Edition, 2021, page 36.
  13. Safety Improvements in F1 since 1963. atlasf1.com. ციტირების თარიღი: 25 January 2024
  14. F1 rules and stats 1990-1999 (January 2009). ციტირების თარიღი: 3 February 2024
  15. Safety Improvements in F1 since 1963. atlasf1.com. ციტირების თარიღი: 25 January 2024
  16. Tanaka, Hiromasa. Transition of Regulation and Technology in Formula One. Honda R&D Technical Review 2009 - F1 Special (The Third Era Activities), 2009, p. 8.