ფაბულა
ფაბულა (ლათ. fabula — „იგავი“, „ამბავი თქმულება“, „ზღაპარი“) — ნაწარმოებში მოთხრობილი ამბის სქემატური, მოკლე შინაარსი, ძირითადი ქარგა. იგი ემყარება ამბის შინაგან, ლოგიკურ თანამიმდევრობას და სიუჟეტის აგების უშუალო საფუძველს წარმოადგენს. სქემატურობის გამო ფაბულა მოკლებულია იდეურ-მხატვრულ განზოგადებას, ჯერ კიდევ არ წარმოადგენს ესთეტიკურ ფენომენს. ასეთად იგი იქცევა სიუჟეტის როგორც „ამბავთა სისტემის“ სფეროში, სადაც უკვე იკვეთება „წინააღმდეგობები, სიმპათიები და, საერთოდ, ადამიანთა ურთიერთობები, ამა თუ იმ ტიპის, ხასიათის ზრდისა და ჩამოყალიბების ისტორია“ (მ. გორკი). ფაბულა ეპიკური, დრამატული და ლირიკულ-ეპიკური ჟანრებისთვისაა დამახასიათებელი. ფაბულას თვითონ მწერალი ქმნის ან მზამზარეულად იღებს ლეგენდებიდან, გადმოცემებიდან, ისტორიული ფაქტებიდან და ა. შ. მაგალითად გაზეთ „ივერიაში” განთავსებული ქრონიკა იმის შესახებ, რომ მატარებელმა იმსხვერპლა ადამიანი, არის ე. ნინოშვილის მოთხრობის „განკარგულების” ფაბულა.
ფაბულაში მთავარი ყურადღება ექცევა არაკს, ამბავს, ე.ი. იმას, თუ რა არის მოთხრობილი, სიუჟეტში კი როგორ არის მოთხრობილი. მხატვრული ნაწარმოების სიუჟეტი გამოხატავს ადამიანთა ურთიერთობას, რომელსაც ავტორი გვიჩვენებს განსაზღვრულ მოვლენათა ჯაჭვის საშუალებით. მწერლის მიერ გათვალისწინებული ლიტერატურული ნაწარმოები მხოლოდ ფაბულაში მოცემული მასალის შესაფერისად დალაგება–დაკავშირებისა და მოვლენის დეტალურად გადმოცემის შემდეგ იქცევა მხატვრულ ნაწარმოებად.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლომიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 206.
- Ansen Dibell, Ph.D. (1999-07-15). Plot, Elements of Fiction Writing. Writer's Digest Books, გვ. 5 f.. ISBN 978-0-89879-946-0.