ტომსკის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტომსკის სინაგოგა (რუს. Томская синагога) — სინაგოგა ქალაქ ტომსკში. მდებარეობს ქალაქის ლენინის რაიონში, როზა ლუქსემბურგის ქუჩაზე № 38-ში. არის ციმბირში ყველაზე ძველი სინაგოგა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტომსკის სინაგოგის ისტორია იწყება 1850 წლიდან, როდესაც ააშენეს მისი პირველი ხის შენობა. იგი მოქმედებდა ნახევარი საუკუნე და მის ადგილზე 1902 წელს ვაჭარი ებრაელების და მრევლის ფინანსებით ააგეს ორსართულიანი აგურის სინაგოგა. სინაგოგა საზეიმოდ გაიხსნა 1902 წლის 15 სექტემბერს. სინაგოგის რაბინები იყვნენ ბერ ლევინი (1902–1907 წწ.), ბორუხ ბერი (1907–1915 წწ.), მეერ ბენ შლომო პევზნერი (1915–1929 წწ.).

1929 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ სინაგოგა დახურა და 1999 წლამდე გადადიოდა ერთი სახელმწიფო ორგანიზაციის ხელიდან მეორის ხელში. მის შენობაში სხვადასხვა დროს განთავსებული იყო კინოთეატრი, ბელოცერკოვის სამხედრო სასწავლებელი, ტომსკის საოლქო სასამართლო. 1999 წელს შენობა, რომელიც უკანასკნელი 70 წლის განმავლობაში არც ერთხელ არ გარემონტებულა, დაუბრუნდა ებრაულ საზოგადოებას 49 წელი უსასყიდლოდ გამოყენებისათვის.

2002 წლის დეკემბრისათვის შენობა გაამაგრეს, ხოლო 2010 წლის დეკემბრისათვის დასრულდა სინაგოგის სარესტავრაციო სამუშაოები. 2010 წლის 8 დეკემბერს სინაგოგა კვლავ გახსნეს. გახსნის ცერემონია დაიწყო ტრადიციული სანთლების ანთებით. შემდეგ ებრაული ტრადიციის მიხედვით სინაგოგაში შეიტანეს გრაგნილი თორა, რომელიც ცერემონიის დაწყებამდე ხელით დაწერეს. საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო რუსეთის მთავარმა რაბინმა ბერლ ლაზარმა, დსთ-ის ებრაელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევ ლევაევმა, ტომსკის ოლქის მთავარმა რაბინმა ლევი კამინეცკიმ, ტომსკის მერმა ნიკოლოზ ნიკოლაიჩუკმა.

ცერემონიალის დასრულების შემდეგ სინაგოგის ეზოში საფუძველი ჩაუყარეს ებრაული საბავშვო ბაღისა და სკოლის მშენებლობას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Синагога // Томск от А до Я: Краткая энциклопедия города. / Под ред. д-ра ист. наук Н. М. Дмитриенко. — 1-е изд. — Томск: Изд-во НТЛ, 2004. — С. 319-320. — 440 с. — 3 000 экз. — ISBN 5-89503-211-7.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]