ტომას სტაფორდი
ტომას სტაფორდი (ინგლ. Thomas P. Stafford) (დ. 17 სექტემბერი, 1930, უეტერფორდი, ოკლაჰომა, აშშ, — გ. 18 მარტი, 2024, სატელაიტ-ბიჩი, ფლორიდა, აშშ) — ამერიკელი ასტრონავტი, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალ-ლეიტენანტი (1978).
დაამთავრა აშშ-ის საზღვაო აკადემია (1952). მსახურობდა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებში მფრინავ-გამომცდელად. 1962 წლიდან იყო აერონავტიკის და კოსმოსური კვლევების ეროვნული სამმართველოს (NASA) ასტრონავტი. მონაწილეობდა „ჯემინი 6A“ (1965) და „ჯემინი 9A“ (1966) მისიებში. 1969 წელს მეთაურობდა „აპოლო 10-ს“, მთვარის ორბიტაზე გაშვებულ მეორე პილოტირებულ მისიას, რომლის ფარგლებშიც ხომალდს გამოეყო მთვარის კაბინა და სტაფორდი და ასტრონავტი იუჯინ სერნანი 15 კმ-ით დაუახლოვდნენ მთვარის ზედაპირს.
1972 წელს სტაფორდმა მიიღო ბრიგადის გენერლის წოდება. 1975 წლის ივლისში ის მეთაურობდა აშშ-ისა და საბჭოთა კავშირის პირველი ერთობლივი კოსმოსური მისიის — „აპოლო-სოიუზის სატესტო პროექტის“ (ASTP) ამერიკულ ხომალდს (ასტრონავტები ტომას სტაფორდი, ვინს ბრანდი და დონალდ სლეიტონი), რომელიც წარმატებით შეუპირაპირდა ორბიტაზე მყოფ საბჭოთა „სოიუზ 19-ს“. 1979 წელს სტაფორდი თადარიგში გავიდა გენერალ-ლეიტენანტის წოდებით. შემდგომში NASA-ის მრჩევლად მუშაობდა. გამოქვეყნებული აქვს ავტობიოგრაფიული შინაარსის „არის გადაბმა! — ტომ სტაფორდი და კოსმოსური რბოლა“ (მაიკლ კასუტთან ერთად, 2002).
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Stafford, Thomas; Cassutt, Michael (2002). We Have Capture. Washington, DC: Smithsonian Institution Press. ISBN 978-1-58834-070-2.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტომას სტაფორდი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)
- ტომას სტაფორდი — ბიოგრაფია NASA-ის ვებ-გვერდიდან (ინგლისური)