სტირლინგის ძრავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სტერლინგის β-ტიპის კონფიგურაციის კლასიკური ძრავის ანიმაცია, რომელშიც სამუშაო და გამოსაძევებელის დგუშები აწყობილია ერთ ცილინდრში

სტირლინგის ძრავა, გარეწვის ძრავაგარეწვის ძრავის ნაირსახეობა, რომელშიც ნივთიერების (სითხის ან აირის) ციკლური გათბობითა და გაგრილებით მიიღება წნევის პერიოდული ცვლილება, რაც შედეგად იძლევა სასარგებლო მექანიკურ მუშაობას.

რობერტ სტირლინგი

სახელწოდება „სტირლინგის ძრავა“ მომდინარეობს ინგლისელი გამომგონებლის რ. სტერლინგის სახელიდან. თავდაპირველად სტირლინგის ძრავა იყო ვეებერთელა და მძიმე, რის გამოც მისი გამოყენება შეუძლებელი იყო. თანამედროვე სტირლინგის ძრავა მუშაობს შეკრული რეგენერაციული — სტირლინგის ციკლით.

სტირლინგის ძრავის მუშა სხეული — ჰელიუმი ან წყალბადი [წნევა 10-14 მეგპა (100-140 კგძ/სმ²)] — დახშულ სივრცეშია და მუშაობის პროცესში არ შეიცვლება, იცვლის მხოლოდ მოცულობას და გათბობისა და გაგრილებისას. რეგენერატორი ჰყოფს ამ სივრცეს ზედა (ცხელ) და ქვედა (ცივ) ზღუდედ. ზედა სიღრუეს სითბო მიეწოდება გამხურებლისაგან, ქვედა სიღრუიდან კი სითბოს არინება ხდება საცივარით, რომელშიც ცირკულირებს წყალი. სტირლინგის ძრავის ცილინდრში 2 დგუშია — სამუშაო და გამოსაძევებელი. ცხელი და ცივი სიღრუეებიერთმანეთს უერთდება არხებით, რომლებიც გადის გამხურებელზე, რეგენერატორსა და საცივარზე. სტირლინგის ძრავის სამუშაო ციკლი სრულდება 4 ტაქტად. თეორიულად სტირლინგის ძრავის მქკ სითბოს რეგენერაციის შედეგად შეიძლება გაუტოლდეს კარნოს ციკლით მომუშავე შიგაწვის ძრავის მქკ-ს, სინამდვილეში იგი მხოლოდ უახლოვდება დიზელის მქკ-ს. დგუშების უკუქცევით-წინსვლითი მოძრაობის გარდაქმნა ბრუნვითს მოძრაობად ხორციელდება რომბული მექანიზმით. დამუშავებულია მრავალცილინდრიანი მწკრივული ანუ V-ებრი ორმაგი მოქმედების სტირლინგის ძრავა, რომლის ყოველ ცილინდრში მხოლოდ 1 დგუშია (იგი უზრუნველყოფს მუშა სხეულის შეკუმშვას, გაფართოებას და გამოძევებას). სამშაო პროცესი სრულდება ერთდროულად დგუშის ორივე მხარეს მდებარე სიღრუეში. სტირლინგის ძრავაში საწვავი იწვის ფრქვევანებში (სანთურებში), რომელთა ალი მიმართულია გამხურებლის მილებისაკენ.

სტირლინგის ძრავა მუშაობს ნებისმიერი საწვავით და უხმაუროდ. იგი ძალზედ საიმედო და ეკონომიურია. მის ნაკლს წარმოადგენს მასა და გაბარიტები. რთულია სწრაფმავლობის გაზრდა, მართვა და რეგულირება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]