სკოლა და ცხოვრება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

„სკოლა და ცხოვრება“საქართველოს სსრ განათლების სამინისტროს ყოველთვიური სამეცნიერო-პედაგოგიური ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1924 წლიდან სახელწოდებებით:„ახალ სკოლისაკენ“, 1930 წლიდან — „კულტურული აღმშენებლობა“, 1932-იდან —„კომუნისტური აღზრდისათვის“; დიდი სამამულო ომის წლებში (1941–1945) ჟურნალის გამოცემა შეწყდა, განახლდა 1953 წლის ივნისიდან, ხოლო 1960 წელს ეწოდა „სკოლა და ცხოვრება“. ჟურნალი აშუქებდა კომუნისტური აღზრდის, სწავლებისა და განათლების თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებს. ჟურნალის პირველი რედაქტორი იყო მ. ორახელაშვილი (1924–1930), 1930 წლიდან — საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისრები, 1953 წლიდან სხვადასხვა დროს — გ. ნიორაძე, ვ. მგალობლიშვილი, პ.შამათავა, გ. საჯაია, ა. გოგელია, 1984 წლიდან — ა. ძერია. ჟურნალს ჰქონდა 8 ყოველკვარტალური დამატება (სამეცნიერო-მეთოდური ჟურნალები):„ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში“ (რედაქტორი თ. კვაჭანტირაძე), „რუსული ენა და ლიტერატურა ქართულ სკოლაში“ (რედ. ა. ლორთქიფანიძე), „ფიზიკა-მათემატიკა სკოლაში“ (რედ. ო. ხაზარაძე), „ქიმია, ბიოლოგია სკოლაში“ (რედ. მ. ღარიბაშვილი), „ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში“ (რედ. ს. გამსახურდია), „დაწყებითი სკოლა, სკოლამდელი აღზრდა“ (რედაქტორი შ. ამონაშვილი), „უცხო ენები სკოლაში“ (რედ. შ. შათირიშვილი), „მართვე“ (მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდა) (რედ. ნ. გუგუშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]