სიმონ შავგულიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კაპიტანი ს. შავგულიძე

სიმონ იობის ძე შავგულიძე (დ. 29 მარტი, 1894, ქუთაისი, — გ. 1 აპრილი [ახ. სტ. 14 აპრილი], 1918, ბათუმის ახლოს) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, კაპიტანი, ოსმალეთთან 1918 წლის ომის გმირი.

დაიბადა სასულიერო პირის ოჯახში. სწავლობდა თბილისის და ტავრიდის სასულიერო სემინარიაში (დაამთავრა 1914). კიევის სამხედრო სასწავლებელში პრაპორშიკთა კურსის გავლის შემდეგ მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918) მოდლინის 57-ე ქვეითო პოლკის მეტყვიამფრქვევეთა გუნდის შემადგენლობაში. იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრძოლებში სოფ. კნერუტთან (24 მაისი, 1916) და კორიტნიცასთან (5 ივნისი, 1916), რისთვისაც მიიღო გიორგის ოქროს იარაღი „მამაცობისთვის“ და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (ორივე, 1916). ასევე დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III და II, წმ. ანას IV და III ორდენებით.

1917 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება. იმავე წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და მონაწილეობდა მიიღო დეკემბერში ქუთაისში ანარქიის ჩახშობაში. შემდეგ მსახურობდა ბათუმში. ოსმალეთის არმიის ბათუმზე შეტევის დროს დაინიშნა მიხეილის ციხესიმაგრის ერთ-ერთი საკვანძო გამაგრებული პუნქტის — ანარიის ფორტის კომენდანტად. მიუხედავად ბათუმის თითქმის უბრძოლველად ჩაბარებისა, შავგულიძემ და მისმა რამდენიმე ათეულმა თანამებრძოლმა 1918 წლის 31 მარტის/1 აპრილის ღამეს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ოსმალეთის ჯარებს. ბრძოლაში დაიღუპნენ შტაბს-კაპიტანი შავგულიძე, შტაბს-კაპიტანი ზაქარია დოლიძე, პორუჩიკი აბესალომ ხარაიძე, პრაპორშჩიკი დავით ვანიძე და 50-მდე რიგითი. სიკვდილის შემდეგ (1918 წლის ნოემბერი) მიენიჭა კაპიტნის წოდება. 1918 წლის მაისში შავგულიძის ნეშტი მისმა ძმამ (იურისტ შალვა შავგულიძის პაპა) ბათუმიდან ქუთაისში გადაასვენა. ის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში (დღევანდელი ქუთაისის მერიის შენობის მიმდებარედ) დაკრძალეს. 1944-1946 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დაანგრია და საფლავი დაიკარგა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბათომის გმირები // თეატრი და ცხოვრება. - 1918. - №8. - გვ.5-6;
  • კაპიტანი სიმონ შავგულიძე // მხედარი. - 1920. - №14. - გვ.8-9;
  • ბრძანება №188 // რესპუბლიკის ჯარი. - 1918. - №5. - გვ.3.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]