სილამაზის სტანდარტები სამხრეთ კორეაში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სილამაზის სტანდარტები სამხრეთ კორეაში — გარეგნული თვისებები, რომლებიც სამხრეთ კორეაში იდეალურად არის მიჩნეული. ასეთ თვისებებში შედის სიგამხდრე, მკრთალი ფერის კანი, დიდი თვალები, პატარა სახე. მათ ჩამოყალიბებაზე უმეტესად იმოქმედა მედიამ, ცნობილი პირების, მათ შორის კორეელი პოპ-ვარსკლავების გარეგნობამ [1]. ითვლება კორეული კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად, რომელიც ბოლო ათწლეულებში გლობალურად გახდა ცნობილი.

კულტურული ეფექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთი კორეა პლასტიკური ოპერაციების რაოდენობით მსოფლიო ქვეყნების შორის პირველ ათეულში შედის. 2015 წლის გამოკითხვის შედეგად 19-იდან 29 წლამდე ქალებიდან რაიმე პლასტიკური ოპერაცია მესამედს აქვს გაკეთებული - ეს მაჩვენებელი საგრძნობლად უფრო მაღალია, ვიდრე ქვეყნების უმეტესობაში [2]. 2009 წლის კვლევამ დაადგინა, რომ კორეელ ქალებს უფრო ხშირად აქვთ დაბალი თვითშეფასება და ცუდი დამოკიდებულა საკუთარი სხეულის მიმართ ვიდრე ამერიკელ ქალებს [3]. მოდელები, მომღერლები, მსახიობები და გართობის ინდუსტრიაში მომუშავე სხვა პირები ხშირად იცავენ დამასუსტებელ მკაცრ დიეტებს სიგამხდრის შესანარჩუნებლად და ხანდახან ინდუსტრია მათგან აუცილებელი პლასტიკური ოპერაციის გაკეთებას მოითხოვს - ამას დიდი გავლენა აქვს კორეელ ახალგაზრდობაზე, განსაკუთრებით გოგონებზე.

სილამაზის სტანდარტები შრომის ბაზარზეც იგრძნობა - სამუშაოზე მისაღებად კომპანიები ითხოვენ ფოტოს, სიმაღლეს და ხანდახან მონაცემებს ოჯახზე. ბაზარზე დიდი კონკურენციაა და სტანდარტების შესაბამისი გარეგნობის კადრს დასაქმების მეტი შანსი აქვს ვიდრე იმავე კვალიფიკაციის მქონე სხვა კადრებს, ამიტომ ზოგი კორეელი პლასტიკურ ოპერაციას მიიჩნევს ინვესტიციად თავის მომავალში და ფინანსურ კეთილდღეობაში [4].

პლასტიკური ქირურგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხრეთ კორეაში პლასტიკური ოპერაციები ფართოდ გავრცელებული და მიღებულია, განსაკუთრებით ახალგაზრდების შორის. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პროცედურა ორივე სქესის წარმომადგენელთა შორის ორმაგი ქვედა ქუთუთოს გაკეთებაა, რაც სახეს უფრო ახალგაზრდულ იერს აძლევს. პოპულარულია ასევე თვალების ვიზუალური გადიდება და სახის კონტურის ცვლილება სახის ოვალური ფორმის მისაღებად - გართობის ინდუსტრიაში (მუსიკა, კინემატოგრაფი) ეს ოპერაცია ხანდახან აუცილებელია. სამხრეთი კორეა პლასტიკური ქირურგიის ერთ-ერთ მსოფლიო ლიდერად ითვლება და ბოლო წლებში გაიზარდა ოპერაციის გასაკეთებლად ან ოპერაციის შესახებ კონსულტაციის მისაღებად ჩამოსული უცხოელების რაოდენობა.პლასტიკური ქირურგიის გავრცელების ასეთი ფართო გავრცელება სილამაზის სტანდარტების საკმაოსიმკაცრეზე მეტყველებს

სტანდარტები მამაკაცებისთვის[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დასავლეთთან შედარებით, სამხრეთ კორეაში სილამაზის სტანდარტები მამაკაცებისთვის სრულიად განსხვავებული და ისეთივე მაღალია, როგორც ქალებისთვის. მაკიაჟი და კოსმეტიკა არ ითვლება მხოლოდ მდედრობითი სქესის დამახასიათებელ პროდუქტად - კოსმეტიკური პროდუქტები მამაკაცებისთვის ინდუსტრიის დიდი ნაწილია. კაცისთვის ნორმალურია იზრუნოს კანზე და ვარცხნილობაზე, შეიღებოს თმა და იხმაროს კოსმეტიკა. სიგამხდრე უფრო მიმზიდველად ითვლება, ვიდრე სპორტული აღნაგობა. კორეის კულტურის გავრცელების შედეგად ნაწილობრივ შეიცვალა სტანდარტები მამაკაცებისთვის მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით მდედრობითი სქესის ახალგაზრდებში. არ არის იშვიათი პლასტიკური ოპერაციებიც - უმეტესად უფრო მაღალი ცხვირი და გამხდარი სახის ნაკვთების მისაღებად. კორეელი მამაკაცები მსოფლიოში ყველაზე დიდ თანხებს ხარჯავენ გარეგნობაზე. ბოლო წლებში სამხრეთმა კორეამ მამაკაცების მოდელური ინდუსტრიის და სილამაზის ერთ-ერთი ცენტრის სახელი მოიპოვა.

მოძრაობა #FreeTheCorset[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო წლებში სოციალურ ქსელებში გავრცელდა მოძრაობა #FreeTheCorset, რომლის ფარგლებში კორეელი ქალები უარს ამბობენ სამხრეთი კორეის მედიის მიერ შექმნილ სილამაზის არარეალისტურ სტანდარტებზე [5]. ზოგმა მოძრაობის ფარგლებში მოიჭრა თმა და გაანადგურა კოსმეტიკა. მოძრაობას დიდი მხარდაჭერა აქვს დასავლეთის ქვეყნებში.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://web.archive.org/web/20170807054032/https://www.isaps.org/Media/Default/global-statistics/2016%20ISAPS%20Results.pdf
  2. http://seoulbeats.com/2015/03/unrealistic-beauty-standards-koreas-cosmetic-obsession/
  3. https://www.scmp.com/news/asia/east-asia/article/2185037/meet-south-korean-women-rejecting-their-countrys-intense-beauty
  4. https://www.irishtimes.com/life-and-style/abroad/generation-emigration/stress-dominates-every-aspect-of-life-in-south-korea-1.2837362
  5. https://myseoulsecret.com/why-is-plastic-surgery-popular-korea/