საუფროსო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

საუფროსო (იგივე საუხუცესო) — ოჯახის გაყრისას უფროსი ძმის განსაკუთრებული წილი სამკვიდრო ქონებაში. ქართულ საკანონმდებლო ძეგლებში საუფროსოს გვერდით იხსენიება აგრეთვე საუმცროსო და საშუალო. საუფროსო ცნობილი ყოფილა საქართველოში უკვე VIII—IX საუკუნეებში. საეკლესიო მოძღვრების თანახმად, შვილებს თანაბარი სამემკვიდრო უფლება ჰქონდათ, მაგრამ ქართულმა ფეოდალურმა სამართალმა ეს დებულება არ გაიზიარა და XIX საუკუნის I ნახევრამდე საუფროსოს ინსტიტუტი გარკვევით ჩანს იურიდიულ დოკუმენტებში. გიორგი მერჩულეს თხზულებიდან ირკვევა, რომ საუფროსოს გარდა სხვა ქონება ძმებს შორის წილის ყრით თანაბრად ნაწილდებოდა. საუფროსო განსაკუთრებით გავრცელებული იყო თავად-აზნაურთა შორის. სწორედ ამ წრისათვის განსაზღვრავს საუფროსოს აღების წესს „სამართალი ბატონისშვილის ვახტანგისა“ (მ. 100). დავით X-ის განჩინება ბარათაშვილების გაყრის საქმეზე (1523) აწესებდა, რომ ზვრებისა და ხოდაბუნების გაყოფის დროს უფროს ძმას საუფროსოს „ათისაგან ერთი“ ერგებოდა. ამავე პრინციპით იყოფოდა აგრეთვე „სახლის ჭურჭელი“ (თასები, ჭიქები, „ჩინურები“, ქვაბები და სხვა).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]