შინაარსზე გადასვლა

სამხედრო ბლოკადა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტულონის ბლოკადა ბრიტანული ფლოტის მიერ (1810–1814

სამხედრო ბლოკადასაომარი მოქმედების განსაკუთრებული ფორმა, რომლის მიზანია მოწინააღმდეგის ობიექტის იზოლირება და კომუნიკაციის ყველა საშუალებისაგან მოწყვეტა. სამხედრო ბლოკადის ობიექტი შეიძლება იყოს ცალკეული სახელმწიფო, მისი შეიარაღებული ძალები, ჯარის მსხვილი დაჯგუფებები საომარი მოქმედების რაიონში, სტრატეგიული და ოპერატიული მნიშვნელობის პუნქტები სამხედრო გარნიზონებთან ერთად, კუნძულები, სრუტეები, ყურეები, სამხედრო-საზღვაო ბაზები, ნავსადგურები, გამაგრებული რაიონები და ქალაქები. სამხედრო ბლოკადა მთლიანად ან მაქსიმალურად უსპობს მოწინააღმდეგეს მაშველი ძალების, სამხედრო ტექნიკისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საშუალებათა მიზიდვის (მიღების), ძვირფასეულობათა ევაკუაციის საშუალებას და ამას ბლოკირებული ობიექტის სწრაფი განადგურება ან კაპიტულაცია მოსდევს.

ისტორიაში სამხედრო ბლოკადის მრავალი მაგალითია ცნობილი. მაგ., ნაპოლეონის კონტინენტური ბლოკადა ინგლისის წინააღმდეგ; გერმანიის მიერ დიდი ბრიტანეთის საზღვაო ბლოკადა ანდა გერმანიის სამხედრო ბლოკადა მის მოწინააღმდეგეთა მიერ პირველ მსოფლიო ომში.

იმისდა მიხედვით, თუ რა ძალები მონაწილეობს სამხედრო ბლოკადაში, იგი შეიძლება იყოს სახმელეთო, საჰაერო, საზღვაო ან შერეული სახისა. მეორე მსოფლიო ომის დროს სამხედრო ბლოკადა, როგორც წესი, შერეული სახისა იყო. დასახული ამოცანებისა და მოქმედების მასშტაბების მიხედვით არსებობს სტრატეგიული, ოპერატიული ან ტაქტიკური სამხედრო ბლოკადა; სახმელეთო სამხედრო ბლოკადას ახორციელებენ სახმელეთო გარები საჰაერო ძალებსა და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ჯარებთან თანამოქმედებით. საჰაერო სამხედრო ბლოკადა სახმელეთო და საზღვაო ბლოკადების ნაწილია და საჰაერო იმ შემთხვევაში ეწოდება, თუ გადამწყვეტი როლი ავიაციას ეკუთვნის.