სამირა მახმალბაფი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სამირა მახმალბაფი (სპარს: سمیرا مخملباف‎, 15 თებერვალი, 1980) საერთაშორისოდ აღიარებული ირანელი რეჟისორი და სცენარისტი. რეჟისორის, მოხსენ მახმალბაფის, ქალიშვილი.[1] ირანული ახალი ტალღის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წარმომადგენელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამირა მახმალბაფი
ირანელი რეჟისორი
ინფორმაცია
დაბადება 15 თებერვალი, 1980 (31 წლის)
ჯილდოები

საყოველთაო ჟიურის პრიზი კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზი

სუთერლანდის პრიზი

სამირა მახმალბაფი დაიბადა 1980 წლის 15 თებერვალს თეირანში, ირანში, მოხსენ მახმალბაფის ოჯახში. ბავშვობისას ხშირად დაყვებოდა მამამისს გადასაღებ მოედანზე და აკვირდებოდა გადაღებებს და მუშაობის პროცესს. თავის ოფიციალურ ბიოგრაფიაში მახმალბაფმა აღნიშნა, რომ კინოსადმი სიყვარული პირველად მაშინ გაუჩნდა, როდესაც ბავშვობისას, 1987 წელს, მამამისის ფილმში „ველოსიპედისტი“ ითამაშა. თავის ოცნებებს რომ მიჰყოლოდა, ახალგაზრდა მახმალბაფმა, 14 წლის ასაკში, სკოლა მიატოვა და ხუთი წლის განმავლობაში მახმალბაფების კინოსკოლაში სწავლობდა. 20 წლისა სწავლობდა ფსიქოლოგიას და სამართალს ლონდონის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

7 წლისამ მან ითამაშა მამამისის, მოხსენ მახმალბაფის, ფილმში „ველოსიპედისტი“.

17 წლისამ, ორი ვიდეოპროდუქციის შექმნის შემდეგ, იმუშავა თავის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმზე „ვაშლი“, რომელიც შემდგომ კანის კინოფესტივალზე წარადგინეს. 1998 წელს ლონდონის კინოფესტივალზე ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ვაშლი“ თავის არსებობას ახალ გარემოებებს და შეცვლილ ატმოსფეროს უმადლიდა, რომელიც ხათამის პრეზიდენტობისას გაბატონდა. „ვაშლი“ ორი წლის განმავლობაში 100-ზე მეტ კინო ფესტივალზე წარადგინეს და ამავდროულად 30-მდე ქვეყნის კინოთეატრში შედგა მისი პრემიერა. 2000 წელს სამირა მოსკოვის 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ჟიურის შემადგენლობაში იყო.

სამირა მრავალი პრემიის გამარჯვებული და ნომინატია. იგი ორჯერ იყო წარდგენილი „ოქროს პალმის რტოზე“ ფილმებისთვის „დაფები“ (2001) და „ხუთზე, შუადღით“ (2003). 2004 წელს ბრიტანულმა ჟურნალმა, „The Guardian”, სამირა 40 საუკეთესო მოქმედ რეჟისორს შორის დაასახელა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოჰსენ მახმალბაფი დაქორწინდა ფატიმა მესხინზე. სამირას გარდა მათ კიდევ ორი შვილი, მეისამი და ჰანა ჰყავდათ. მოხსენ მახმალბაფი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „როდესაც პოლიტიკური ორგანიზაციები დავტოვე და რადიოში გადავინაცვლე, ფატიმაც მე გამომყვა. მე პროგრამას ვწერდი, იგი წამყვანის როლს ითავსებდა. როდესაც სამირა დაიბადა, რადიოსადგურზე ისიც თან დაგვყავდა. ჩვენ ვმუშაობდით, ის კი სულ ერთ-ერთ ჩვენგანთან იყო“ ფატიმა მესხინი 1992 წელს ტრაგიკული შემთხვევისას გარდაიცვალა. მოგვიანებით მოხსენ მახმალბაფმა ფატიმა მესხინის დაზე, მარზიე მესხინზე, იქორწინა.

სამირა მახმალბაფი თითქმის მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში ქალთა უფლებების დამცველი და აქტივისტი იყო. ჟურნალ „გარდიანთან“ ინტერვიუში იგი ამბობს: „ჩვენ დაწერილი თუ დაუწერელი კანონებით მრავალი შეზღუდვა გვაქვს. მაგრამ მაინც, იმედი მაქვს და მჯერა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. ეს ყველაფერი დემოკრატიული მოძრაობით დაიწყო. ზოგი რამ გააზრებულად არ იცვლება. მე ფილმების შექმნა მინდოდა, მე ფილმები გადავიღე, რომ რაღაც სხვა მეთქვა, მაგრამ რაღაც მხრივ მაგალითს წარმოვადგენ. ეს კლიშეების ნგრევის მსგავსი იყო. დიახ, ჩვენ მრავალი შეზღუდვა გვაქვს, მაგრამ ამ შეზღუდვებმა კიდევ უფრო ძლიერი, განსხვავებული ქალები შექმნა, რომლებიც თუ იპოვიან გზას, გამოხატონ თავი, დარწმუნებული ვარ, მრავალი სათქმელი ექნებათ.“ იმავე ინტერვიუში სამირა პოლიტიკაზეც საუბრობს: „მაშინაც კი, თუ მე გადავიღებ ფილმს, რომლითაც პოლიტიკაზე ვისაუბრებ, ეს არაფერია. არაფერი, რადგან ეს მხოლოდ ჟურნალისტურ საუბარს ჰგავს. შენ რაღაც ზედაპირულს ამბობ. ფილმები, რომლებსაც მე ვიღებ, უფრო ღრმაა. ასეთი ნამუშევრები უფრო დიდხანს არსებობენ, განსხვავებით ჟურნალისტური შემოქმედებისგან“.

სტილი და თემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამირამ მამამისის ადრეული შემოქმედების გზა გააგრძელა, რომელიც დოკუმენტურ-მხატვრული ესთეტიკის ნარევით ხასიათდება. მასთან მსახიობების უმეტესობა არაპროფესიონალია. მახმალბაფის ფილმები ეხება პროგრესის და ცვლილებების თემებს.  იგი ცდილობს ასახოს და ამხილოს ისეთი პრობლემები, როგორებიცაა სიღარიბე და ქალთა უფლებები.

ერთ-ერთ ინტერვიუში მას ჰკითხეს, თუ რას ფიქრობდა, მეტაფორისა და რეალობის კავშირზე ფილმში „დაფები“. მან თქვა: „ფილმის პირველი კადრი სიურეალისტური სურათით იწყება, მაგრამ ნელ-ნელა შეგიძლია იგრძნო, თუ რას ნიშნავს, იყო ლტოლვილი. და მე ძალიან მიყვარს ეს სურათი. ვფიქრობ, ის განსხვავებულ მნიშვნელობებს ატარებს. მან შეიძლება გამოხატოს სოციალური, ფილოსოფიური და პოეტური მნიშვნელობები - ძალიან ბევრი მეტაფორაა, მაგრამ ასევე მათი რეალურობის დანახვაც შეგიძლია. ფილმის იდეა მამაჩემისგან წამოვიდა, როდესაც ჩემი მორიგი ფილმის სიუჟეტზე ვფიქრობდი. მან სამი-ოთხი გვერდი დამიწერა, შემდეგ კი მე ეს უნდა წარმომედგინა. მაგრამ ეს არც ისე მარტივი აღმოჩნდა. როგორ შეიძლება, ვიჯდე კანის ფესტივალზე და ვფიქრობდე ადამიანებზე, რომლებიც ქურთისტანში ცხოვრობენ? ასე რომ, მე იქ წასვლა და ამ ყველაფერთან დაახლოება მომიწია. ასევე, იქ ყოფნისას მე მოვძებნე მსახიობები და გადასაღები ლოკაციები. არ მინდა, სიუჟეტი მოვკლა, მხოლოდ კამერის წინ დავდო და მკვდარი სიუჟეტი გამომივიდეს. მე რეალობა წარმოსახვაში მომყავს. მჯერა, რომ მეტაფორები ხელოვანის წარმოსახვიდან იბადება. მაგალითად, წარმოიდგინეთ ასზე მეტი მოხუცი ადამიანი, რომელთაც საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება სურთ. ესაა წარმოსახვაც და რეალობაც. ან მხოლოდ ერთი ქალის წარმოსახვა. სასკოლო დაფების ხელში ჭერა რეალობის და წარმოსახვის კომბინაციაა. იმიტომ რომ, თუ ლტოლვილი მასწავლებელი ხარ, სხვა რა გზა გაქვს, გარდა იმისა, რომ დაფა მოიკიდო და სტუდენტების საძებნელად წახვიდე? ისინი ქუჩის ვაჭრებივით არიან, რომლებიც ყვირიან: „მოდი, სცადე რაიმეს სწავლა!“ - მსგავს შემზარავ სიტუაციაში ყველა ღარიბია, შესაბამისად, არავის შეუძლია სწავლა. ეს წარმოსახვაა, მაგრამ, ალბათ, რეალურიც.“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://www.imdb.com/name/nm0538533/

https://www.newyorker.com/culture/the-front-row/the-wunderkind-iranian-director-who-stopped-making-films

https://www.theguardian.com/film/2004/apr/03/features.weekend

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Two Theses on the Afghan Woman: Samira and Hana Makhmalbaf Filming Agheleh Farahmand/Haim Bresheeth/DOI: 10.1080/09528820903488885

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. https://iffr.com/en/persons/samira-makhmalbaf