რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა

რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა (რუს. Российская национальная библиотека, 1917 წლამდე — იმპერატორის საჯარო ბიბლიოთეკა, 1925 წლამდე — რუსეთის საჯარო ბიბლიოთეკა, 1992 წლამდე — სახელმწიფო საჯარო ბიბლიოთეკა) — ერთ-ერთი პირველი საჯარო ბიბლიოთეკა აღმოსავლეთ ევროპაში, მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით ძვირფას ნაციონალური მემკვიდრეობის ძეგლსა და რუსი ხალხის ისტორიულ-კულტურულ საგანძურს. მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკა.
ბიბლიოთეკა აშენდა ეკატერინე II-ის ბრძანებით 1795 წლის 16 (27) მაისს. რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა უძველესი საჯარო და პირველი ეროვნული ბიბლიოთეკაა რუსეთში. ის წარმოადგენს საერთო რუსულ საინფორმაციო, სამეცნიერო-კვლევით და კულტურულ ცენტრს.
ფონდები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა. მასში განთავსებულია რუსულენოვანი წიგნების უდიდესი კოლექცია. 1940 წლის ბოლოს – 1941 წლის დასაწყისში ჩატარდა მ. ე. სალტიკოვ-შჩედრინის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კოლექციების ინვენტარიზაცია, რამაც აჩვენა, რომ ბიბლიოთეკის კოლექციები შეიცავდა 8869000 ერთეულ წიგნს, გაზეთებისა და ჟურნალების კომპლექტებს, რაც მას მსოფლიოში მეორე ადგილზე აყენებდა.[1]
2012 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ეროვნული ბიბლიოთეკის კოლექციების მოცულობამ შეადგინა 36500000 ეგზემპლარი, საიდანაც რუსული გამოცემები დაახლოებით 30000000 ეგზემპლარს შეადგენდა (მათ შორის 28 000 000-ზე მეტი რუსულენოვანი) და 6000000 -ზე მეტი უცხოური ლიტერატურა. ყოველწლიურად ბიბლიოთეკა იღებს 400000-ზე მეტ ახალ დოკუმენტს, მათ შორის 80%-ზე მეტი რუსულენოვანი. ბიბლიოთეკას წელიწადში დაახლოებით 1000000 ადამიანი სტუმრობს, ხოლო ბიბლიოთეკის ვებგვერდზე ყოველწლიურად 5000000-მდე მოთხოვნა რეგისტრირდება. სამკითხველო დარბაზებში გაცემული წიგნების რაოდენობა წელიწადში 7000000-ს აჭარბებს, ხოლო ბიბლიოთეკის საცნობარო სამსახურები წელიწადში 400000-მდე საცნობარო წიგნს გასცემენ, მათ შორის ნახევარი ავტომატურ რეჟიმში.
ბიბლიოთეკის კოლექციები შეიცავს უნიკალურ პუბლიკაციებსა და 400 000 ხელნაწერს, მათ შორის არის უძველესი ხელნაწერი წიგნები: ოსტრომირის სახარება (1056-1057) – ერთ-ერთი დღემდე შემორჩენილი უძველესი რუსული წიგნი; სინაის კოდექსის ფრაგმენტები (IV საუკუნე); დედოფალი თეოდორას მეწამული სახარება (IX საუკუნე); ლენინგრადის კოდექსი (1010 წელი) – ბიბლიის უძველესი სრული დათარიღებული ასლი; იზბორნიკი (1076); ლავრენტის მატიანე (1377); ძვირფასი დასავლეთ ევროპული და აღმოსავლური ხელნაწერები, ასევე სხვა იშვიათი პუბლიკაციები.
რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასევე ინახება ინკუნაბულას კოლექციის (1501 წლამდე გამოცემული წიგნები) 7000 ეგზემპლარი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდეს კოლექციად ითვლება. მისი შეგროვება დაიწყო ცნობილი ზალუსკების ბიბლიოთეკის შექმნით, რომელიც VIII საუკუნის ბოლოს ვარშავიდან წაიღეს პეტერბურგში. შემდგომში კოლექცია მრავალგზის გაფართოვდა, როგორც კერძო ბიბლიოთეკების შეძენით (მაგალითად, გრაფ პიოტრ სუხტელენის ბიბლიოთეკის შეძენით 1836 წელს), ასევე ინდივიდუალური შესყიდვებით, მათ შორის საერთაშორისო აუქციონებზე.
რუსეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში არსებულ ფონდებში დაცული 40 მილიონი ერთეულიდან 800 ათასი გაციფრულებულია.
ალიშერ ნავოის ხელნაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოთეკის კოლექციები შეიცავს ალიშერ ნავოის ნაშრომების 29 ეგზემპლარს, 14 მათგანი XV—XVI საუკუნეებით თარიღდება. ნავოის პირველი ხელნაწერი ბიბლიოთეკამ 1817 წელს შეიძინა, როგორც სამთო ინჟინრისა და ბარნაულში კოლივანო-ვოსკრესენსკის ქარხნების ხელმძღვანელის, პიოტრ ფროლოვის კოლექციის ნაწილი. ხელნაწერების ნაწილი ბიბლიოთეკაში 1828 წელს აღმოჩნდა, როგორც რუსეთ-სპარსეთის ომის ნადავლი, რომლებიც არდებილიდან იყო ჩამოტანილი. 1829 წელს ბიბლიოთეკამ შეიძინა ნავოის კიდევ ორი ხელნაწერი, მათ შორის „ადრეული დივანი“. ისინი ბიბლიოთეკას დიპლომატიური საჩუქრის ნაწილად გადაეცა, რომელსაც „გრიბოედოვის სისხლის ფასი“ ეწოდა. 1859 წელს ნავოის დივანის სამი ეგზემპლარი დიმიტრი დოლგორუკოვის კოლექციის ნაწილი გახდა. ნავოის ნაშრომების კიდევ სამი ეგზემპლარი და მისი ნაშრომების ორი ჩაგათაი-სპარსული ლექსიკონი ბიბლიოთეკამ 1864 წელს აღმოსავლეთმცოდნე-ირანისტისა და დიპლომატის, ნიკოლაი ხანიკოვის კოლექციის ფარგლებში შეიძინა. 1879 წელს, ვინმე ალიევისგან XVI საუკუნის ორი ხელნაწერი შეიძინა, რომელთაგან ერთ-ერთი ნავოის ილუსტრირებული დივანი იყო. ყველა ხელნაწერმა ასახვა ჰპოვა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკის დაბეჭდილ კატალოგებსა და ანგარიშებში.[2]
ვოლტერის ბიბლიოთეკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვოლტერის ბიბლიოთეკა 6814 ტომს შეიცავს და ეროვნულ საგანძურს წარმოადგენს. ის 1778 წელს ეკატერინე II-მ ვოლტერის მემკვიდრისგან შეიძინა. 1779 წელს ბიბლიოთეკა სპეციალური გემით სანქტ-პეტერბურგში გადაიტანეს. თავდაპირველად, ის ერმიტაჟში იყო განთავსებული. ნიკოლოზ I-ის დროს მასზე წვდომა დაიხურა. 1861 წელს, ალექსანდრე II-ის ბრძანებით, ვოლტერის ბიბლიოთეკა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა.[3]
ქართული ხელნაწერები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბიბლიოთეკაში დაცულია 253 ხელნაწერი წიგნი და 150 დოკუმენტი ქართულ ენაზე. ისინი სანქტ-პეტერბურგის ეროვნულ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა გზით შევიდა - რუსეთში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილთაგან, ქართველი და უცხოელი მეცნიერებისა და ბიბლიოფილების კერძო კოლექციებიდან. მათი უმრავლესობა ეკუთვნოდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტიას.
ბიბლიოთეკაში დაცული ყველაზე ძველი დათარიღებული ხელნაწერი ტბეთის სახარებაა, რომელიც დავით III კურაპალატის მეფობისა და იოანეს ეპისკოპოსობის დროს კალიგრაფების, დავით ოშკელისა და არქიპოსის მიერ 995 წელს გადაიწერა. ხელნაწერში ჩართულია ლუკასა და მარკოზის შესანიშნავი მინიატურები.[4]
საყურადღებოა ასევე სულხან-საბა ორბელიანის „ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“, თეიმურაზ ბაგრატიონის „საქართველოს ისტორია“, გეორგიევსკის ტრაქტატის ქართული თარგმანი და მრავალრიცხოვანი სიგელები, ბრძანებები, წერილები, თხზულებანი ფილოსოფიაში, ლოგიკაში, როტორიკაში მედიცინაში, გეოგრაფიასა და მათემატიკაში.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკა“ ვიკისაწყობში.- რუსეთის ეროვნული ბიბლიოთეკის ოფიციალური საიტი დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.
- რუსეთის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ На втором месте в мире // Известия. — 1941. — 8 апреля (№ 82 (7458)).
- ↑ ПРОИЗВЕДЕНИЯ АЛИШЕРА НАВОИ В ШЕДЕВРАХ КНИЖНОГО ИСКУССТВА XV – XVI ВЕКОВ
- ↑ Библиотека Вольтера
- ↑ ქართული ხელნაწერები სანქტ-პეტერბურგში