რევაზ ბანცური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რევაზ ბანცური
დაბ. თარიღი 10 ივნისი, 1936(1936-06-10)
დაბ. ადგილი ბანცურთკარი
გარდ. თარიღი 2013
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

რევაზ ბანცური (დ. 10 ივნისი, 1936, ბანცურთკარი — გ. 2013) — ქართველი მათემატიკოსი, მეცნიერი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1982), პროფესორი (1972).

ბიოგრფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1960 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი.

1960-1962 წლებში ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის უფროსი ტექნიკოსი. 1962-1969 წლებში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1969-1983 წლებში უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1983 წლიდან ამავე ინსტიტუტის დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილების გამგე. 1998 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. არჩეული იყო თეორიულ და გამოყენებით მექანიკაში რუსეთის ნაციონალური კომიტეტის წევრად. წლების განმავლობაში მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტის თორიული მექანიკის კათედრაზე. მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება დრეკადობის ბრტყელი თეორიის სასაზღვრო და საკონტაქტო ამოცანებს, ანალიზურ ფუნქციათა თეორიის შერეულ სასაზღვრო ამოცანებს, დრეკადობის თეორიის ნაწილობრივ უცნობსაზღვრიან ამოცანებს, ნახვევი ტიპის ინტეგრალურ და უსასრულო ალგებრულ განტოლებათა სისტემებს. მან არსებითად განავითარა ნიკოლოზ მუსხელიშვილის თემატიკა და ახალი მიმართულებებით მნიშვნელოვნად გააფართოვა დრეკადობის ბრტყელი თეორიაში ანალიზურ ფუნქციათა თეორიის მეთოდების გამოყენების სფერო. ინტეგრალური გარდაქმნების გამოყენებით ზოგიერთი კლასის საკონტაქტო ამოცანა დაიყვანა ანალიზურ ფუნქციათა თეორიის ახალი ტიპის გადადგილებიან სასაზღვრო ამოცანაზე, რომელსაც მან უწოდა კარლემანის ტიპის ამოცანა ზოლისათვის. დაამუშავა ახალი ტიპის ფაქტორიზაციის მეთოდი და ამოხსნა კარლემანის ტიპის ამოცანა საკმაოდ ზოგად შემთხვევაში. აღნიშნულ მეთოდს ზემოთხსენებული ამოცანებისათვის იგივე მნიშვნელობა აქვს, რაც XX საუკუნის ორმოციან წლებში შესწავლილ საკონტაქტო ამოცანებისათვის დამუშვებულ ნიკოლოზ მუსხელიშვილის მეთოდს. ამიტომ, ეს მეთოდი ცნობილია კანონიკურ ამონახსნთა რევაზ ბანცურის მეთოდის სახელწოდებით და ამჟამად წარმოადგენს ერთადერთ ზოგად მეთოდს, რომელიც იძლევა ხსენებული საკონტაქტო ამოცანების ეფექტური ამოხსნის საშუალებას. მანვე, ნაწილობრივ უცნობსაზღვრიანი ამოცანების ზოგიერთი კლასისათვის დაამუშავა ფაქტორიზაციის მეორე მეთოდი, რომლის გამოყენებითაც მოგვცა ამ კლასის ამოცანების ამოხსნადობის დასრულებული თეორია. მის მიერ მიღებული შდეგებიდან სპეციალისტების მიერ ერთ-ერთ საუკეთესოდ აღიარებულია ძაბვათა კონცენტრაციის საკითხის შესწავლა ბზარის ბოლოებში. მიიღო უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგი რღვევის მექანიკაში, რამაც დიდი პრაქტიკული გამოყენება ჰპოვა მანქანათმშენებლობაში, გემთმშენებლობასა და საავიაციო კონსტრუქციების დაპროექტებაში. ააგო ინტეგრალური წარმოდგენები კარლემანის ტიპის ამოცანებისათვის, რომლებიც იგივე როლს ასრულებენ რასაც ცნობილი კოშის ინტეგრალები წრფივი შეუღლების ამოცანებისათვის. არის 42 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა — „დრეკადობის ბრტყელი თეორიის საკონტაქტო ამოცანები და მათთან დაკავშირებულ ფუნქციათა თეორიის სასაზღვრო ამოცანები“, დაიცვა 1981 წელს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2011 — ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „უწყვეტ ტანთა მექანიკა და ანალიზის მონათესავე საკითხები“: სიმპოზიუმი, მიძღვნილი აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადების 100 წლისთავისადმი (1991: თბილისი), თბილისი, მეცნიერება, 1991, გვ. 199

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი, თბ., 1998-1999, გვ. 38
  • საქართველოს მათემატიკოსები და მექანიკოსები: ბიოგრაფიული ცნობარი/ნოდარ მახვილაძე, თბ., 2016, გვ. 184-185

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]