ჟირაფისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ჟირაფი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟირაფისებრნი
Giraffa camelopardalis.JPG
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: წყვილჩლიქოსნები
ლათინური სახელი
Giraffidae

ჟირაფისებრნი (ლათ. Giraffidae) — მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახი წყვილჩლიქოსნების რიგისა. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს. ჩვეულებრივი ჟირაფის (Giraffa camelopardalis) სიმაღლე 5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს. აქვს მოკლე სხეული, გრძელი მაღალი კისერი, პატარა თავი, დიდი თვალები, მოკლე და ვიწრო ყურები, პატარა რქები. არეალის სხვადასხვა საზღვრებში შეფერილობა ცვალებადია და ამის გამო ჟირაფის რამდენიმე ქვესახეობას გამოყოფენ. გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში. ქმნის მცირე ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება. აქტიურია დღისით. იკვებება აკაციის ფოთლებით და ტოტებით. აქვს კარგი მხედველობა და სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება. ხორცს საკვებად იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.

ჟირაფებს ერთ ჯერზე იშვიათად თუ ჰყავთ ერთზე მეტი ნაშიერი, და ეს არაა გასაკვირი: ახალდაბადებული ჟირაფი შეიძლება წონაში 60 კილოგრამს აღწევდეს, სიმაღლეში კი — 2 მეტრს! დაბადებიდან ერთ საათში პატარა ჟირაფი უკვე ფეხს იდგამს, ცოტა ხანში კი თვითონვე წოვს დედის რძეს. მართალია, ძოვას დაბადების შემდეგ მალევე იწყებს, მაგრამ დედის რძე მას ცხრა თვის განმავლობაში სჭირდება. როდესაც პატარა ჟირაფი რაიმე საშიშროებას გრძნობს, მაშინვე დედის ფეხებს შორის იმალება. დედა ჟირაფი წიხლებით იგერიებს მტაცებელთა უმეტესობას და საიმედოდ იცავს მას.

ზოგიერთის აზრით, ჟირაფის სხეულის უჩვეულო ფორმა და უშველებელი ზომა მას პრობლემას უნდა უქმნიდეს. ჟირაფის დიდი სიმაღლისა და გრძელი კისრის გამო სისხლის მიწოდების რეგულირება სხეულის ყველა ნაწილში შეიძლება შეუძლებელი ჩანდეს. როდესაც, მაგალითად, ჟირაფი თავს მიწამდე დაბლა ხრის, მიზიდულობის ძალამ უნდა გამოიწვიოს თავისთვის სისხლის დიდ ნაკადად მიწოდება და ტვინში ჩაქცევა. როცა ჟირაფი თავს მაღლა სწევს, სისხლი გულს უნდა აწვებოდეს და ცხოველს გონებას აკარგვინებდეს. მაგრამ ეს ასე არ ხდება. ჟირაფის სისხლის მიმოქცევის სისტემა ნამდვილად სასწაულებრივად არის შექმნილი. ის ოსტატურადაა დაპროექტებული ცხოველის განსაკუთრებული ფორმისა და სხეულის ზომის გათვალისწინებით. თავად გული ძალიან დიდია და ტვინისთვის სისხლის მისაწოდებლად ამ მაცოცხლებელ სითხეს მძლავრად უნდა ტუმბავდეს, რადგან ტვინი გულიდან სამნახევარი მეტრით ზემოთ მდებარეობს. კუნთოვანი გული, რომელიც წუთში 170-ჯერ ძგერს და რომელსაც 7 სმ-ის სისქის კედლები აქვს, ისეთ სისტოლურ წნევას წარმოქმნის, რომელიც ადამიანისას თითქმის სამჯერ აღემატება. ასეთ დატვირთვას რომ მშვიდად გაუმკლავდეს, საძილე არტერიაც, რომელიც ტვინს სისხლს აწვდის, და საუღლე ვენაც, რომელიც სისხლს გულს უბრუნებს, საკმაოდ დიდი უნდა იყოს. მართლაც, ეს სისხლძარღვები დიამეტრში 2,5 სმ-ს აღემატება და გამძლე ელასტიკური შემაერთებელი ქსოვილით არის გამაგრებული — ყოველივე ეს კი სისხლძარღვებს მოქნილს ხდის და აძლიერებს. როდესაც ჟირაფი თავს დაბლა ხრის, საუღლე ვენაში არსებული სარქველები ტვინს სისხლის ძლიერი ნაკადისგან იცავენ. ტვინის ფუძესთან დიდი საძილე არტერია გადადის სხვა შესანიშნავად შექმნილ „მოწყობილობაში“, რომელსაც საკვირველი ბადე ეწოდება. ამ ადგილას ჟირაფის თავის დაწევის შედეგად ტვინის მიმართულებით წარმოიქმნება სისხლის ინტენსიური დინება, რომლის შენელებაც ხდება, ვინაიდან სისხლი გადადის პაწაწინა სისხლძარღვების განსაკუთრებულ ქსელში, რომელიც სისხლის წნევას არეგულირებს და ტვინს სისხლის ძლიერი ნაკადისგან იცავს. როდესაც ჟირაფი თავს დაბლა ხრის, საკვირველი ბადე ფართოვდება, ხოლო მაღლა აწევისას იკუმშება, რითაც საკმაოდ დაცემულ სისხლის წნევას ანეიტრალებს და ჟირაფს გონების დროებითი დაკარგვისგან იცავს.

მეცნიერები გააკვირვა იმის აღმოჩენამ, რომ ჟირაფის საოცრად გრძელ კისერში იმდენივე მალაა, რამდენიც თაგვს ან ძუძუმწოვრების უმრავლესობას აქვს! მაგრამ სხვა ძუძუმწოვრების უმრავლესობისგან განსხვავებით, ჟირაფს აქვს „ბურთულა-ღრმულის“ განსაკუთრებული სტრუქტურის მქონე დაგრძელებული მალები, რაც მის შესანიშნავ ელასტიკურობას განაპირობებს. ამიტომაც ჟირაფს კისრის მოხრა და მობრუნება იმგვარად შეუძლია, რომ სხეულის ყოველ ნაწილს მოუაროს ან დასანაყრებლად ხის მაღალ ტოტებს მოხერხებულად მისწვდეს.

ჟირაფის რაოდენობა ძალზე შემცირებულია, ხოლო ზოგან სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად ეროვნულ პარკებსა და რეზარვატებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]