პორტალი:კლასიკური მუსიკა/მუსიკალური ნაწარმოები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რჩეული ოპერა
"ჯამბაზების" პირველი აფიშა. 1829 წ.
"ჯამბაზების" პირველი აფიშა. 1829 წ.

1890 წელს პიეტრო მასკანის ოპერის „სოფლის ღირსების“ წარმატებით მოხიბლულმა რუჯერო ლეონკავალომ გადაწყვიტა თავადაც დაეწერა მცირე ზომის რეალისტური ოპერა. 1890 წლის შემოდგომაზე მან ოპერის ლიბრეტო შესთავაზა მილანელ გამომცემელს ედოარდო ზონცონოს, რომელსაც მასკანისთანაც ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი და ოპერის შექმნაზე თანხმობაც მიიღო. „ჯამბაზების“ პრემიერა „სოფლის ღირსების“ პრემიერიდან სულ რაღაც ორ წელიწადში შედგა „ტეატრო დალ ვერმეში“ (მილანი, 1892) არტურო ტოსკანინის დირიჟორობით. ამ ოპერის ტრიუმფმა ლეონკავალო ცნობილ პიროვნებად აქცია.

ოპერის ლიბრეტო შთაგონებულია კატულ მენდესის 1887 წელს გამოქვეყნებული პიესით „ტაბარენელი ქალი“. ლეონკავალო ამ პიესის პრემიერის დროისათვის პარიზში ცხოვრობდა და სავარაუდოა, რომ ეს წარმოდგენაც იხილა, შთაგონების წყარო შეიძლება გამხდარიყო აგრეთვე მანუელ ტამაიო ი ბაუსის ესპანური პიესა „ახალი დრამა“, რომლის პრემიერა შედგა მადრიდში, 1867 წელს და რომელიც შემდეგ იტალიაშიც დაიდგა 1868 და 1891 წლებში. იმავდროულად საწყისი სიტუაცია (ცხოვრების, ყოფის შეჭრა სპექტაკლში) აგებულია მე-19 საუკუნის დასასრულის ლიტერატურაში გამოყენებული სქემის, ფაბულის მიხედვით.