შინაარსზე გადასვლა

ოტპორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
"ოტპორ"-ის ლოგო

ოტპორი (სერბულ-კირილური: Отпор!) — სერბული ახალგაზრდული პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც 1998–2004 წლებში არსებობდა. ის ბელგრადში შეიქმნა იმავე წელს მიღებული კანონების საპასუხოდ, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეაზღუდა უნივერსიტეტებისა და მედიასაშუალებების ავტონომია. მოძრაობამ მალევე მოიპოვა ფართო მხარდაჭერა და გადაიზარდა მასობრივ არაძალადობრივ კამპანიაში, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სლობოდან მილოშევიჩის მმართველობის დასრულებაში 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ.

„ოტპორის“ ორგანიზაციული მოდელი, იდეოლოგიური ჩარჩო და სიმბოლიკა — განსაკუთრებით შეკრული მუშტის გრაფიკული გამოსახულება — ფართოდ გავრცელდა სხვა ქვეყნებში. მისი სტრატეგიებით აქტიურად სარგებლობდნენ პროდემოკრატიული მოძრაობები, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში უშუალოდ „ოტპორის“ ყოფილი წევრები უწევდნენ ტრენინგებსა და საკონსულტაციო დახმარებას: 2003 წელს საქართველოში ჩამოყალიბდა სტუდენტური მოძრაობა „კმარა!“, რომელმაც ვარდების რევოლუციაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა და პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გადადგომას შეუწყო ხელი. 2004 წელს უკრაინაში დაფუძნდა ახალგაზრდული მოძრაობა „პორა!“, რომელიც ნარინჯისფერი რევოლუციის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალა გახდა. 2005 წელს მსგავსი ტაქტიკები გამოიყენეს ლიბანში ცედრის რევოლუციის დროს, ხოლო 2008 წელს ეგვიპტეში შეიქმნა „6 აპრილის მოძრაობა“, რომელიც Otpor!-ის გამოცდილებას ეყრდნობოდა.

2003 წელს Otpor! გაერთიანდა სერბეთის დემოკრატიულ პარტიასთან, რის შემდეგაც მისმა ლიდერებმა — სრდა პოპოვიჩმა და სლობოდან ჯინოვიჩმა — დააარსეს ორგანიზაცია CANVAS (ცენტრი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების გამოყენებისთვის), რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში პროდემოკრატიული აქტივისტების ტრენინგსა და მხარდაჭერას არაძალადობრივი ბრძოლის სტრატეგიების ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]