შინაარსზე გადასვლა

ნუზალის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნუზალის სამლოცველო
ნუზალის სამლოცველო — რუსეთი
ნუზალის სამლოცველო
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 42°49′24″ ჩ. გ. 44°01′21″ ა. გ. / 42.82333° ჩ. გ. 44.02250° ა. გ. / 42.82333; 44.02250
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ხუროთმოძღვრების აღწერა
დეტალები

ნუზალის სამლოცველო, ნუზალ-არღუან (ოს. Нузалы аргъуан) — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ისტორიულ დვალეთში, მდებარეობს სოფელ ნუზალში (არდონის ხეობა).

ნუზალ-არღუანის ინტერიერის ჩრდილოეთის კედელზე, ქვედა რეგისტრში არსებობს საკურთხევლისაკენ მიმართული ვედრების პოზაში გამოსახულ ქტიტორთა ექვსფიგურიანი კომპოზიციის ნაშთი, რომელთაგან მესამე (აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ), პორტრეტის მარჯვნივ არსებული ასომთავრული წარწერით — „სოსლან“, მიჩნეული იყო დავით სოსლანად. როგორც ირკვევა, მესამე და მეხუთე ფიგურა სინამდვილეში ქალებისაა. ისინი ერთმანეთს ემსგავსებიან და განსხვავდებიან პირველი, მეორე და მეოთხე ფიგურებისაგან. ეს ნიშნებია:

  1. უწვერო, პატარა სახის ოვალი. საინტერესოა რომ მესამე ფიგურას თმა თავისებურად აქვს დამალული, რაც ალბათ იმ დროს თმების დაყენების წესით იყო განპირობებული[1].
  2. თავსაბურავი. იგი განსაკუთრებით კარგად არის შემონახული მეორე და მესამე ფიგურებს. მათ სორის განსხვავება უდავოა, მაგრამ დაზიანების გამო, მათი ტიპების შესახებ ზუსტად მსჯელობა ჭირს.
  3. ტანისამოსი. მესამე და მეხუთე ფიგურების სამოსი შედგება ზედატანისა და ქვედატანისაგან. ზედატანი გრზელი და ვიწრო სახელოებიანია, მოთვალულ-მომარგალიტებული მაღალყელიანი მანიაკითა თუ საგულით, ქვედატანი კი, წვრილად დანაოჭებულია. პირველ, მეორე და მეოტხე ფიგურებს განსხვავებული ტანისამოსი აცვიათ: მაღალყელიან, გრძელსა და ვიწროსახელოებიან ქვემოთა საცმელზე — პერანგზე, ზევიდან გრძელი, წელში დავიწროებული, მოკლესახელოებიანი, მარცხენა მხარეს ჩახსნილი, სამკუთხედად ჩაჭრილი და არშიაამოვლებული გულისპირიანი კაბა აცვიათ, რომელიც შემოსალტულია ვარსკვლავისებრი სამკაულით დაბოლოებული თასმით.
  4. ქვედა ტანის განიერი მონახაზი.

აღსანიშნავია, რომ მესამე ფიგურას ხელთ ჩვილი ბავშვი უპყრია, რომელიც მკვლევართა მიერ ადრე არ ყოფილა შენიშნული[2]. მეექვსე ფიგურის თავის მარჯვნივ არის წარწერა „სოსლანი“. ამრიგად „სოსლანი“ ჩვილი ბავშვია. ქალის, ალბათ დედამისის, სახელი ამჟამად არ იკითხება, მისი და სოსლანის პორტრეტთა შორის რამდენიმე ასოს კვალირაა შემორჩენილი. აღვნიშნავთ, რომ ჩვილის — სოსლანის ფიგურა, ქტიტორთა სხვა ფიგურებთან შედარებით, უფრო პირობითადაა გადმოცემული. ეტყობა, მხატვარმა სათანადოდ ვერ დაძლია დედისა და ბავშვის კომპოზიციური დაკავშირების რთული ამოცანა. ქტიტორთა საერთო კომპოზიცია ძალზედ დაზიანებულია. რთულად იკითხება ჩვილის ფიგურაც. შესაძლებელია რომ ჩვილი მოგვიანებით იყოს ჩახატული.

ამრიგად სოფელ ნუზალის სამლოცველოს ჩრდილოეთის კედელზე გამოსახულია ქტიტორთა ჯგუფური, ოჯახური პორტრეტი, რომელთა შორის სამი ფიგურა მამაკაცისაა, ორი ქალის და ერთიც — ბავშვის.

ზოგიერთის მოსაზრებით სოფელ ნუზალის სამლოცველოს ფრესკებთან აკავშირებს ხალხში შემორჩენილი შემდეგი ლექსი:

ჩვენ ვიყავით ცხრანი ძმანი ჩარჯოლიძე-ჭარხილანი:

ოს-ბაყათარ, დავით-სოსლან ოთხ სამეფოდ მებრძოლანი;

ფიდაროზ, ჯადაროზ, სოყურ და გიორგი -მტერთა რისხვით შემხედვარნი;

ჩვენი ძმანნი, სამნი ბერნი - ისაკ, რომანოზ და ბასილიქნეს ქრისტეს კარგი ყმანი.

ჩვენ გვიჭირავს მომავალთა ოთხის კუთხივ ვიწრო გზანი.

კასარაზედ სიმაგრე მაქვს და საბაჟო აქ მიჭირავს ხიდი-კარი,

საიქიოს მოიმედე, სააქაოს კარგად მდგარი...

ოქროსა და ვერცხლის მიწა, ამდენი მაქვს, ვითა წყალი.

კავკასიონი დავიპყარ, ოთხ სამეფოდ გავუმკლავდი;

ქართველს ბატონს და მოვსტაცენ, არ დავაგდე ჩემი გვარი.

მამწვდა, ფიცით მიღალატა, მან დაიდვა ჩემი ბრალი.

ბაყათარი წყალს მიეცა, აღიხოცა ოსთა ჯარი.

ვინც ეს ლექსი იხილოთა მცირე ბრძანეთ შენდობანი.

ძეგლმა განსაკუთრებული ყურადრება მიიპყრო მას შემდეგ, რაც 1946 წელს არქეოლოგმა ე. პჩელინამ სამლოცველოში გათხრილ სამარხში აღმოჩენილი მამაკაცის ჩონჩხი სამლოცველოს კედელზე არსებული ფრესკის წარწერასთან — სოსლანთან კავშირში და გარკვეულ ფოლკლორულ მასალაზე დაყრდნობით, თამარ მეფის მეუღლის — დავით სოსლანად გამოაცხადა[3]. შემდეგ ეს ვარაუდი გაიზიარა და განავითარა ანთროპოლოგმა თ. მამუკაევმა. ნუზალ-არღუანის სამარხში აღმოჩენილი ჩონჩხის ანატომიურ-ანთროპოლოგიურ თავისებურებათა შესწავლით და ამასთან, ზოგიერთი ისტორიული, ლიტერატურული, ფოლკლორული და ნუზალის სამლოცველოს კედლის მხატვრობის მონაცემების გათვალისწინებით მანაც, ეს ჩონჩხი ნამდვილად დავით სოსლანად მიიჩნია და მ. გერასიმოვის მეთოდის გამოყენებით, დავით სოსლანის ფიზიკური სახეც აღადგინა.

1971 წელს ივ. ლოლაშვილმა ისტორიულ-ფილოლოგიური, ეთნოგრაფიულ ფოლკლორული კვლევის, ნუზალის სამლოცველოს კედლის მხატვრობისა და წარწერათა შესწავლის საფუძველზე, მართებულად გააკრიტიკა და უარყო ე. პჩელინა-თ. მამუკაევის ვარაუდი ნუზალ-არღუანში დავით სოსლანის დაკრძალვის შესახებ.

ნუზალის სამლოცველოსა და იქ დავით სოსლანის შესაძლო დაკრძალვის თაობაზე საყურადრებოა აგრეთვე ჩრდილო კავკასიის არქეოლოგიის ცნობილი სპეციალისტის ვ. კუზნეცოვის აზრი. იგი, ნუზალის სამლოცველოს მშენებლობას (რომელიც ტიპოლოგიურად მთლიანი კავკასიის ორფერდასახურავიან მიწისზედა აკლდამებს უკავშირებს და ადგილობრივი არქიტექტურული სკოლის ნაკეთობად მიიჩნევს), არქეოლოგიური, ფრესკების ხელოვნებათმცოდნეობითი და წარწერათა პალეოგრაფიული მონაცემებით XIII საუკუნის ბოლოს და XIV საუკუნის დასაწყის მიაკუთვნებს. მისი მტკიცებით, სამლოცველოში გათხრილი სამარხი უფრო ადრინდელი არ არის და ჩონჩხიც არ შეიძლება დავით სოსლანი იყოს[4].

  • გივი ღამბაშიძე, „ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში“, „საბჭოთა ხელოვნება“, №3, თბ., 1976
  1. А. Х. Магометов, «Культура и быт Осетинского народа», Ордж., 1968, ст. 281-285
  2. Т. Б. Мамукаев, Тайна Нузальской часовни, Ордж., 1969, ст. 112
  3. ივ. ლოლაშვილი, „დავით სოსლანის აკლდმის საიდუმლოება“, თბ., 1971
  4. В. А. Кузнецов, «Нузальская церковь и ее фрески, Тезисы докладов IV «Крупновских чтений» по археологии Кавказа». СОНИИ, Ордж., 1974, ст. 18-19