მუგრავოვების კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მუგრავოვების კოშკი, მორავოვების კოშკი, მოურავაშვილების კოშკი — საგვარეულო კოშკი ისტორიულ დვალეთში.

ჟღელეს ხეობის აყოლებით, სოფელ თლის ზევით 7 კმ-ში არის პატარა დასახლებული პუნქტი — ქამსხო. ადგილობრივებრივთა ცნობით დასახლება ქამსხოს რევოლუციამდე ერქვა მუგრავოვ (მორავოვ), რომელიც წარმოადგენდა მოურავაშვილების გვარის სამოსახლო ადგილს. დასახლებულ ადგილას დგას მუგრავოვთა საგვარეულო ციხე-კოშკი.

ძეგლის აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოშკი სამსართულიანია და თავისი არქიტექტურით განსხვავდება ოსური ტიპური საგვარეულო კოშკებისაგან. კოშკის საფუძვლის ზომაა 7,4Х6,5 მ; I სართული გამოიყენებოდა საცხოვრებლად, II სართული სასტუმროს წარმოადგენდა, III სართული ხეობის სამზერი და სამლოცველო ადგილი იყო. პირველ და მეორე სართულს სამხრეთ კედელში დატოვებული აქვს შესასვლელი თაღიანი კარი. კოშკს გარშემო ფართოდ აქვს შემოვლებული კედლები. შუაში დარჩენილია სივრცე და ამ ფარტობზე დგას რამდენიმე დაბალი და მცირე ზომის, სამეურნეო-საოჯახო დანიშნულების ნაგებობა.

ამ კოშკის ახლო — ახლად აშენებული სახლის პირველ სართულის წინა კედელში ჩატანებულ ერთ მოზრდილ ქვაზე (1,05Х0,32 მ.), ამოკაწვრით შესრულებულია დაქარაგმებული ქართული მხედრული წარწერა:

ჩყლე

სალათასშ ბიზდი

ჩყლე=1835 წელს; სალათასშ — სალათას შვილი.

1821 წელს რუსული სამხედრო ხელისუფლების დავალებით კაპიტანი კადნიკოვი მცირე რაზმის და ვინმე ო. ჭიჭინაძის (თარჯიმანი) თანხლებით რაჭიდან მამისონის უღელტეხილით ჟღელეს ხეობაში გადავიდა. თავის 1821 წლის 22 ივნისის პატაკში[1] ის ახსენებს სოფელ ქამსხოს «Канцхути»-ს ფორმით და ასახელებს იქაურ მოსახლეს ვინმე სალათა მოურავაშვილს.

ბიზდი — მამაკაცის ოსური სახელწოდებაა და შეესატყვისება ქართულს „ბესარიონ“.

ამგვარად წარწერა შესრულებულია 1835 წელს და მასში მოხსენიებულია სალათას შვილი ბიზდი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვ. გამრეკელლი, „ისტორიული მასალები დვალეთიდან“, ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახ. მუზეუმის მოამბე, XXIV, თბ., 1963

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Акты Кавказской археографической комиссии, т. VI, ч. I, ст. 688