მომთაბარე მეცხოველეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მომთაბარე მეცხოველეობამეცხოველეობის ორგანიზაციის ფორმა, რომლის დროსაც ცხოველები მთელი წლის განმავლობაში ან წლის უმეტეს დროს ერთი სეზონური საძოვრებიდან მეორე გადაჰყავთ იმ პერიოდში, როდესაც ამ სავარგულზე უხვი და ყუათიანი საკვებია. მომთაბარე მეცხოველეობა განსაკუთრებით ხელსაყრელია მთაგორიან ქვეყნებში, სადაც ბუნებრივი სავარგულები წლის სხვადასხვა დროს შეიძლება რაციონალურად გამოვიყენოთ.

მომთაბარე მეცხოველეობა მკვეთრად განსხვავდება მოხეტიალე (ქოჩადმავლური) მეცხოველეობისაგან, რომლის დროსაც მოსახლეობას არ აქვს ძირითადი სადგომი თავისი განვითარებული მიწათმოქმედებით, მრეწველობით და ცხოველებთან ერთად მთელი ოჯახები იცვლიან ბინას.

მომთაბარე მეცხოველეობა განსხვავდება სტაციონარულ მეურნეობაში ცხოველების მთელი წლის განმავლობაში საძოვრული შენახვისაგანაც, როდესაც მხოლოდ საძოვრების მონაცვლება ხდება ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. მომთაბარე მეცხოველეობის სისტემა ითვალისწინებს ცხვრის, თხის, ღორის, ძროხის შენახვას. მომთაბარე მეცხოველეობის ეკონომიკური მნიშვნელობა დიდია, რადგან ამ სისტემის გამოყენებით მკვეთრად მცირდება ხარჯები საკვების დამზადებაზე, შრომაზე და სხვა, რაც საგრძნობლად ამცირებს პროდუქციის თვითღირებულებას. თავისუფლდება ბევრი სახნავი ფართობი მეურნეობის ძირითად ტერიტორიაზე სხვა სასოფლო-სამეურნეო დარგების განვითარებისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეონიძე ლ., მეღორეობა, ტფ., 1924;
  • Рчеулишвили М. Д., Отгонное овцеводство и пути его улучшения, Тб., 1957;
  • რჩეულიშვილი მ., ქსე, ტ. 7, გვ. 86-87, თბ., 1984