მედეა (სანატორიუმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სანატორიუმი „მედეა“არქიტექტურული ძეგლი წყალტუბოში. სანატორიუმი აგებულია 1957-1962 წლებში. პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ა. ინწკირველი და ფ. ფოცხიშვილი.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სანატორიუმი რთული კონსტრუქციის მქონე შენობათა კომპლექსია. ის შედგება სხვადასხვა სიდიდის და სართულების მქონე 6 შენობისგან, რომლებიც ერთმანეთთან არის დაკავშირებული. ამ ნაგებობებში მთავარია საპარადო შესასვლელი, რომლის ორივე მხარეს სამსართულიანი კუთხის ნაგებობებია. კარიბჭე და კიბეები გრანიტის კვადრებითაა შემოსილი. დერეფნის პირველი სართული დიდი სვეტოვანი ჰოლია, რომლიდანაც გასასვლელია უკანა ეზოში და გვერდითა ნაგებობებში. მეორე სართული გრძელი არკადაა, შუაში აბსიდისებური შვერილით.[1]

გარე კიბეებიდან შესაძლებელია მოხვედრა არკადაზე. სვეტების გვერდითა ჩაღრმავებები ოთხი მრგვალი სვეტის შეწყვილების იმიტაციას ქმნის. თითოული დასრულებულია მდიდრული კორინთული კაპიტელით. საპარადო შესასვლელის მარცხენა კუთხის შენობიდან გასასვლელია სამხრეთის ფლიგელში, რომელიც უკანა ეზოსკენაა წაგრძელებული. ფლიგელი სამსართულიანია. პირველ სართულს კაპიტელიან სვეტებზე დაყრდნობილი გრძელი ერთიანი აივანი აქვს. მეორე და მესამე სართული კი უაივნოა. სანატორიუმის სარკმლის ჭრილები თაღოვანი და სწორკუთხაა, რომლებიც ფასადზე ჭადრაკული წესით მონაცვლეობს.

ფლიგელი მეორე კიდით უკანა ეზოს დასავლეთით მდგარ ორსართულიან ნაგებობას უკავშირდება. ნაგებობის პირველი სართული გრანიტითაა მოპირკეთებული და ეზოს მხრიდან ორი, საპირისპირო მხარეს ამავალი კიბითაა დამშვენებული, რომლებიც მეორე სართულის აივანზე ადის. აივნის სვეტები კორინთული ორდენის კაპიტელებითაა დამშვენებული.

მეორე სართული დიდი დარბაზია. შენობის უკან კიდევ ერთი, მასთან დაკავშირებული ნაგებობაა. შენობის აივნის რიკულები ორმაგი ვოლუტებით დასრულებული სვეტებია. საპარადო შესასვლელის სამხრეთი კუთხის ჩანართი გრძელ მორკალულ შენობას უკავშირდება, რომელშიც დამსვენებელთა ოთახებია განთავსებული. შენობა სამსართულიანია. ფასადი დანაწევრებულია რიზალიტებით, რომელიც სამივე სართულის მომცველი დეკორატიული თაღებითაა შექმნილი. რიზალიტებიანი ნაწილის ინტერიერი შესასვლელისა და სართულშორისი კიბეებისთვისაა დათმობილი. სარკმელთა თაღოვანი და სწორკუთხა ჭრილები ფასადზე ჭადრაკულად მონაცვლეობს. სანატორიუმის ეზოებში ფანტანებია მოწყობილი. მათგან გამოსაყოფია რკალივით მოხრილი შენობის წინ გაკეთებული ფანტანი, რომლის კიდეებზე ხუთი ბიჭუნა ზის, ხოლო შუაში გოგონას ფიგურაა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 17446

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]