ლიმუზენური ჯიში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლიმუზენი (მსხვილი რქოსანი საქონლის ჯიში))
კურო
ფური

ლიმუზენური ჯიში, ლიმუზენი (ფრანგ. limousine) — მსხვილი რქოსანი საქონლის სახორცე მიმართულების ჯიში. სახელწოდება მომდინარეობს საფრანგეთის ისტორიული ოლქის, ლიმუზენის დასახელებიდან. წარმოშობილია ადგილობრივი აკვიტანიური საქონლისგან, რომელსაც საფრანგეთის დასავლეთ და ცენტრალურ რაიონებში აშენებდნენ. ჯიში ცნობილია XIX საუკუნის ბოლოდან.

ცხოველი გამოირჩევა დიდი ტანით. მკერდი მომრგვალებულია, ზურგი ძალიან ფართო და სწორი, ძლიერ განვითარებული მუსკულატურით. გავის ძვალი გრძელი, კარგად დაკუნთული, ბარკალი სავსე. ჩონჩხი მაგარი, შედარებით მსუბუქი. რქები მოკლეა, ოდნავ ქვემოთ დაშვებული. ჩლიქები გამძლე. ფერად მუქი წითელია, მუცლის ქვედა ნაწილში, თვალებისა და ცხვირ-ტუჩის გარშემო უფრო ღიაა. კურო იწონის 900–1100 კგ-ს, ფური — დაახლ. 600–700 კგ-ს; სიმაღლე მინდაოში საშუალოდ 145 და 133 სმ შესაბამისად.

ლიმუზენური ჯიშის სახორცე მიმართულების სხვა მსხვილი ჯიშებისაგან გამოირჩევა ხბოს მოგების სიადვილით, რაც განპირობებულია მისი ანატომიური თავისებურებებით და დაბადებისას ხბოს ცოცხალი მასის სიმცირით (36–39 კგ); რთული შემთხვევების რაოდენობა 2%-ს არ აღემატება. საშუალო წლიური მონაწველი 1500–1800 კგ რძეა. მოზარდეულს ძირითადად საწოვარებით ზრდიან. მალმწიფადი ჯიშია. რძით კვების შეწყვეტისას (დაახლ. 7 თვის ასაკში) ხბოს ცოცხალი მასა 210–230 კგ-ია. ინტენსიური გამოზრდისა და კვების დროს 12 თვის მოზვერი იწონის 450 კგ-ს, დღე-ღამეში იმატებს 800–1000 (1300-მდე) გრამს. ნაკლავის გამოსავალი 62–65%, გატყავებულ ხორცში ძვლის შემცველობა 16–17%-ია. ხორცი ნაზია, ადევს ქონის შედარებით თხელი ფენა, ბევრია კუნთშიდა ქონი, ხასიათდება კარგი საგემოვნო თვისებებით.

კარგად აკლიმატიზდება, ძალიან კარგად იყენებს საძოვრებს, მათ შორის მთის კალთებზეც. მის მოშენებას მისდევენ საფრანგეთში. სანაშენე ცხოველები შეჰყავთ სხვადასხვა ქვეყანაში. კუროებს ფართოდ იყენებენ სხვა ჯიშის ფურებთან სამრეწველო შეჯვარებებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Щеглов Е. В. Лимузинская порода // Большая российская энциклопедия. т. 17. — М., 2011. — стр. 485.
  • Лимузин // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 275.