ლილოს არქეოლოგიური ძეგლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლილოს არქეოლოგიური ძეგლებიბრინჯაოს ხანის გორასამარხები თბილისის აღმოსავლეთით, სადგურ ლილოსთან. გათხარეს 1962-1963 წლებში (საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიცია). შესწავლილია შუა ბრინჯაოს ხანის (დაახლოებით ძვ. წ. XVII—XVI სს.) დიდი ქვა-მიწაყრილიანი გორასამარხი დასაკრძალავი ორმოთი, სადაც აღმოჩნდა ე. წ. ორიალეთური ტიპის კერამიკა, ბრინჯაოს იარაღი (მათ შორის ეგეოსური ტიპის ბრინჯაოს საძგერებელი გრძელი მახვილი). ოქროსა და სხვა მასალის სამკაული, მსხვილი რქოსანი საქონლის ძვლები. ადამიანის ძვლები არ აღმოჩენილა, რაც შესაძლოა დაკრძალვის კრემაციულ წესზე მიუთითებდეს. გათხარეს აგრეთვე შუა ბრინჯაოს ხანიდან გვიანდელზე გარდამავალი ხანის (დაახლოებით ძვ. წ. XVI საუკუნის დასასრული — XIV საუკუნე) მომცრო ზომის ქვაყრილიანი (დიამეტრი 10—12 მ). 8 გორასამარხი დასაკრძალავი ორმოებით, სადაც აღმოჩნდა ადამიანის ჩონჩხი ან ძვლები. სამარხთა ნაწილი უინვენტარო იყო, ნაწილში ნაპოვნია თიხის (შავპრიალა, ჰორიზონტალურხაზებიანი მოყავისფრო), ჭურჭელი, ბრინჯაოს სატევრები (2 ც.), სამკაული (ოქროს, ქვისა და პასტის მძივები, 1 ოქროს ხვია). წვრილფეხა საქონლის ძვლები. აღმოჩენილი მასალა შესაძლოა გარკვეულ ეთნიკური ცვლილებას გამოხატავდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფიცხელაური კ., აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ. წ. XV—VII სს.), თბ., 1973;
  • Гогадзе Э. М., Курганные погребениз Лило. «ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე» , 1976, ტ. 32 В;