ლითონსაჭრელი ჩარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლითონსაჭრელი ჩარხიმანქანა, რომელზეც ლითონის ნამზადს ამუშავებენ ლითონსაჭრელი იარაღით. ლითონის ჭრით დამუშვება უძველესი დროიდან არის ცნობილი. საქართველოში (თრიალეთში) არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია ოქროსა და ვერცხლის ფიალები და თასები, რომლებიც ძვ. წ. XV საუკუნეს მიეკუთვნება. მეცნიერთა აზრით, ისინი სახარატო ტიპის ბრუნვით ჩარხებზეა დამზადებული.

დანიშნულების მიხედვით ლითონსაჭრელი ჩარხი არის უნივერსალური – ფართო ნომენკლატურის ნამზადებზე სხვადასხვა ოპერაციის ჩასატარებლად; სპეციალიზებული – ერთნაირი ტიპის სხვადასხვა ზომის დეტალების დასამუშავებლად; სპეციალური – ერთნაირი ტიპისა და ზომის ნაკეთობათა დასამუშავებლად. მართვის მიხედვით ლითონსაჭრელი ჩარხი შეიძლება იყოს ხელით სამართავი, ნახევრად ავტომატური და რიცხვით-პროგრამული მართვის. ბოლო ათეულ წლებში მსოფლიოში ფართოდ გავრცელდა რიცხვით- პროგრამული მართვის ტიპის ლითონსაჭრელი ჩარხები, რაც ხელს უწყობს საწარმოო პროცესების სრულ ავტომატიზაციას.

1936 წელს საქართველოში თბილისის ჩარხსაშენებელმა ქარხანამ გამოუშვა პირველი ჭანჭიკსაჭრელი ჩარხი. შემდეგ წლებში ჩარხმშენებლობის გაერთიანებამ დაიწყო თანამედროვე ტიპის სახარატო ხრახნსაჭრელი, სპეციალური მილდასამუშავებელი, აგრეთვე მაღალი სიზუსტის სახეხი ჩარხების და სხვ. გამოშვება, რომლებიც იგზავნებოდა მრავალ ქვეყანაში. საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მანქანათმშენებლობის ტექნოლოგიის კათედრაზე შექმნეს ახალი მხურვალმედეგი და სპეციალური ფოლადების დასამუშავებელი უნიკალური და უცენტრო ჩარხები, როტორული სარანდი და სხვა ჩარხების პრინციპული სქემები და კონსტრუქციები. ამავე ინსტიტუტის ლითონსაჭრელი ჩარხების კათედრაზე დაამუშავეს ჩარხების კინემატიკური გაანგარიშების კონტაქტური სიხისტის საკითხები.

საქართველოში ჩარხმშენებლობის განვითარებაში დიდი წვლილი მიუძღვით მეცნიერებს: გ. გოცირიძეს, თ. ლოლაძეს, გ. ჩიხლაძეს, ვ. ცოცხაძეს; კონსტრუქტორებს: თ. შენგელიას, პ. აბესაძეს, ლ. კულიკოვს, გ. ბენდუქიძეს და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Reimund Neugebauer (Hrsg.): Werkzeugmaschinen: Aufbau, Funktion und Anwendung von spanenden und abtragenden Werkzeugmaschinen, B., 2012.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]