ლიბანიოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიბანიოსი (ძვ. ბერძნ. Λιβάνιος; დ. 314, ანტიოქია – გ. დაახლ. 393, იქვე) — გვიანი ანტიკური ხანის ბერძენი ორატორი, რომელიც მოღვაწეობდა და ასწავლიდა კონსტანტინოპოლში, ნიკეასა და ნიკომედიაში. შემორჩენილია ლიბანიოსის თხზულებები (საჯარო გამოსვლები, წერილები და ა.შ.) ორატორული ხელოვნების შესახებ. ქართული აზროვნების კონტექსტში განსაკუთრებით აღსანიშნავია ლიბანიოსის ცნობები იბერიელი უფლისწულისა და სარდლის – ბაკურის (IV ს.) შესახებ, რომელიც ფრიად განსწავლული ყოფილა ანტიკურ ფილოსოფიაში. ლიბანიოსი ქება-დიდებით მოიხსენიებს ბაკურს და აღნიშნავს, რომ იგი ბრწყინავდა თავისი სხეულითა და გონებით. ლიბანიოსს მოსწონდა ბაკურის ცხოვრების სტოიკური წესი, სიბრძნის სიყვარული, მისი სამართლიანობა, სიმამაცე და ზომიერება. ლიბანიოსის თანახმად, ბაკურს გამოარჩევდა „ლოგოსების სიყვარული“, რის გამოც იგი ღმერთებსაც კი უყვარდათ. „დიდი ბაკური“ (ასე მოიხსენიება მრავალ ბერძნულ წყაროსა და დოკუმენტში) თავისი დროის უდავოდ დიდი მჭევრმეტყველი იყო. აღსანიშნავია, რომ იგი არა მარტო „ჭვრეტითი ცხოვრების წესის“, არამედ „აქტიური ცხოვრების წესის“ განსახიერებაც გახლდათ. ლიბანიოსის ცნობების თანახმად, ბაკური თვითფლობის დიდოსტატიც იყო. მან საკუთარი ცხოვრება „ოქროს შუალედის“, ე. წ. „სამეუფო გზის“ მიხედვით მოაწყო და ამით ყველა ბრძენისა და ფილოსოფოსის ჭეშმარიტ მიზანსაც მიაღწია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • წერილები, წგ.: გეორგიკა, ა. გამყრელიძის და ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1961.
  • ირემაძე თ., გვიანი ანტიკური ხანის ფილოსოფია საქართველოში, „საპატრიარქოს უწყებანი“, 2019, №8;
  • ხიდაშელი შ., ქართული ფილოსოფიის ისტორია (IV–XIII სს.), თბ., 1988.,

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]