ლია (ფრინველთა გვარი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლია (Limosa) — ფრინველითა გვარი მეჭვავიასნაირთა რიგის (Charadriiformes) ჩიბუხასებრთა ოჯახიდან (Scolopacidae).

წარმოადგენს საკმაოდ დიდი ზომის გრძელნისკარტა და გრძელფეხა ფრინველებს. საქართველოში გვხვდება ორი სახეობა – დიდი ლია (L. limosa) და მცირე ლია (L. lapponica). დიდი ლიას სხეულის სიგრძეა 36–44 სმ, ფრთაშლა – 70–82 სმ, მასა – 160–500 გ. მცირე ლიას სხეულის სიგრძეა 37–41 სმ, ფრთაშლა 70–82 სმ, მასა – 230–360 გ. მამრი მდედრზე პატარაა. სახეობები თითქმის ერთნაირი ზომა-წონისაა, მაგრამ მცირე ლიას ფეხები და ნისკარტი უფრო მოკლე აქვს. გამრავლების პერიოდში დიდი ლიას მამრს კისერი შეფერილი აქვს ქარციდან ჟანგისფრამდე, ზურგი კი მოხატულია შავი და ღია ყავისფერი კოპლებითა და ზოლებით, მკერდიდან მუცლისკენ სიქარცე ქრება და თეთრში იშვიათ განივ ზოლებად გადადის. მცირე ლიას მამრს გამრავლების პერიოდში კისერი, მკერდი და მუცელი მკვეთრი მოწითალო-ჟანგისფერი აქვს, ზურგის მხარეზე ყავისფერი, შავი და თეთრი ლაქები და ზოლები გასდევს. ორივე სახეობის მდედრები შეფერილობით თავიანთ მამრებს გვანან, მაგრამ ელფერი უფრო მკრთალი აქვთ. ზამთრისკენ ჟანგისფერი შეფერილობა ქრება და ღია მოყავისფრო ან მოთეთრო ყავისფერი ხდება, ზედა მხარეს კი მონაცრისფრო ელფერი ედება. ლია იკვებებიან კიბოსნაირებით, ჭიებით, მოლუსკებით, მწერებით, ობობებით, მიმოფრენისას – კენკროვნებით, მარცვლეულით. ორივე სახეობა 3–4 კვერცხს დებს, დიდი ლია კრუხობს 22–24 დღე, მცირე ლია კი – 20–21. დიდი ლია ბუდობს როგორც ტუნდრაში (მხოლოდ ჩუკოტკაზე და ისლანდიაში), ისე უფრო სამხრეთით – შავი ზღვისა და ხმელთაშუა ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროებამდე, მცირე ლია კი – ტუნდრაში, ევროპაში, აზიაში და ალიასკაზე. ზამთრობენ აფრიკაში, სამხრეთ აზიაში, ავსტრალიაში; მცირე ლია – ახალ ზელანდიაში. დაუჯდომლად გადაფრენის რეკორდი ეკუთვნის მცირე ლიას, რომლის ერთ-ერთმა მამრმა 12200 კმ იფრინა. საქართველოში გვხვდებიან მიმოფრენისას გაზაფხულსა და შემოდგომაზე. ამ დროს დიდ ლიას ძირითადად ვხვდებით დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთში – იშვიათად. ასევე იშვიათია მცირე ლია დასავლეთ საქართველოში. სარგებლობა მოაქვს მავნე მწერებისა და მოლუსკების განადგურებით. სპორტული ნადირობის ობიექტია. დიდი ლიას რიცხოვნობა ადგილსამყოფლის დაკარგვის გამო კლებულობს, რის გამოც სავარაუდოდ, ის დაცვის ობიექტი გახდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]