ლაიოშ კოშუტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ლაიოშ კშუტი)
ლაიოშ კოშუტი

ლაიოშ კოშუტი (უნგრ. Kossuth Lajos; დ. 19 სექტემბერი, 1802, მონოკი, ზემპლენის კომიტატი — გ. 20 მარტი, 1894, ტურინი) — უნგრეთის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. ადვოკატი. უნგრეთის რევოლუციის (1848-1849) დროს მეთაურობდა სახელმწიფო კრების ოფიციალურ ფრთას.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1848 წლის 3 მარტს გამოვიდა საპროგრამო სიტყვით და შესთავაზა სახელმწიფო კრებას ავსტრიის იმპერატორ ფერდინანდ I-თვის (ერთდროულად უნგრეთის მეფე ფერდინანდ V) გაეგზავნათ პეტიცია, რომლითაც უნდა მოეთხოვათ კონსტიტუციის შემოღება, უნგრეთის დამოუკიდებელი მთავრობის (რომელიც პასუხს აგებდა პარლამენტის წინაშე) შექმნა. 1848 წლის მარტი-სექტემბერში იყო ფინანსთა მინისტრი უნგრეთის პირველ მთავრობაში. 1848 წლის ივლისში აირჩიეს სახელმწიფო კრების (რომელისც პეშტში შეიკრიბა) დეპუტატად. იყო უნგრეთის ეროვნული არმიის შექმნის ინიციატორი. სექტემბერში სათავეში ჩაუდგა სამშობლოს დაცვის კომიტეტს, რომელსაც პარლამენტმა 8 ოქტომბერს მთავრობის ფუნქციები მიანიჭა. კოშუტი მხარს უჭერდა ჰაბსბურგების წინააღმდეგ ავსტრიის დემოკრატებთან ერთდად ბრძოლას. იყო დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოქვეყნების (1849 წლის 14 აპრილი) ინიციატორი. 1849 წლის 2 მაისს აირჩიეს უნგრეთის უმაღლეს მმართველად. კოშუტი უნგრეთის დამოუკიდებლობის საკითხებში ჰაბსბურგებთან შეურიგებლობას იჩენდა, მაგრამ, როგორც საშუალო თავადაზნაურობის ინტერესის გამომხატველი, არათანმიმდევრულ და მერყევ პოზიციაზე იდგა საგლეხო, ეროვნულ და სხვა კარდინალურ საკითხებში. ემხრობოდა რევოლუციური მთავრობის რეპრესიების პოლიტიკას გლეხთა მოძრაობის წინააღმდეგ. 1849 წლის 11 აგვისტოს ხელისუფლება უნგრეთის ეროვნული არმიის მთავარსარდალს ა. გერგეის გადასცა და ემიგრაციაში წავიდა. ავსტრიის მთავრობამ მას დაუსწრელად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. 1852-1859 წლებში ცხოვრობდა ინგლისში, სადაც ხვდებოდა ა. გერცენს. 1859 წელს გარიბალდის არმიაში უნგრული ლეგიონის შექმნის ინიციატორი იყო. 1867 წელს უარი თქვა უნგრეთში ამნისტიით დაბრუნებაზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]