კუჭის წვენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კუჭის წვენი — რთული შედგენილობის საჭმლის მომნელებელი წვენი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭის ლორწოვანი გარსის სხვადასხვა უჯრედი. იგი უფერო სითხეა. შეიცავს ფერმენტებს, მცირე რაოდენობით ლიპაზას, აგრეთვე მარილმჟავას (ადამიანის კუჭში მისი კონცენტრაცია 0.4-0.5%-ს აღწევს) და ლორწოს. მარილმჟავა ააქტივებს ფერმენტებს, იწვევს ცილების დენატურაციასა და გაჯირჯვებას, რაც აადვილებს მათ დაშლას, განაპირობებს კუჭის წვენის ბაქტერიციდულ თვისებებს, ასტიმულირებს ნაწლავის ჰორმონების გამოყოფას. საცდელი საუზმის შემდეგ ადამიანის კუჭის წვენის საერთო მჟავიანობა 40-60 პირობით ერთეულს უდრის, თავისუფალი მჟავიანობა 20-40-ს. კუჭის ზოგიერთი ფუნქციის დარღვევის დროს მარილმჟავას რაოდენობა კუჭის წვენში მატულობს ან მცირდება ან სულ ქრება (ე. წ. აქილია). ლორწო იცავს კუჭის კედლებს მექანიკური და ქიმიური გამღიზიანებლებისაგან. დღე-ღამეში ადამიანის კუჭში 2 ლიტრამდე კუჭის წვენი გამოიყოფა. კუჭის წვენის რაოდენობა, შედგენილობა და თვისებები იცვლება საკვების ხასიათის მიხედვით, აგრეთვე, კუჭის, ნაწლავებისა და ღვიძლის დაავადების დროს. ადამიანის კუჭის წვენს იკვლევენ კუჭის ზონდირებით სხვადასხვა ბუნებრივი და ფარმაკოლოგიური გამღიზიანებლების ფონზე. ცხოველების კუჭის წვენს იყენებენ საჭმლის მომნელებელი ორგანოების ზოგიერთი დაავადებისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]