კლიმაქსი (2018 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კლიმაქსი“
რეჟისორი გასპარ ნოე
სცენარის ავტორი გასპარ ნოე
მონტაჟი
  • დენის ბედლოუ
  • გასპარ ნოე
გამოსვლის თარიღი 13 მაისი, 2018 (2018-05-13) (კანი)
19 სექტემბერი, 2018 (2018-09-19) (საფრანგეთი)
21 ნოემბერი, 2018 (2018-11-21) (ბელგია)
ხანგრძლივობა 96 წუთი[1]
ქვეყანა საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
ბელგიის დროშა ბელგია[2]
ბიუჯეტი 2.9 მილიონი დოლარი[3]
შემოსავალი 2 მილიონი დოლარი[4][5]

„კლიმაქსი“ (ფრანგ. Climax) — 2018 წლის ფსიქოლოგიური საშინელებათა ფილმი, გასპარ ნოეს მეხუთე სრულმეტრაჟიანი ფილმი, წარმოადგენს საფრანგეთისა და ბელგიის საერთაშორისო თანაწარმოებას. ფილმში მოქმედება 1996 წლის ზამთარში ერთ შენობაში ვითარდება. ოცდაოთხი წევრისაგან შემდგარი მოცაკვავეთა ანსამბლი რეპეტიციის შემდეგ წვეულებას აწყობს. სიუჟეტი დრამატულად იცვლება და მოცეკვავეთა უწყინარი გართობა თანდათან ჯოჯოხეთს ემსგავსება, როცა ისინი აგრესიულად და უკონტროლოდ იწყებენ ქცევას, რისი მიზეზიც სანგრიაში გარეული ელესდი აღმოჩნდება.

„კლიმაქსი“ უჩვეულო წარმოების სტილით გამოირჩევა. მისი იდეის შექმნისა და წარმოებისწინა პერიოდი მხოლოდ ოთხ კვირას მოიცავდა, ხოლო გადაღებები ქრონოლოგიურად 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მიუხედავად იმისა, რომ რეჟისორს გარკვეული ჩანაფიქრი ჰქონდა, ფილმის უდიდესი ნაწილი არაა წინასწარი დადგმით გადაღებული და მსახიობთა იმპროვიზაციას წარმოადგენს. გადაღება ყოველგვარი სცენარისა თუ წინასწარ დაწერილი დიალოგების გარეშე მიმდინარეობდა და მსახიობებს, როგორც საკუთარი პერსონაჟების, ასევე სიუჟეტის განვითარებაში სრული თავისუფლება ჰქონდათ მინიჭებული. „კლიმაქსის“ სამსახიობო შემადგენლობაში თითქმის მხოლოდ პროფესიონალი მოცეკვავეები იყვნენ, რომელთა უმრავლესობას ფილმში მონაწილეობამდე არანაირი სამსახიობო გამოცდილება არ ჰქონდა მიღებული. ფილმი საინტერესო მონტაჟითა და კინემატოგრაფიული საშუალებების გამოყენებით გამოირჩევა. გვხვდება რამდენიმე გრძელი კადრი, რომელთაგან ერთ-ერთი 42 წუთის მანძილზე გრძელდება.

„კლიმაქსის“ პრემიერა 2018 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა. ფილმმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა. კრიტიკოსთა უმრავლესობამ რეჟისურის, კინემატოგრაფიის, მუსიკალური გაფორმების, ქორეოგრაფიისა და მსახიობთა შესრულების მაღალი დონე შეაქო, მიუხედავად ამისა, მათმა ნაწილმა ფილმში გამოყენებული ძალადობა გააკტიკიკა და სიუჟეტური ხაზის განვითარების ნაკლებობა აღნიშნა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Climax. British Board of Film Classification (2018).
  2. Climax (2018).
  3. Sachs, Ben (2019). „Climax“. Chicago Reader.
  4. Climax. Box Office Mojo. IMDb.
  5. Climax (2018). The Numbers. Nash Information Services, LLC.