კაბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კაბა — ზედა სამოსის ერთ-ერთი გავრცელებული სახე. გამოირჩევა გრძელი ქვედა ნაწილით, რომელიც ფარავს ტანსა და ფეხების ზედა ნაწილს. წარსულში ცნობილი იყო მამაკაცისა და ქალის კაბები, მაგრამ დროთა განმავლობაში კაბა ძირითადად ქალის ჩაცმულობის ელემენტად იქცა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტერმინი „კაბა“//„ყაბა“ (არაბ.) ორივე სქესის ზედა სამოსის აღმნიშვნელ სიტყვად გვევლინება[1]. მისი გავრცელების არე მისდევს ჯუბის გავრცელების საზღვრებს. ადგილობრივ პირობებთან შედარებით სხვადასხვა ქვეყანაში ნაირი ფორმის კაბა შეიქმნა მკერდდახშული, ჩაღილული (სირია, ბაღდადი, არაბეთი, სომხეთი), გულზე საყელო გადაფენილი და ჩიხორ განიერი (სპარსეთი), მკლავებზე აკეცილი, ვიწრო და გრძელი სახელოებით (სპარსეთი), ვიწრო სახელოებიანი (ეგვიპტე), ენიანი ანუ ყურჯთმაჯიანი (საქართველო), ყელ-კისერ ამოჭრილი (სირია, ერაყი, სომხეთი), მკერდღია და გულისპირიანი (საქართველო)[2] და ა. შ. მათი მოხმარებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდგომ, კაბა დამკვიდრდა სპარსეთსა და საქართველოში, ჯუბა კი ცენტრალური აზიის ქვეყნების მცხოვრებთა ნაციონალურ სამოსად იქცა[3]. ქართული სინამდვილითაც დასტურდბა, რომ საქართველოში კაბა ორივე სქესის ჩასაცმელი ყოფილა: „გამოვიდა იგი კაბითა. ცხენსა ჯდა... გამიკვირდა, აბჯრისა ტანსა არა ცმა“ („ამირან დარეჯანიანი“, 87, 15); „მას ტანსა კაბა ემოსა, გარე თმა ვეფხის ტყავისა“ („ვეფხისტყაოსანი“, 85, 1); „კაბა ისპაჰანის დიბისა ყვითელი და პატიოსანი“ (საქართველოს სიძველენი, მზითვის წიგნი, ტ. III, 486, 19); „კაბის ღილი ათი მურასა, ორასის იაგუნდითა“ (საქართველოს სიძველენი, მზითვის წიგნი, ტ. II, 432, 5); „ქვეყანა გამწვანებულა, ბევრი ათასი ფერი ყვავილი მიწისაგან ამოსულა. მთამან ბერძნულისა ოქსინოისა კაბა შეიკერა“ („ვისრამიანი“, 1938, 86).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ც. ბეზარაშვილი, „ქალის სამოსელი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში“, თბ., 1974

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ი. ციციშვილი, „მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის“, თბ. 1954, გვ. 52, 55
  2. ი. ციციშვილი, „მასალები ქართული ჩაცმულობის ისტორიისათვის“, თბ. 1954, გვ. 55
  3. Г. Вамбери, Очерки жизни и нравов Востока, Спб. 1877, 53-57


wikistub ეს არის სტატიის ან სექციის ესკიზი.
თქვენ შეგიძლიათ შეავსოთ იგი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კაბა&oldid=4115522“-დან