იუპიტერის ტაძარი
იუპიტერ ოპტიმუს მაქსიმუსის ტაძარი, ასევე ცნობილი როგორც იუპიტერ კაპიტოლინუსის ტაძარი (ლათ. Aedes Iovis Optimi Maximi Capitolini; იტალ. Tempio di Giove Ottimo Massimo; სიტყვასიტყვით „საუკეთესოსა და უდიდესის, იუპიტერის ტაძარი“) — ძველი რომის უმნიშვნელოვანესი ტაძარი, რომელიც კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარეობდა. იგი გარშემორტყმული იყო „არეა კაპიტოლინით“, ტერიტორიით, სადაც მრავალი სალოცავი, სამსხვერპლო, ქანდაკება და გამარჯვების თასი იყო გამოფენილი.
მოცემული ტაძრის აგება ტრადიციულად ძვ. წ. 509 წელს შეუკვეთეს[1][2] და იყო რომის უძველესი დიდი ტაძარი. ცენტრალური იტალიის მრავალი ტაძარივით, მას ეტრუსკული არქიტექტურის ელემენტები ჰქონდა. წყაროების მიხედვით, ეტრუსკი სპეციალისტები მოწვიეს მისი მშენებლობის სხვადასხვა ასპექტისთვის, მათ შორის ანტეფიქსებისა და თიხის სხვა დეკორაციების დასამზადებლად და მოსახატად.[3] ხით აშენებული ეს ტაძარი ძვ. წ. 83 წლის ხანძრის დროს დაიწვა და მისი რეკონსტრუქცია საბერძნეთიდან მოწვეული ხელოსნების მეშვეობით მოხდა. ახალი შენობა, სავარაუდოდ, ძირითადად ბერძნული სტილის იყო, თუმცა, სხვა რომაული ტაძრების მსგავსად შენარჩუნებული ჰქონდა ეტრუსკული ფორმის მრავალი ელემენტი.[4] ტაძრის მეორე ვერსიის მშენებლობა ძვ. წ. 69 წელს დასრულდა. შემდგომმა ხანძრებმა მისი კიდევ ორი რეკონსტრუქციის საჭიროება გამოიწვია, რომელიც უკვე აშკარად თანამედროვე რომაული არქიტექტურული სტილის შესაბამისად მოხდა.
ტაძრის პირვანდელი სახე ეტრუსკული სტილის უდიდესი ტაძარი იყო, რომელიც საუკუნეების განმავლობაში სხვა რომაულ ტაძრებზე გაცილებით დიდი იყო. თუმცა, სპეციალისტები მის ზომაზე სერიოზულად კამათობენ. ერთ-ერთი უძველესი მოგზაურის მიხედვით, მისი ზომები თითქმის 60 მ × 60 მ იყო, რაც უდიდეს ბერძნული ტაძრების ზომებს არ ჩამოუვარდებოდა.[5] ზომის მიუხედავად, მისი გავლენა სხვა ადრეულ რომაულ ტაძრებზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი იყო.[6] ძვ. წ. 78 წლის მონეტის გამოსახულება მხოლოდ ოთხ სვეტს და ძალიან დატვირთული სახურავის ხაზს აჩვენებს.[7]
მესამე ტაძარმა მხოლოდ ხუთი წლის განმავლობაში გაძლო, 80 წლამდე, კიდევ ორი ხანძრის შემდეგ, მაგრამ მეოთხე შენობამ იმპერიის დაცემამდე გაძლო. ბოლო ტაძრის ნაშთები გადარჩა, მაგრამ, შუა საუკუნეებსა და რენესანსის პერიოდში გაიძარცვა. დღეისთვის კი მხოლოდ საძირკვლის და პოდიუმის (ბაზის) ელემენტები გადარჩა, რადგანაც შემდგომი ტაძრები, სავარაუდოდ, ხელახლა იყენებდა მათ. შესაძლოა ეს ნაწილები გარკვეულწილად პირველი შენობის პერიოდს მიეკუთვნებოდნენ. ამ სხვადასხვა შენობასთან დაკავშირებით ბევრი რამ კვლავ გაურკვეველი რჩება.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი შენობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაც პირველი იუპიტერის ტაძრის შესახებ ცნობილია, ძირითადად ეფუძნება რომაულ ტრადიციას. ტაძრის მშენებლობის ბრძანება მეფე ლუციუს ტარკვინიუს პრიკუსმა გასცა, საბინებთან ბრძოლის დროს[8] და დიონისე ჰალიკარნასელის თანახმად, დაიწყო ტერასების აშენება, რაც აუცილებელი იყო ტაძრის საძირკვლის გასამაგრად.[9] ტაძრის საძირკვლის უმეტესი ნაწილი, რომელიც კაპელაჩიო ტუფისგან იყო დამზადებული, სავარაუდოდ, ამ ადგილზევე იყო მოპოვებული, როდესაც ტერიტორია გათხარეს და გაასწორეს შენობისთვის.[10] კაპიტოლზე ჩატარებულმა თანამედროვე კვლევებმა დაადასტურა, რომ აუცილებელი იყო დიდი სამუშაოები, რათა შენობისთვის გათავისუფლებულიყო ტერიტორია.[11] დიონისე ჰალიკარნასელისა და ლივიუსის თანახმად, ტაძრის საძირკველი და უმეტესი ნაწილი ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსის, რომის ბოლო მეფის მიერ აშენდა.[12]
ლივიუსი ასევე აღნიშნავს, რომ ტაძრის აშენებამდე ამ ადგილზე სხვა ღმერთების საკურთხევლები იდგა. ავგურების მიერ რიტუალების აღსრულების დროს, მათი ამოღებისთვის, მხოლოდ ტერმინუსსა და იუვენტას არ სურდა გადაადგილება. ამიტომ, მათი საკურთხევლები ახალ სტრუქტურაში შეიტანეს. ვინაიდან ის საზღვრების ღმერთი იყო, ტერმინუსის უარი გადაადგილებაზე, რომის სახელმწიფოს მომავლისთვის ხელსაყრელი ნიშანი ჩაითვალა. მეორე ნიშანი იყო კაცის თავის გამოჩენა მუშაკებისთვის, რომლებიც ტაძრის საძირკვლის გათხრებს ასრულებდნენ. აურგებმა (რომელთა შორის იყვნენ აურგები, რომლებიც განსაკუთრებით ეტრურიიდან იყვნენ მოწვეულები) აღნიშნეს, რომ რომი დიდი იმპერიის ცენტრი იქნებოდა.[13]
ლივიუსი აცხადებს, რომ ტაძარი გაიხსნა 13 სექტემბერს, დღეს, როდესაც რომის რესპუბლიკამ რომის სამეფო ჩაანაცვლა,[14] რაც ძვ. წ. 509 წელია ვარონის ქრონოლოგიის მიხედვით. კასიუსი დიო და პლუტარქე დაეთანხმნენ ლივის ჩანაწერს. ჰალიკარნასის დიონისიუსის თქმით, ტაძარი გაწმენდილი იყო ორი წლის შემდეგ, ძვ. წ. 507 წელს. ტაციტუსი ამ ინტერპრეტაციას ეთანხმება. ტაძრის გახსნა ახალი თანამმართველების, იმ წლის არჩეული ორი კონსულის პასუხისმგებლობა იყო. მათ დავალება გაიყვეს თამაშით, და იგი მარკუს ჰორაციუს პუვილუსს ხვდა წილად.[15] ჰორაციუსი კონსული იყო როგორც ძვ. წ. 509, ასევე 507 წელს, რაც მიძღვნის თარიღთან დაკავშირებით დავას ქმნის. ლივიუსი აღნიშნავს, რომ ძვ. წ. 495 წელს ლათინებმა, მადლიერების ნიშნად, რომაელების მიმართ 6 000 ლათინი პატიმრის გათავისუფლებისთვის ტაძარს ოქროს გვირგვინი გადასცეს.[16]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- "Temple of Jupiter" in A Topographical Dictionary of Ancient Rome
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ab urbe condita, 2.8
- ↑ Stamper, 12–13; Galluccio, 237–291
- ↑ Christofani; Boethius, 47
- ↑ Boethius, 47–48
- ↑ Stamper, 33 and all Chapters 1 and 2. Stamper is a leading protagonist of a smaller size, rejecting the larger size proposed by the late Einar Gjerstad.
- ↑ Christofani
- ↑ Denarius of 78 BC
- ↑ Livy Ab urbe condita 1.38
- ↑ Dionysius of Halicarnassus, Roman Antiquities 3.69
- ↑ Richardson, 1992; p. 222
- ↑ Ammerman 2000, p. 82–83
- ↑ Dionysius of Halicarnassus, Roman Antiquities 4.61; Livy History 1.55–56.1
- ↑ Livy Ab urbe condita 1.55
- ↑ Ab urbe condita, 2.8
- ↑ Tacitus, quoted in Aicher 2004, p. 51
- ↑ Livy, Ab urbe condita, 2.22