ისრაელის ალმასების ბირჟა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ისრაელის ალმასების ბირჟა — მსოფლიოს ერთ-ერთი გამორჩეული და ყველაზე მსხვილი, მოწინავე ცენტრია ალმასების დამუშავებისა და ბრილიანტებით ვაჭრობის სფეროში. აღნიშნული ალმასების ბირჟა განთავსებულია 4 შენობის კომპლექსში, რამათ განში. ისრაელი ალმასებით ვაჭრობის და ბრილიანტების წარმოების ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიო ცენტრია, ამ მხრივ ის ერთ-ერთ წამყვან ქვეყნად ითვლება.

ისრაელის ალმასების კომპანიები ძვირფასი ხარისხის ალმასის ნედლეულის მსოფლიო მოცულობის მნიშვნელოვან წილს ამუშავებენ. ამ ძვირფასი ქვის დაწახნაგებისა და გაპრიალების აქაურ საწარმოებში, რომლებიც მსოფლიოში მოწინავეებად მიიჩნევა, ალმასის დამუშავების ურთულეს ტექნოლოგიებს იყენებენ, რომელთა დიდი ნაწილი გასაკვირი არა, რომ სწორედ ისრაელშია შექმნილი.

ისრაელშია დიამანტერების ტექნოლოგიური მიღწევები, როგორიცაა: დაწახნაგების ლაზერული დანადგარები, გაპრიალების ავტომატიზებული მოწყობილობები, ავტომატიზებული პროექტირების კომპიუტერული სისტემები და მრავალი სხვა, ეს ყველა მეთოდი დღეისათვის ყველგან გამოიყენება მსოფლიოში.

ისრაელის ალმასების ბირჟა (IDE) 1937 წელს დაარსდა და ამჟამად 3000-მდე წევრს ითვლის, რომლებიც ალმასის ნედლეულის და ბრილიანტების წარმოებას, იმპორტს, ექსპორტს და ვაჭრობას მისდევენ. ბირჟა თავისი წევრებისთვის ქმნის საქმიანობის ისეთ პირობებს, რომ გამყიდველებსაც და მყიდველებსაც საშუალება ჰქონდეთ, მაქსიმალურად კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში განახორციელონ გარიგებები; ეს ეხება როგორც სავაჭრო დარბაზებს, ისე ბირჟის წევრების კერძო ოფისებს.

ალმასების ინდუსტრიიდან ისრაელის ბიუჯეტი მაქსიმალურ შემოსავალს იღებს. ისრაელის ბრილიანტების ბირჟის წლიური ბრუნვა დაახლოებით 10 მილიარდ დოლარს აღწევს. ამ დარგში რა თქმა უნდა ისრაელი ერთ-ერთი მსოფლიო ლიდერია და გარიგებების წლიური რაოდენობა განუხრელად იზრდება.

ბრილიანტები ისრაელის ერთ-ერთი წამყვანი საექსპორტო პროდუქტია. დღეს ეს ქვეყანა არა მარტო ბრილიანტების ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორია მსოფლიოში, არამედ ალმასის ნედლეულით ვაჭრობის ერთ-ერთი უდიდესი ცენტრიცაა.

ისრაელის ბრილიანტების ბირჟა თავის კლიენტებს ყველანაირ გარანტიას აძლევს ძვირფასი ქვების გაყიდვასა თუ ყიდვასთან დაკავშირებით; მოქმედებს მნიშვნელოვანი ფასდაკლებებიც კომპანიების მხრიდან პოტენციური კლიენტების მოსაზიდად.

აქ შესაძლებელია ნებისმიერი ზომის, ფორმისა და ხარისხის ბრილიანტის შეძენა, იქნება ეს წვრილი, საშუალო, მსხვილი, მრგვალი, ექსტრავაგანტურად ორიგინალური ფორმის თუ სპეციალური დაწახნაგების.

ალმასების ყიდვა-გაყიდვის გარიგება მთელ მსოფლიოში მთავრდება ხელის ჩამორთმევით და ორი სიტყვით ივრითზე: „მაზალ უბრახა“. ამ სიტყვებით გარიგების მონაწილეები ერთმანეთს ლოცავენ და წარმატებას უსურვებენ.

IDE-ს უზარმაზარი სავაჭრო მოედანი 2 დარბაზისგან შედგება (პირველი განკუთვნილია ალმასებისთვის, მეორე კი ბრილიანტებისთვის). მისი საერთო ფართობი 2,5 ათას კვადრატულ მეტრს უტოლდება. სავაჭრო დარბაზებში ყოველდღიურად ასობით დიამანტერი დებს გარიგებებს ურიცხვ უცხოელ მყიდველთან, რომლებიც ალმასებისა და ბრილიანტების შესაძენად მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოდიან სწორედ ისრაელში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]