იმერეთის აჯანყება (1810)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან იმერეთის აჯანყება 1810)
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ იმერეთის აჯანყება.

იმერეთის აჯანყება 1810 — ბრძოლა იმერეთის სამეფოს დამოუკიდებლობისათვის. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსეთის მთავრობამ დაიწყო მოქმედება იმერეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი შეერთებისათვის.

მეფე სოლომონ II რუსეთის მთავრობას 1804 წლის ტრაქტატით გათვალისწინებული პირობების შესრულებას სთხოვდა. 20 თებერვალს ქუთაისში გამოქვეყნდა ბრძანება სოლომონ II-ის ტახტიდან გადაყენებისა და იმერეთში რუსეთის მმართველოს შემოღების შესახებ. ცარიზმის მოხელეებმა მოტყუებით ჩაიგდეს ხელში სოლომონ II და უცდიდნენ იმპერატორის ბრძანებას მისი პეტერბურგში გადასახლების შესახებ. მაგრამ მეფემ მოახერხა გაქცევა და თავი ახალციხის საფაშოს შეაფარა. აქედან მან აჯანყებისაკენ მოუწოდა იმერეთის მოსახლეობას, რომლის უკმაყოფილება თანდათან იზრდებოდა. რუსი მოხელეები, ისე როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, აქაც იძულებითი წესით მოითხოვდნენ გლეხებისაგან სურსათს, ტრანსპორტს და სხვა სამსახურს. უკმაყოფილო იყო თავადაზნაურობაც, რომელიც პრივილეგიებს კარგავდა. იმერეთში სახალხო-განმათავისეუფლებელი ბრძოლა გაჩაღდა. თბილისიდან რუსეთის მთავრობამ 3200 კაცისაგან შემდგარი ჯარი გაგზავნა, რომელიც 2 ნაწილად გაიყო და იმერეთს შეესია. ამ ჯარის ერთი ნაწილი აჯანყებულებმა საზღვართან დაამარცხეს. შემდეგ იმერეთისაკენ ახალი ჯარით დაიძრა გენერალ-ლეიტენანტი ბარონი როზენი. მან ჩხერის ციხესთან დაამარცხა 5 ათასი კაცისაგან შემდგარი იმერთა ჯარი და ქუთაისს მიადგა. გენერალთან მივიდნენ სამეგრელოსა და გურიის მთავრები - დადიანი და გურიელი. თვითმპყრობელობის მხარეზე გადავიდა იმერეთის ფეოდალთა ერთი ნაწილი. სოლომონ II ერთხანს ხანისწყლის ხეობაში გამაგრდა, მაგრამ ბოლოს დამარცხდა და სექტემბრის მიწურულს იძულებული გახდა ისევ ახალციხის საფაშოსათვის შეეფარებინა თავი. იმერეთში სამეფო გააუქმეს და რუსეთის მმართველობა შემოიღეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველო XIX საუკუნის პირველ მეოთხედში, მის წგნ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • ნარსია გ., ქსე, ტ. 5, გვ. 112-113, თბ., 1980