ილია გვერდწითელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილია მიხეილის ძე გვერდწითელი (დ. 10 თებერვალი, 1908, სოფ. ხცისი, ახლანდ. ხაშურის მუნიციპ., — გ. 15 ივნისი, 1980, თბილისი) — ქართველი ქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1967), ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1953), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1963).

დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი (1934). საბჭოთა არმიის რიგებში მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. 1933 წლიდან მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (1953-1956 პრორექტორი სასწავლო დარგში), 1954 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ორგანული ქიმიის კათედრის გამგე. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიის სამეცნიერო საბჭოს (1967) და საქართველოს უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს ქიმიური სწავლების სამეცნიერო-მეთოდური საბჭოს (1969) თავმჯდომარე.

გვერდწითელის შრომები ეხება უჯერი აცეტილენური და დიაცეტილენური ოქსინაწარმების სინთეზისა და კატალიზური გარდაქმნის საკითხებს. მუშაობდა აგრეთვე ელემენტორგანულ ნაერთთა ქიმიის საკითხებზე. დაჯილდოებულია სახელმწიფო, მათ შორის საბრძოლო ჯილდოებით (სამამულო ომის II ხარისხის ორდენი და სხვ.). მიღებული აქვს პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია (1980).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მაღალმოლეკულური ნაერთები სახალხო მეურნეობაში, თბ., 1960.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მიქაძე შ., დოქსოპულო თ., ილია გვერდწითელი (ცხოვრება და მოღვაწეობა), თბ., 1978.