თეორია X და თეორია Y

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

X-Y თეორია წარმოადგინა ამერიკელმა ფსიქოლოგმა დაგლას მაკგრეგორმა 1960 წელს გამოცემულ საკუთარ წიგნში „საწარმოს ადამიანური მხარე“. იგი დღესაც რჩება მთავარ პრინციპად, რომლის საფუძველზეც უნდა განვითარდეს პოზიტიური მართვის სტილი. მაკგრეგორი X-Y თეორიაში აანალიზებს შრომის სუბიექტის შესახებ არსებულ ორ ურთიერთსაპირისპირო შეხედულებას.

თეორია X[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეორია X ორგანიზაციის ავტორიტარული მართვის შინაარსს გადმოგვცემს. თეორია X-ის თანახმად ადამიანთა უმრავლესობას შრომა არ უყვარს და მის თავიდან აცილებას ყოველნაირად ცდილობს. ადამიანებს დიდი ძალისხმევის დახარჯვა არ სურთ, რადგან თავისი ბუნებით ზარმაცები არიან. მათ პატივმოყვარეობა ნაკლებად აწუხებთ, ყველანაირად ცდილობენ პასუხისმგებლობას გაექცნენ. ადამიანები მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ორგანიზაციაში არსებული პრობლემები მათ ნაკლებად აინტერესებთ, შრომის პროცესში მომხდარ, ან მოსალოდნელ ყოველგვარ სიახლეს ეწინააღმდეგებიან, შრომის მიმართ მათი დამოკიდებულება, საზოგადოდ, უარყოფითია. როგორც ვხედავთ, თეორია X გამოხატავს თვალსაზრისს, რომლის მიხედვით, მომუშავეს შრომა არ უყვარს, ის ბუნებით ზარმაცია, პასუხისმგებლობას გაურბის და ამიტომ მისი საქმე მხოლოდ იძულებით შეიძლება გააკეთებინო.

ამდენად, შრომის პროცესი ეფექტურად მხოლოდ იმ შემთხვევაში წარიმართება,როდესაც მომუშავეთა მიმართ იძულების, მკაცრი კონტროლის და დაშინების მეთოდები იქნება გამოყენებული. საგულისხმოა, რომ ინდუსტრიულ სფეროში მომუშავე ხელმძღვანელთა უმრავლესობა სიტყვით ამგვარ მსოფლმხედველობას უარყოფს, მაგრამ რეალურ შრომით პროცესში მათი პრაქტიკული საქმიანობა საწინააღმდეგოზე მეტყველებს.

თეორია Y[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თეორია Y-ის თანახმად, მომუშავეთა საქმიანობის მართვის პროცესი ჰუმანიტარულ პრინციპებზე უნდა იყოს დამყარებული. ამ შემთხვევაში წამყვანი მართვის დემოკრატიული ფორმაა. თეორია Y-ის მიხედვით, ადამიანი თავისი არსით ზარმაცი სულაც არ არის. თუ ადამიანები შრომაში სიზარმაცეს იჩენენ,ეს მათი ბრალი კი არ არის, არამედ ამის მიზეზს მუშაობის პროცესის მოწესრიგებაში არსებული ნაკლოვანებები, ორგანიზაციის სტრუქტურის მოუქნელობა წარმოადგენს. სიზარმაცე ადამიანის სათანადო გარემოსთან ურთიერთობის შედეგად შეძენილი მახასიათებელია და ის თვით შრომის სუბიექტის იმანენტურ თვისებას სრულიადაც არ გამოხატავს. მომუშავეთა უნარების და შესაძლებლობების განხორციელებისთვის შესატყვისი შრომითი და საორგანიზაციო გარემოს შექმნის შემთხვევაში შრომა ადამიანისათვის თამაშისა და დასვენების მსგავს მოთხოვნილებად გადაიქცევა. ამგვარ ვითარებაში შრომის სუბიექტს საკუთარი საქმიანობის თვითრეგულირების და მისთვის სასურველი შედეგების მიღწევის უნარი სავსებით შესწევს. ამდენად, თეორია Y-ი გამოხატავს თვალსაზრისს, რომლის თანახმად, მომუშავეს შრომა უყვარს, ის ბუნებრივი შემოქმედია, პასუხისმგებლობის აღება სურს, საკუთარი თავის მართვა და ინიციატივის გამოჩენა შეუძლია.

დუგლას მაკგრეგორს მიაჩნია, რომ ინდუსტრიული ორგანიზაციების მართვის პროცესში, ზოგადად, თეორია X-ის იდეოლოგია ჭარბობს. მისი ღრმა რწმენით ადამიანის შემსწავლელ მეცნიერებათა ფაქტობრივი მონაცემები კი საპირისპიროს გვეუბნებიან, ანუ ადამიანის რეალური განცდები და ქცევა თეორია Y-ს უფრო შეესაბამება, რასაც მენეჯერთა უმრავლესობა დღესაც კარგად ვერ აცნობიერებს, რის გამოც მათი საქმიანობა, ხშირად, არაეფექტურია. იგი თვლის, რომ თანამედროვე ორგანიზაციის დაგეგმარება და მართვა, ძირითადად, თეორია Y-ის ჰუმანისტურ თვალსაზრისს უნდა ეყრდნობოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დ. ჩარკვიანი - „ფსიქოლოგია ინდუსტრიულ ორგანიზაციებში“, თბ. 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]