თბილისის ჯვარის მამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ჯვარის მამის ეკლესია
Tbilisi Jvris mama church common view.jpg
თბილისის ჯვარის მამის ეკლესია (თბილისი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°41′26″ ჩ. გ. 44°48′23″ ა. გ. / 41.6906472° ჩ. გ. 44.8065278° ა. გ. / 41.6906472; 44.8065278
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
რაიონი ძველი თბილისის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული ტიპი კუპელჰალე
ხუროთმოძღვრული სტილი გუმბათოვანი
თარიღდება VI საუკუნე
დეტალები

თბილისის ჯვარის მამის ეკლესია — ეკლესია მდებარეობს თბილისში, ძველი თბილისის რაიონში, ისტორიულ უბან ქვემო კალაში.

ჩვენამდე მოღწეული ძეგლი XVI საუკუნეშია აგებული. დ. ჩუბინაშვილის ლექსიკონის მიხედვით, „ჯვარის მამა“ იერუსალიმის ჯვრის მონასტრის წინამძღვარს ნიშნავს. 1921 წლამდე ძეგლი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და საზღვარგარეთულ ქართულ მონასტრებს მეტოქეობდა საუკუნეების მანძილზე. დიდი ხნის განმავლობაში თავისი სახსრებით ინახავდა იერუსალიმის ქართველთა მონასტერს. ძეგლი ინტერესს იწვევს, როგორც ამ დროს ამოტივტივებული ტიპის — გუმბათოვანი ეკლესიის ერთ-ერთი ვარიანტის — კუპელჰალეს ნიმუში.

არქიტექტურული აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჯვარის მამა მცირე ზომის, აგურით ნაგები გუმბათოვანი ეკლესიაა. მისი გეგმა წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე წაგრძელებულ სწორკუთხედს (9,25X13,15 მ). იგი ე. წ. „კუპელჰალეს“ გუმბათიანი, დარბაზული ტიპის ნაგებობაა. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის კუთხეებსა და გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილებს. შვერილები სივრცეს ორ არათანაბარ ნაწილად ანაწევრებს — გუმბათქვეშა, დიდი მონაკვეთი და დასავლეთისა, რომელიც მასზე ორჯერ ვიწროა. აფსიდის ორსავ მხარეს ვიწრო დამატებითი სათავსებია. კარი ეკლესიას დასავლეთიდან აქვს. გარედან შენობა სადაა. ოთხსავე ფასადზე აგურის წყობაში სამ-სამი ჯვარია გამოყვანილი. გუმბათის თორმეტწახნაგა ყელს, რომელშიც ამდენივე ვიწრო და მაღალი სარკმელია, მსუბუქ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღნარი შემოწერს. ეკლესიის საკურთხევლის კონქში შემორჩენილია XIX საუკუნის მხატვრობა. ბოლო პერიოდში ეკლესიას და მის შემოგარენს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, იგი ახალი კედლის მხატვრობითაც შეამკეს. კანკელის ხატები შესრულებულია ხატმწერ დავით ხიდაშელის მიერ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პლატონ იოსელიანი ასახელებს ხუთ ეკლესიას, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ვახტანგ გორგასლის დროს: სიონი, ანჩისხატი, წმინდა ჯვარის, ბეთლემის და წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის. ასე რომ, გადმოცემის თანახმად, V საუკუნის II ნახევარში ჯვარის მამა ვახტანგ გორგასლის დროს აშენდა და მას „გოლგოთა“ ეწოდებოდა. ეგნატე იოსელიანის მიერ შედგენილ კატალოგში „მონასტრები, ეკლესიები ტფილისსა და მის მიდამოებში“ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„ტფილისსა შინა არის ჯუარის ეკკლესია ქვით-კირისა, გუმბათიანი. არა ჰსჩანს დრო აღშენებისა მისისა და არც ააღმაშენებელი. მხოლოდ წერილ არს, რომელ განაახლა იმერლის შვილმან და არის იგი მიწერილ იერუსალიმად წმიდისა საფლავისადმი. ამისთვის უპყრიესთ იგი ბერძენთა საარხიმანდრიტოდ მათდა.“

1921 წლამდე ეკლესია ფორმალურად ეკუთვნოდა იერუსალიმის საპატრიარქოს. მიუხედავად საქართველოს ეკლესიის ანტიოქიისადმი იერარქიული დამოუკიდებლობისა, საქართველოს მეფეებს გაუმართავთ იერუსალიმის ეკლესიის, ვითარცა ყოველთა ქრისტიანთა დედის, საყდარი. ეს ეკლესია ყოველთვის ეკუთვნოდა იერუსალიმის სამი ეკლესიის—წმინდა ელიას, წმინდა ჯვრის და წმინდა იაკობის—მონაზვნებს. ვახტანგ ბერიძე წერს: „ეკლესიისათვის ამ სახელის შერქმევა იმით აიხსნება, რომ იგი იერუსალიმის საპატრიარქოს ეკუთვნოდა და იქაური ქართული მონასტრების ბერების მეტოქი იყო. ყველაზე ადრე წერილობით წყაროებში „ჯვრის მამის“ სახელწოდება გვხვდება გიორგი მეფის ერთ წყალობის წიგნში, რომელიც 1678 წელს მიეკუთვნება და ჯვარის მამის მონასტრისადმია ბოძებული:

ვიკიციტატა
„გკადრეთ და მოგახსენეთ ცხოველსმყოფელს ჯვარის მონასტერს ამ ცირე შესაწირავი, ვითარც ქალაქში თქვენის მონასტრის ბერისა და ჯვარისმამას სახელი არა ჰქონდა, შემოგწირეთ ქალაქს გალავანს გარეთ კარის პირდაპირ, მამუკას ნაქონი სასახლე.“

პლატონ იოსელიანის თბილისის სიძველეთა აღწერაში თბილისის ჯვარის მამის ეკლესიის შესახებ ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„წმიდა ჯვრის ეკლესია, იერუსალიმის კუთვნილი, რომელსაც 500-ოდე წელია არქიმანდრიტი ჰყავს. ახლანდელი პატრიარქი იერუსალიმისა ათანასე და ამას წინათ საბერძნეთში გარდაცვლილი ბეთლემის მიტროპოლიტი ბენედიქტე ამ ეკლესიის წინამძღვრები ყოფილან, პირველი მეფეთა ირაკლი II-ისა და გიორგი XIII–ის დროს, მეორე კი 1824 წლამდე. ეკლესია ფლობს მისთვის ქართველ მეფეთგან შეწირულ გლეხებს, მიწებს და სავაჭროებს თბილისში. თავდაპირველად ის მეფე ვახტანგ გორგასალმა აღაშენა.“

მოსე ჯანაშვილი ამ ეკლესიის შესახებ წერდა: „იგი ძველადგანვე ითვლება სადგურად იერუსალიმში მყოფ ქართველთა მონასტრების ბერებისა-წმინდა ჯვრის მონასტრისა, წმინდა მოციქულის იაკობისა, უფლისა და წმინდა წინასწარმეტყველის ილიასი“. „ამ ტაძარს მეფე სვიმონმა 1611 წელს შესწირა სამღებრო სოფ. დირბს და სხვა მეფეთაგანაც შეწირული ჰქონდა სოფლები, ყმები და ულუფა, ხოლო მისი წინამძღვარი შემოსავალს უგზავნიდა იერუსალიმის ქართველთა ტაძარს, უფლის საფლავის ტაძრად წოდებულს. აზრი ამ შეწირულობათა და თვით სადგურის დაარსება ტფილისში ის იყო, რომ ამ სადგურის მეოხებით საქართველოს ჰქონდა მუდმივი კავშირი პალესტინასთან“. 1913 წლის გზამკვლევში „თბილისი და მისი შემოგარენი“ ვკითხულობთ: „ეკლესიაში იმყოფება რამდენიმე საგულისხმო გუჯარი.” გაზეთი „ივერია” 1895 წლის 19 აპრილს წერდა: „სიონის ზემოდ არის ქართველთა ეკკლესია, რომელსაც ეწოდება: იერუსალიმის ქართველთა ჯვარის მონასტერი. ეს ეკკლესია ქართველთა მეფეებს გაუკეთებიათ V-VI საუკუნეში და გაუმშვენიერებიათ მრავალის შეწირულებით. დღეს ეს ეკკლესია მონასტრად ირიცხება დაეკუთვნის იერუსალიმის ბერძენთა პატრიარქის გამგეობას. მას განაგებს ბერძნის არქიმანდრიტი დარადგან ამ ეკკლესიას ქართველი მრევლი ჰყავს, ამიტომ აქ წირვა–ლოცვა ქართულს ენაზედ სრულდება. ამ ეკკლესიას დიდ–ძალი მამულები აქვს ტფილისს, ქართლსა და კახეთში ქართველ მეფეებთაგან შეწირული და მონასტერს კარგი შემოსავალი აქვს ამ მამულებიდგან, მაგრამ ეს შემოსავალი საბერძნეთში იგზავნება. თვითონ ეს ძველი ნაშთი–კი ერთობ სამწუხარო მდგომარეობაშია ჩავარდნილი: გუმბათს რიგიანი ყავრული არ ადგია და სხვადასხვა გვარად ბევრ–რიგად არის შერყეული და შემუსვრილ–შეკონკილი. ამ ძველის–ძველის ტაძრის საქმე თუ ასე წავიდა, ადვილად შესაძლებელია, რომ იგი ძალიან მალე სრულიად შეიმუსროს. განა სამწუხარო არ არის ასეთის ნაშთის ამ ყოფაში ჩაგდება, რომელსაც წელიწადში 30. 000 მანეთამდე შემოსავალი აქვს? რიგი და სამართალი მოითხოვს, რომ ამ საქმეს ყურადღება მიაქციოს ბერძნის არქიმანდრიტმა და ერთის წლის შემოსავალი მაინც თვით მონასტერშივე მიახმაროს”.

ვახტანგ ბერიძე ჯვარის მამის ეკლესიის შესახებ წერს: „ჯვარის მამა ძველი კალას ფარგლებშია... მას ჩრდილავს მის გვერდით მდებარე ნორაშენის ეკლესიის დიდი მასა... სანამ 1983 წელს ამ ადგილის რეკონსტრუქცია მოხდებოდა, ეკლესია გარშემორტყმული იყო ძველი უსახური საცხოვრებელი სახლებითა და დუქნებით, თვით ეკლესიაში კარგა ხანს იყო წიგნსაცავი. ახლა იქაურობამ სახე იცვალა–ის ძველი შენობები დაანგრიეს, ეკლესია მთლიანად გამოჩნდა, წიგნსაცავიც გადატანილ იქნა და, შეიძლება ითქვას, რომ „ჯვარის მამას“ დაუბრუნდა ისტორიული ძეგლის უფლებები. “ ამჟამად მდგარი ეკლესიის შენობა XVI საუკუნეში აშენდა და ღოუბნის ორმოც მოწამეთა ტაძრის იდენტურია.

ვახუშტის „აღწერაში“ თბილისის ეკლესიათა შორის, სიონის შემდეგ მოხსენიებულია „ეკლესია ჯვარის, გუნბათიანი, შვენიერი, რომელიც განაახლა იმერლიშვილმან“. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის მიერ თბილისის აღებისას ეკლესია კვლავ იავარქმნილა. 1825 წელს წინამძღვარმა ბენედიქტემ, შემდგომში ბეთლემის ეპისკოპოსმა პალესტინაში, შენობა შეაკეთა და დასავლეთი მხრიდან მინაშენი დაამატა– „სწორკუთხა სათავსის ფერული კამარით სრულდებოდა, მეორე სართულზე სამრეკლო იყო. სათავსი ეკლესიას ფართო თაღით უკავშირდებოდა, ეს მინაშენი დაანგრიეს 1920-იან წლებში. “ – წერს ნ. გენგიური, ხოლო 1999–2000 წლებში კვლავ აღადგინეს.

1983 წლის ქალაქის მთავარი არქიტექტორის და საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო ჯვარის მამის ეკლესიის და მისი მიმდებარე ტერიტორიის რესტავრაცია–რეკონსტრუქცია. მოიხსნა ეკლესიაზე მინაშენი შენობები.

ტაძარი მოქმედია 1989 წლიდან, შედის მცხეთა-თბილისის ეპარქიის დაქვემდებარებაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 24-29
  • ვ. ბერიძე, XVI-XVIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრება, თბ., 1994
  • ნ. გენგიური, კუპელჰალე, თბ., 2005
  • ირ. გუნია, მცხეთა-თბილისის ეპარქიის ტაძრები, თბ., 2002

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: