თამაზ ბეჟანიძე
თამაზ მურადის ძე ბეჟანიძე (დ. 1941, ბათუმი — გ. 2012, ბათუმი) — მოცეკვავე, ქორეოგრაფი, აჭარის დამსახურებული არტისტი, ღირსების ორდენის კავალერი, ბათუმის საპატიო მოქალაქე, აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ბათუმის ქალაქის საბჭოს თავმჯდომარე მურად ბეჟანიძის შვილი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1941 წლის 3 ივნისს ბათუმში. ოთხი წლის ასაკიდან იწყება მისი მოცეკვავედ ჩამოყალიბება, როდესაც ის ცნობილ მოცეკვავეს თემელ მიქელაძეს მიაბარეს. ნამდვილ ქორეოგრაფიულ ხელოვნებას კი საქვეყნოდ ცნობილი ქორეოგრაფის ენვერ ხაბაძის ხელმძღვანელობით ეზიარა ანსამბლ „გაზაფხულში“. თამაზ ბეჟანიძე ჯერ კიდევ საშუალო სკოლის მოწაფე იყო, როცა ბათუმის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლთან ერთად გამოდიოდა თბილისში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიტერატურისა და ხელოვნების დეკადაზე, მსოფლიო ახალგაზრდობისა და სტუდენტთა მე-6 საერთაშორისო ფესტივალზე მოსკოვში, 1957 წელს. ბათუმის №1 ვაჟთა ქართული საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე, 1958 წელს, თამაზ ბეჟანიძე ჩაირიცხა აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში. ახალგაზრდა ნიჭიერი მოცეკვავე აქტიურად მონაწილეობდა ანსამბლის საკონცერტო პროგრამაში, მასთან ერთად იმყოფებოდა ჩვენი ქვეყნის, უკრაინის, რუსეთის მრავალ ქალაქში, ეგვიპტეში, სირიაში, სუდანში. მშობლიურ ანსამბლთან შემოქმდებითი ურთიერთობა არც უმაღლესი სასწავლებლის - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების (1965 წ.) შემდეგ შეუწყვეტია. წლების განმავლობაში ანსამბლთან ერთად მონაწილეობდა კონცერტებში, სახალხო დღესასწაულებში, საერთაშორისო ფესტივალებში.
1974 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტის ქორეოგრაფიული განყოფილება. თამაზ ბეჟანიძე 32 წელი ხელმძღვანელობდა ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის ბავშვთა ქორეოგრაფიულ ანსამბლ „გაზაფხულს“. პარალელურად ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ მოღვაწეობას. 1974-1990 წლებში იყო აჭარის მუსიკალური და ქორეოგრაფიული საზოგადოების ქორეოგრაფიული განყოფილების გამგე. მისი უშუალო ხელმძღვანელობით საზოგადოებასთან შეიქმნა ვეტერანთა ქორეოგრაფიული ანსამბლი „მაჭახელა“ და ახალგაზრდული ანსამბლი „ბათუმი“. ამ ანსამბლებმა ქართული ცეკვის ხიბლი გააცნეს და შეაყვარეს ლიტველ, რუს, ბერძენ, კვიპროსელ, პოლონელ, ჩეხ, ბულგარელ და ჰოლანდიელ მაყურებელს.
თამაზ ბეჟანიძე მრავალი საერთაშორისო და რესპუბლიკური ფესტივალების ლაურეატია. ქორეოგრაფიული დადგმები განახორციელა მოსკოვის სახალხო ანსამბლ „კოლხიდაში“, სკოლა-სტუდია „ივერიაში“, სომხეთის ტ. ალთუნიანის სახელობის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლში, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში.
1990 წელს თამაზ ბეჟანიძე ერთხმად აირჩიეს საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა შემოქმედებითი კავშირის აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ, სადაც წარმატებით მოღვაწეობდა სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე. 2004 წლიდან გარდაცვალებამდე იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებული ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი. ამ შესანიშნავ ანსამბლში კიდევ ერთხელ გაიელვა თამაზ ბეჟანიძის შემოქმედებითმა და ორგანიზატორულმა ნიჭმა, მან გარს შემოიკრიბა ახალგაზრდა ხელოვანები და ახალ სიმაღლეებზე აიყვანა ის დიდი შემოქმედებითი ტრადიციები, რომლებიც ყოველთვის ჰქონდა 90 წლის ამ სახელოვან ანსამბლს. ამის დასტურია ანსამბლის სტუმრობა თბილისში 2009 წელს, სადაც თბილისელი მაყურებელი აღფრთოვანებით შეხვდა მათ ახალ პროგრამას. ასევე თვალსაჩინო იყო გამარჯვებები დამასკოს (სირია) 2006-2007 წლების და ბურსის (თურქეთი) 2011 წლის დიდ საერთაშორისო ფოლკლორულ ფესტივალ-კონკურსებზე, სადაც ანსამბლმა უმაღლესი ჯილდო - გრანპრი მოიპოვა.
გარდაიცვალა 2012 წლის 24 მარტს ქალაქ ბათუმში, დასაფლავებულია ფერიის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.