შინაარსზე გადასვლა

ვლადიმერ იონესიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვლადიმერ იონესიანი
ნამდვილი სახელი ვლადიმერ იონესიანი
დაბ. თარიღი 27 აგვისტო, 1937 (1937-08-27) (87 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ
გარდაცვალების თარიღი 31 იანვარი, 1964 (26 წლის)
გარდაცვალების ადგილი მოსკოვი, რუსეთი, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირი
განაჩენი დახვრეტა
მოტივი ძარცვა

ვლადიმერ მიხეილის ძე იონესიანი (ფსევდონიმი „მოსგაზი“, რუს. Ионесян, Владимир Михайлович; დ. 27 აგვისტო, 1937 — გ. 31 იანვარი, 1964) — საბჭოთა სერიული მკვლელი. 1963 წლის დეკემბერსა და 1964 წლის იანვარში მოსკოვსა და ივანოვოში განახორციელა 5 მკვლელობა.

დაიბადა 1937 წლის 27 აგვისტოს ქალაქ თბილისში.[1] 1954 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა, იმავე წელს ძარცვისთვის დააპატიმრეს და პირობითად მიუსაჯეს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. 1959 წელს სამხედრო მოვალეობის შეუსრულებლობის გამო მიუსაჯეს 2 წლით ციხე. ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაქორწინდა და საცხოვრებლად ქალაქ ორენბურგში გადავიდა, სადაც ადგილობრივ თეატრში მუშაობა დაიწყო როგორც სოლისტმა. იქვე გაიცნო ბალეტის მოცეკვავე ალევტინა დმიტრიევა. მისი გულისთვის მიატოვა მეუღლე და შვილი და 1963 წელს დმიტრიევასთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ მოსკოვში გადავიდა.

ვლადიმერ იონესიანი საბჭოთა კავშირში მიჩნეულია ერთ-ერთ პირველ სერიულ მკვლელად.[1] ბინებში შედიოდა როგორც „მოსგაზის“ მომუშავე.

ვლადიმერ იონესიანმა პირველი მკვლელობა განახორციელა 1963 წლის 20 დეკემბერს.[1] მსხვერპლი 12 წლის კონსტანტინ სობოლევი იყო. მკვლელმა ბინიდან წამოიღო ტანსაცმელი, 60 რუბლი, ოდეკოლონი და პლაჟის სათვალეები. სახლის მაცხოვრებლების დაკითხვის შემდეგ შედგენილი იქნა ფოტორობოტი. 1963 წლის 25 დეკემბერს დმიტრიევასთან ერთად მიდის ქალაქ ივანოვოში, სადაც ერთბაშად ორი მკვლელობა განახორციელა. ქალაქ ივანოვოს კალინინის ქუჩაზე შედის ერთ-ერთ ბინაში და ნაჯახით კლავს 12 წლის მიხეილ კულეშოვს. ისევ და ისევ ბინიდან წამოიღო წვრილმანები. ოქტომბერის ქუჩაზე ერთ-ერთ ბინაში მოკლა 74 წლის ქალი.[1] დაბრუნდა კალინინის ქუჩაზე და კვლავ დაიწყო სახლების მოვლა. მოახერხა და „მოსგაზის“ მომუშავის იერით შევიდა ბინაში, სადაც 15 წლის გოგონა გააუპატიურა სახელად გალინა პეტროპავლოვსკაია.[1] მსხვერპლს თავის არეში ნაჯახით მიაყენა ორი დარტყმა, თუმცა დაზარალებული გადარჩა და მოახერხა თავდამსხმელის გარეგნობის აღწერა. დეკემბერში მოსკოვში იონესიანმა მოკლა 11 წლის ალექსანდრ ლისოვეცი. მკვლელი ისევ და ისევ ნაჯახით მოქმედებდა. თავის უკანასკნელი დანაშაული იონესიანმა ჩაიდინა 1964 წლის 8 იანვარს ქალაქ მოსკოვში. მსხვერპლი იყო 46 წლის ქალი სახელად მარია ერმაკოვა. „მოსგაზმა“ მას თითქმის 20-ჯერ მიაყენა დარტყმა ნაჯახით. სახლიდან წამოიღო 30 რუბლი, ტელევიზორი და სხვ.

უბნის მაცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ მკვლელობის დღეს დაინახეს მამაკაცი, რომელიც შერემეტიოვოს ქუჩიდან ტელევიზორით ხელში სატვირთო მანქანით გაემგზავრა. სულ მალე შეპკინის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განაცხადა, რომ მის მეზობლად სახლობს მამაკაცი, რომელმაც ახლახან მოიტანა ტელევიზორი. პოლიცია მივიდა დანიშნულების ადგილზე და სახლი, სადაც მოსგაზი იმყოფებოდა ალყაში მოაქცია. თუმცა პოლიციამ „მოსგაზის“ ნაცვლად მისი მეწყვილე ალევტინა დმიტრიევა დააკავა. იონესიანი იმ მომენტისთვის სახლში არ იმყოფებოდა. დმიტრიევამ აღიარა, რომ იონესიანი ქალაქ ყაზანში გაემგზავრა და მას გარკვეულ ხანში ყაზანის სადგურზე უნდა შეხვედრილიყო. პოლიციამ მოიფიქრა გეგმა, რომლის მიხედვით დმიტრიევას იერით შეხვედრაზე გაემგზავრებოდა მოსკოვის საგამოძიებოს თანამშრომელი. გრიმში მყოფმა პოლიციის თანამშრომელმა 1964 წლის 12 იანვარს ყოველგვარი გართულების გარეშე ყაზანის სადგურის ბაქანზე დააკავა ვლადიმერ იონესიანი, რომლის დაჭერის ოპერაციას თათრეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობდა.

1964 წლის 30 იანვარს სასამართლომ იონესიანს გამოუტანა განაჩენი — სიკვდილით დასჯა. იმავე წლის 31 იანვარს იგი დახვრიტეს.[1] ვლადიმერ იონესიანის საყვარელს ალევტინა დმიტრიევას მიუსაჯეს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა.[2]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]