ვიქტორ გოლცევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვიქტორ ვიქტორის ძე გოლცევი (რუს. Виктор Викторович Гольцев; დ. 28 ივლისი [ძვ. სტ. 15 ივლისი], 1901, მოსკოვი — გ. 9 მაისი, 1955, იქვე) — რუსი კრიტიკოსი და ლიტერატურათმცოდნე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923 წლამდე სწავლობდა ბრიუსოვის სახელობის უმაღლეს ლიტერატურულ-მხატვრულ ინსტიტუტში. პირველი ნაწარმოები გამოაქვეყნა 1923 წელს. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან გაიტაცა ქართულმა ლიტერატურამ. იყო ქართული ლიტერატურის კარგი მცოდნე და პოპულარიზატორი. ავტორია რამდენიმე წიგნისა და 50-ზე მეტი სტატიისა ქართული ლიტერატურის შესახებ. მანვე შეადგინა ანთოლოგია „ქართული პოეზია“ (რუსულ ენაზე, 1949). საგანგებო ნაშრომები მიუძღვნა შოთა რუსთაველის (მონოგრაფია), დ. გურამიშვილის, ი. ჭავჭავაძის, ნ. ბარათაშვილის, ა. წერეთლის, ა. ყაზბეგის, ვაჟაფშაველას, ე. ნინოშვილის, ტ. ტაბიძის, გ. ლეონიძის (მონოგრაფია), ს. ჩიქოვანის, ი. გრიშაშვილის, ა. მირცხულავას, კ. კალაძის, ლ. ქიაჩელის, კ. გამსახურდიას, ს. კლდიაშვილის, კ. ლორთქიფანიძის, ა. ქუთათელისა და სხვა თანამედროვე მწერალთა შემოქმედებას. გოლეცი იყო რედაქტორი, შემდგენელი, წინასიტყვაობის ავტორი და კომენტატორი ქართველ მწერალთა 80-მდე რუსულად გამოცემული წიგნისა. საქართველოს დაუკავშირა რუსი მწერლები: ნ. ზაბოლოცკი, ა.მეჟიროვი, მ. ლუკონინი და სხვები. იყო ჟურნალ „დრუჟბა ნაროდოვის“ რედაქტორი. ამ პერიოდის ჟურნალის ფურცლებზე გაფართოვდა ქართული თემატიკა და თანამშრომლობა ქართველ ავტორებთან. გოლცევს თითქმის მთელი საქართველო ჰქონდა შემოვლილი. ამ მოგზაურობის შედეგად დაწერა მრავალი ნარკვევი („სავანე“, „სინათლე“ და სხვ.).

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შოთა რუსთაველი და მისი პოემა, თბ., 1941; სინათლე, თბ., 1948; Литературно-критические статьи, Тб., 1957; Статьи и очерки, М., 1958.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მარგველაშვილი გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 86.
  • მარგველაშვილი გ., ვ. გოლცევის წერილები და ნარკვევები, «მნათობი », 1959, #8;
  • მარგველაშვილი გ., მტკვარდალეული, «ლიტერატურული საქართველო », 1971, 10 სექტ.;
  • Маргвелашвили Г., Мастер дружбы, წგ.: Несгорающий костер, Тб., 1973;
  • Тихонов Н.,Большой характер, «Дружба народов», 1961, №12.