ვიკიპედია:დიოგენე/საკონკურსო/20110122201119/

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„გრიგოლ რობაქიძის დრამატურგია ქართულ თეატრში“

ნათია, გვრიტიშვილი

გრიგოლ რობაქიძე ტაბუ დადებული თემა იყო საბჭოთა კავშირში მისი ნოვატორული და პატრიოტული აზროვნების გამო. ეს იყო მწერალი, რომელმაც ევროპას გააცნო საქართველო და ქართული მწერლობა. “ოცდაათიან წლებში, რობაქიძის რომანების. მოთხრობებისა და ესსეების გერმანულ ენაზე გამოქვეყნებამ, მართლაც გარკვეულწილად დაანახა ევროპას მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მცირე ხნით ამოტივტივებული და კვლავ გამქრალი საქართველოს თვითმყოფადი კულტურა”_წერს თომას ჰოიზერმანი.

გრიგოლ რობაქიძის დრამატურგიამ ქართული ლიტერატურის ისტორიაში შექმნა ახალი და განსხვავებული სტილი, მან პირველმა შექმნა ექსპრესიონისტული დრამის ნიმუშები და შემოიტანა სრულიად ახალი თემები, სადაც შერწყმულია ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო იდეები და პრობლემები. თავის დრამებში ჩამოაყალიბა ყველა ის თემა, რომელიც აინტერესებდა და რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში ამუშავებდა თავის სხვა ნაწარმოებებში. მის შემოქმედებაში ძირითადი თემებია: ქართული მსოფლმხედველობის, წარმართობისა და ქრისტიანობის სინთენზი, ქართული, ეროვნული ტიპაჟის შექმნა, ქართული მითოსისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებში თანამედროვეობის ელემენტების აღმოჩენა. ქართულ დრამატურგიაში მან შემოიტანა ქართული სინამდვილისათვის სრულიად ახალი დიონისური საწყისები, მისტერიული აღქმა ცხოვრებისა და მოვლენებისა. ჩამოაყალიბა გმირი ქალის ორბუნოვანი არსება. “დღეს ბევრი ლაპარაკობს მითებზე, აქ კი იყო ერთი ვინმე, ვისაც მართლა გაეგებოდა მითისა, თუ ვინმე იმსახურებდა პოეტის სახელს, ეს კაცი გახლდათ ეგზოტიკოსი.”_ასე ეწერა გრიგოლ რობაქიძეზე ნიკოლაუს ზომბრატის მიერ 1991 წელს გამოცემულ წიგნში “Jugend in Berlin 1933-1943, ein Bericht”. ხოლო მანმადე 1961 წელს ლიტერატურის კრიტიკოს კურტ ჰოჰოფთან ვკითხულობთ:”გვიანდელი ექსპრესიონიზმის ხანაში, მისი ნაწილობრივ არქაიზებული, ნაწილობრივ კი კოსმიური სტილიზაცია მოულოდნელ ეფექტს ქმნიდა, დღეს კი მასში უფრო მოდურ ნიშნებს ვხედავთ.”

დრამების შთაგონება აღმოსავლეთში ეწვია, როგორც ავტორი გვამცნობს. “ლონდა” ნიცშეს გავლენით შექმნა. “ლონდა” გრიგოლ რობაქიძემ თავის შვილს, ალკას მიუძღვნა, რომელიც ეპიდემიით გარდაიცვალა.

“ლონდა რუსულად თარგმნილი ორჯერ დაიდგა სცენაზე 1921 წელს და 1922 წელს, ქართულ სცენაზე კი მისი პრემიერა შედგა 1923 წელს, თუმცა დღემდე უცნობია მისი დამდგმელის ვინაობა.

1923 წელს გრიგოლ რობაქიძემ დაწერა ფანტასმაგორია “მალშტრემ”. “მალშტრემი საქართველოს ხანმოკლე დოკუმენტია, როცა საქართველო თავს თვლიდა მსოფლიოს ნაწილად, ქართველ მწერლებს კი მთელი მსოფლიო დაუფიქრებლად მიაჩნდათ თავიანთ თხზულებათა ასპარეზად”_წერს თომას ჰოიზერმანი.

“მალშტრემი” 1924 წელს კოტე მარჯანიშვილმა და სანდრო ახმეტელმა დადგეს რუსთაველის თეატრში. მხატვარი: ირ. გამრეკელი და კ. ზდანევიჩი. რეჟისორის თანაშემწე: ალ. გველესიანი. თუმცა ამ სპექტაკლის აფიშის და რამდენიმე ესკიზის გარდა მეტი არაფერი არ არის შემორჩენილი, განსხვავებით “ლამარასგან”, რომელმაც ყველაზე დიდი სახელი მოიხვეჭა და ავტორის ცხოვრებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა. პიესა შეიქმნა 1924 წელს, 2 თვეში, კოტე მარჯანიშვილის შთაგონებით. “მაშინაც მიკვირდა ეს სიმალე და დღესაც მიკვირს, ამის მიზეზი შესაძლოა ჩემი მაშვინდელი სულიერი მდგომარეობა იყო. საქართველო ემზადებოდა ამბოხებისთვის. ეს ამბავი გავიგე: გამანდვეს, სასტიკად უარვყოფდი ამ ნაბიჯს, მე ვინ რას დამიჯერებდა ამ საქმეში? საშინლად ვნერვიულობდი, ავიშალე, დავიშალე. მოხდა ამბოხება. გათავდა მარცხით. ახლა კი შლეგად ვიქეც: კაცს აღარ ვგავდი. მთელი არსი ჩემი ანთებით იყო აყვანილი, ასეთ ყოფაში დღე კვირეა და კვირე თვე და წელი. ვფიქრობ: ვფიქრობ “სიმალე” იგი მხოლოდ კალენდარული უნდა ყოფილიყო”_იხსენებდა მწერალი.

“ლამარას” და მის ავტორს რეჟისორმა კოტე მარჯანიშვილმა წერილი უძღვნა “შვილები მზისა და მისი ქურუმი”

1926 წელს “დურუჯის” ორი წლისთავისთვის დაიწყო სამზადისი, ჯერ განზრახული იყო "მეფე ლირის" ჩვენება საიუბილეოდ, მაგრამ “დურუჯის” დადგენილებით (ოქმი #104) გადაწყდა “ლამარას” დადგმა. დამდგმელ რეჟისორებად დასახელებული არიან კოტე მარჯანიშვილი და სანდრო ახმეტელი.

დ. ანთაძე იხსენებს:”კოტე მარჯანიშვილმა დაასრულა პირველი მოქმედება. ახმეტელი გვერდში ედგა და გულმოდგინედ ახდენდა ფიქსაციას, კოტე მარჯანიშვილის ყოველი მითითებისა, მეორე მოქმედება დაიწყო მარჯანიშვილმა, კოტეს შავად გაკეთებული რეპეტიციების შემდეგ ახმეტელმა განაგრძო მუშაობა ამ მოქმედებაზე”. შემდეგ კოტე მარჯანიშვილი აპენდიციტის დიაგნოზით საავადმყოფოში დაწვა, გართულებული ოპერაციის გამო იქ დიდხანს დარჩენა მოუწია, ვეღარ მოახერხა რეპეტიციებზე დასწრება და პიესაც მისი საბოლოო კორექტურის გარეშე დაიდგა. მოგონებებიდან ირკვევა, რომ ახმეტელს ფაქტობრივად მესამე და მეოთხე მოქმედება “თავისი გზით” წარუმართავს. სპექტაკლიც ძირითადად ახმეტელის კონცეფციით, მისებური ხელწერილით დადგმულა.

აკ. ვასაძის მოგონების მიხედვით, როცა კოტე მარჯენიშვილმა პირველად ნახა “ლამარა”, ახმეტელს უთხრა, თავისუფლად შეიძლება ჩემი გვარის წაშლა აფიშიდანო. არც ახმეტელს დაუფარავს, რომ არ იზიარებდა მარჯანიშვილის ჩანაფიქრს, ეს მან მაშინაც დაადასტურა, როცა “ ლამარა" მეორედ დადგა 1930 წელს.

პრემიერა შედგა 1926 წლის 29 იანვარს, სპექტაკლის მხატვარი იყო: ლ. გუდიაშვილი. კომპოზიტორი: ი. ტუსკია. წარმოდგენას გროგოლ რობაქიძეც დაესწრო. ის წერდა:”ფარდა ეშვება. ფეხზე დგება მთელი თეატრი. მეც ვდგები. ტაშის გრიალი სცენის მიმართ. ფარად იხდება. ვხედავ: სცენითგანაც ტაში მოდის. გაოცებული ვარ. ერთი მეგობრის ხელი ჩემს მარჯვენა მხარზე. ვერკვევი: სცენითგან მოშვებული ტაში ჩემკენ აბრუნებს მისდამი მიზვავებულ ტაშს მთელი თეატრისა. გაიმარჯვა თეატრმა. თეატრის გამარჯვება უმთავრესად ამაში გამოიხატებოდა: “ლამარათი” მან შექმნა სრულიად ახალი სტილი, წმინდა-ქართული.”

“ლამარა” გადაიქცა კავკასიის თვითმყოფადობის მანიფესტად საბჭოთა ძალადობის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი სისხლისმსმელი სახე გამოამჟღავნა იმ მასობრივი დახვრეტით, რაც ამბოხების ჩახშობას მოყვა. “ლამარას” ყველგან ეგებებოდნენ მძაფრი ოვაციებით და შეძახილებით. “შესაძლოა წამებულმა ქართველმა ისეთი სიმძაფრით გაიღვიძა ჩემში, რომ ქვეშეცნეული მოვინდომე: ლამარა უმალვე მიმეხალა მტარვალთათვის, ვითარ ტრაგიკული მარჟი დამარცხებულთა”_იხსებებდა ავტორი. რეაქციამ არ დააყოვნა. პრესამ ავტორს ბრალი დასდო “ბიოლოგიურ ნაციონალიზმში”. თუმცა სპექტაკლმა დადებითი შეფასებებიც მიიღო. “მე არ წარმომედგინა,_ამბობდა ოსლოს თეატრის დირექტორი ნისლენი,_ხალხური რიტმის, მუსიკის და ფიზიკური მოძრაობის შეერთება თუ შეიძლებოდა ისე, როგორც ეს შეძლო რუსთაველის თეატრმა”. “ხევსურთა ღრეობისა და ლექსებით შეჯიბრების სცენა გენიალურია თავისი მუსიკალობით, თავისი მოძრაობის ფერებით.”_წერდა კრიტიკოსი მ. რომანოვსკი. დადგმები შეაჩერეს, გაჩნდა საფრთხე სპექტაკლის რეპერტუარიდან მოხსნისა, მაგრამ 1930 წელს “საბჭოთა ხალხთა თეატრალურ ოლიმპიადაზე” მოსკოვში “ლამარაც” წარსდგა. დაგეგმილი იყო სულ ორი წარმოდგენა, მაგრამ “ლამარა” რვაჯერ გავიდა სცენაზე. ერთ-ერთი წარმოდგენის ბოლო აქტს სტალინიც დაესწრო და მოისურვა სპექტაკლი თავიდან ენახა, მსახიობებმაც თავიდან, უფრო დიდი მინდომებით ითამაშეს ცარიელ დარბაზში ბელადისთვის.

გრ. რობაქიძე ნიკო კაზანძაკისისადმი მიწერილ წერილში წერს:”პოლიტბიურომ გადაწყვიტა, გამარჯვებული თეატრი ევროპასა და ამერიკაში გაეგზავნა, რათა დანარჩენი მსიფლიოსთვის ეჩვენებინა, თუ რარიგ უწყობს ხელს საბჭოთა ხელისუფლება ყოველი ეროვნული კულტურის წინსვლას, სტალინს უთქვამს:ლამარა ცხვირში უნდა მივახალო მეორე ინტერნაციონალსაო, ამ უკანასკნელმა აკი რამდენიმეჯერ გამოთქვა პროტესტი საქართველოზე საბჭოთა ძალადობის გამო.” ამ წერილის შემდეგ გასაგები ხდება რატომ არ ამოიღეს ლამარა რეპერტუარიდან.

თეატრმცოდნე ვასილ კიკნაძე თავის გამოკვლევაში ”გროგოლ რობაქიძის თეატრალური სამყარო” წერს: “თეატრის ისტორია, რობაქიძის წვლილის ააღუნიშნავად უნდა დაწერილიყო, მის სახელს ტაბუ დაადეს და დუმილით უვლიდნენ გვერდს 1932 წლიდან 1987 წლამდე. ხოლო დრამას “ლამარა”, რომლის დიდი წარმატებაც ვერ მიჩქმალეს, ყალბი დროშით მოუხდა ცურვა, როგორც ვაჟა-ფშაველას ტექსტის ანონიმურ გადამღერებას.” მართლაც რეცენზიებში და ჩანაწერებში არსად არაა დრამის ნამდვილი ავტორი მოხსენიებული. 1987 წლის “ახალგაზრდა კომუნისტში” ვკითხულობთ: “ცნობილია ახმეტელის ხალხური სანახაობებით გატაცება, რომლის მოტივებსაც წარმატებით იყენებდა სპექტაკლებში, ამ მხრივ აღსანიშნავია ვაჟა-ფშაველას მიხედვით “ლამარას” დადგმა.

როდესაც პარტიის ზეწოლა გაძლიერდა დამოუკიდებლად მოაზროვნე მწერლებზე, რობაქიძესაც მოუხდა მათთვის თავის დახრა. მან დაწერა შეკვეთილი ნაწარმოები “უდეგა” ელექტროკაშხალის მშენებლობაზე, რომელიც ოცდაათიანი წლების ბოლოს დაიდგა ს. ახმეტელის ინსცენირებით, თუმცა წარმატება არ მოყოლია. 1930 წლის 15 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძე გარიცხეს ქართველ მწერალთა კავშირის პრეზიდიუმიდან. 1931 წლის 6 მარტს, როდესაც ის ბერლინში ჩავიდა ცოლთან და ცოლის დისშვილთან ერთად არ იცოდა რომ სამშობლოში ვეღარასოდეს დაბრუნდებოდა, იგი აპირებდა დაბრუნებას მაგრამ ვარშავაში გაფრთხილება მიიღო: “არ ჩახვიდე საქართველოში, თორემ უმალ დაგაპატიმრებენ.”

1931-1945 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, ხოლო 1945-1962 წლებში შვეიცარიაში ქ. ჟენევაში სადაც 1962 წლის 19 ნოემბერს გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს. 1976 წელს ის გადაასვენეს საფრანგეთში ლევილის სასაფლაოზე.

“ლამარას” პირველი დადგმიდან 70 წლის შემდეგ, რუსთაველის თეატრში კვლავ დაიდგა “ლამარა”. “დრამატული მითი მინდიაზე, თეატრალური მისტერია”_როგორც განსაზღვრა სპექტაკლის ჟანრი დამდგმელმა რეჟისორმა რობერტ სტურუამ.

“სპექტაკლში ერთდროულად ორი ამბის_მიწიერისა და მისტიკურის პარალელური თხრობა მიმდინარეობს, სახე-სიმბოლოთა მითოლოგიური ტევადობის თავისებურება სწორედ იმაშია, რომ თითოეული ნიშანი ძალზე მრავალფეროვან და ღრმა შინაარსს მოიცავს, ამიტომ ის ნანახის სხვადასხვაგვარი და ამავე დროს, სრულუფლებიანი ინტერპრეტაციების არსებობის საშუალებას ქმნის. თქვენს წინაშე მხოლოდ ერთი მცირე და მოკრძალებული ვერსიაა”_ასე შეაფასა თეატრმცოდნე თამარ ბოკუჩავამ სტურუასეული “ლამარა”.

“ერთი აღსარება თანამემამულეთა წინაშე. “ლამარა” მოვლენილია საქართველოს შუაგულითგან. მე როგორც ავტორი მხოლოდ-და-მხოლოდ მომყვანი ვარ მისი” (გრ. რობაქიძე)

  1. ვასილ კიკნაძე: სანდრო ახმეტელი. გამომცემლობა “ხელოვნება” 1977
  2. გრ. რობაქიძე: დრამები, წერილები თეატრის შესახებ. თბილისი 2003
  3. თომას ზოიდერმან: “ბედისწერის სიყვარული” თბილისი. 2006
  4. გაზეთი “ახალი კომუნისტი” 1987, 13/1, #5
  5. გაზეთი “კავკასიონი” 1996, 12/12, #219