ვეძისობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვეძისობა—XX საუკუნის მიწურულს წარმოქმნილი სახალხო დღესასწაული (დღეობა) თბილისში. დაწესდა და იხდიან ვეძისის უბანში 1993-იდან (შემოდგომით ოქტომბრის პირველ კვირა დღეს). ვეძისობა დამკვიდრდა ამავე უბნის საერო საზოგადოების „გარჯის“ მოღვაწეობის შედეგად. საზოგადოების მიზანია ქრისტიანული რწმენის განმტკიცება, თანაცხოვრების ეროვნული, დემოკრატიული ტრადიციების აღდგენა-შენარჩუნება, ახალგაზრდობის და მოზარდთა აღზრდაში ეროვნული სპორტის სახეობების, მუსიკალური-ქორეოგრაფიული თვითმოქმედების დანერგვა. ვეძისობა იმართება უბნის თავში, „გულიგორის“ სერზე, სადაც 1993 წელს საფუძველი ჩაეყარა წმ. გიორგის სახელობის საყდარს და აგებულია სამლოცველო ნიში (ეკლესიის საძირკველი აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა მეუფე დანიელმა). გამართულია საჭიდაო ასპარეზი, საკონცერტო ფიცარნაგი. საერთო ნებაყოფლობითი შეთანხმებით 3-ზე სასურველი არ არის მაგარი სასმელების მიტანა და საკლავის მიყვანა, რაც სრულიად არ ეწინააღმდეგება დღეობის ეროვნულ ხასიათს. 1998-იდან 3-ზე იმართება დოღი, რაშიც მონაწილეობენ ქალაქის და მახლობელი სოფლების ცხენოსნობის მოყვარულები. „გულიგორაზე“ მოწყობილია ხალხის მთის დოღის მოთხოვნებს მისადაგებული საჭენებელი წრე (800 მ), რომელიც სხვადასხვა მანძილზე (1600, 2400, 3200 მ და ა. შ) საზეიმო მხედრული ასპარეზობის ჩატარების ყველა პირობას ქმნის. ვეძისობა აგრძელებს თბილისის ძველ ცხენოსნურ ტრადიციებს (იხ. ცხენოსნობა, ყაბახი); იგი წარმატებით ჩაერთო საზოგადოება „გარჯის“ მიერ შემუშავებულ პროგრამაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ, 2002, გვ 475