ვეფხისტყაოსნის ქართული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
„ვეფხისტყაოსანი“

ვეფხისტყაოსნის ქართული — ლიტერატურაში ამ სახელწოდებით მოიხსენიება ენა, რომლითაც ვეფხისტყაოსანია დაწერილი, წარმოადგენს გარდამავალ საფეხურს ძველ ქართულსა და ახალ ქართულ ენას შორის; მასში მოიპოვება როგორც ძველი, ისე ახალი ქართულისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ვეფხისტყაოსნის ენა განსხვავებულია როგორც წინადროული, ისე მისდროინდელი საეკლესიო მწიგნობრული ქართული ენისაგან, იგი უფრო მეტად ახლოსაა ხალხის სამეტყველო ენასთან. ამ განსხვავების გამო მას პირობითად „ვეფხისტყაოსნის ქართულსაც“ უწოდებენ. ქართველოლოგთა აღნიშვნით, ვეფხისტყაოსანი მნიშვნელოვანი დოკუმენტია საშუალი ქართულის საერო მეტყველების შესასწავლად[1].

ვეფხისტყაოსნის ენისათვის განსაკუთრებით დამახასიათებელია ის, რომ აქ ერთმანეთის გვერდით გვხვდება ერთი და იმავე სიტყვის როგორც ახალი, ისე ძველი ფორმები. არნოლდ ჩიქობავამ დაასაბუთა, რომ ვეფხისტყაოსანში შეინიშნება დიალექტიზმები, როგორც დასავლური (მაგალითად აქანა), ისე აღმოსავლური (მაგალითად დაღმა), თუმცა, მისივე თქმით, ეს დიალექტიზმები ავტორისეული არაა და ეს ზოგადად იმდროინდელი სალიტერატურო ენის თვისება იყო[2]. ვეფხისტყაოსნის ქართულს, ძველი ენისაგან განსხვავებით, ახასიათებს მიდრეკილება სინტაქსური სიახლისა და სიმარტივისადმი[3]. ამ მხრივ განსაკუთრებით აღსანიშნავია მოთხრობითი ბრუნვის ნიშნის ახალი ხმარების წესი პოემაში[4]. მიუხედავად ამ სიახლეებისა, რუსთაველის ენა ინარჩუნებს ძველ წესებსაც, ძველი და ახალი ფორმები მის პოემაში პარალელური ფორმების სახით გვხვდება[5].

ვეფხისტყაოსნის ქართული მეტად თავისუფალი ენაა; ავტორი ხშირად ქმნის ახალ სიტყვებს, ნეოლოგიზმებს (მაგალითად ნაგუშინდლევი, უმისჟამისო), სახელებს კი ხშირად ზმნებად აქცევს (იირმოს, ითხოს, ეაგეთა და სხვა)[6]. რუსთაველის მიერ გამოყენებული უჩვეულო სიტყვები ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია ლექსის საჭიროებით, რითმისა და რიტმის უკეთ შეწყობისათვის, თუმცა ხშირად პოეტი სიტყვების უჩვეულო ფორმებს სალექსო მოთხოვნილებების ყოველგვარი აუცილებლობის გარეშეც იყენებს[7]. ვეფხისტყაოსნის ქართულისათვის ჩვეულებრივი მოვლენაა ე. წ. დიდებულების მრავლობითობა, ანუ მხოლობითი შინაარსის სიტყვების დასმა მრავლობით რიცხვში განსაკუთრებული პატივისცემის გამოსახატავად[8].

როგორც მკვლევარები აღნიშნავენ, რუსთველის ენა იმდენადაა დაახლოებული ხალხის მეტყველებასთან, რომ იგი მარტივად გასაგებია და სპეციალურ განმარტებას არ საჭიროებს. თუმცა არის იშვიათი გამონაკლისებიც, როდესაც ცალკეული სიტყვებისა და გამოთქმების შინაარსი დაუდგენელია და მათ შესახებ სპეციალისტებიც ვერ თანხმდებიან[9].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ვეფხისტყაოსნის სიმფონია, თბილისი, 1956, გვ. 018
  2. ა. ჩიქობავა, დიალექტიზმების საკითხისათვის ვეფხისტყაოსანში, ენიმკის მოამბე, III, 1938, გვ. 224
  3. ა. ჩიქობავა, დიალექტიზმების საკითხისათვის ვეფხისტყაოსანში, ენიმკის მოამბე, III, 1938, გვ. 221
  4. ზ. ჭუმბურიძე, მოთხრობითი ბრუნვა ვეფხისტყაოსანში, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. XVIII, № 5, 1957, გვ. 631-635
  5. ა. შანიძე, ვეფხისტყაოსნის ენის საკითხები, ვეფხისტყაოსნის სიმფონია, თბილისი, 1956, გვ. 019
  6. ვ. ბერიძე, შოთას პოეტიკისათვის, ენიმკის მოამბე, III,1938, გვ. 178-182
  7. ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, რუსთველის ენის შესახებ, თბილისი, 1975, გვ. 275-276
  8. ა. ბარამიძე, კ. კეკელიძე, ა. შანიძე, ვეფხისტყაოსნის ახალი გამოცემის გამო, ლიტერატურული ძიებანი, VIII, 1953, გვ. 346-347
  9. ალ. ბარამიძე, შოთა რუსთაველი, რუსთველის ენის შესახებ, თბილისი, 1975, გვ. 277