ვაბი-საბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ვაბი-საბი (侘寂) - არასრულყოფილების იაპონური ხელოვნება და კონცეფცია, რომელიც ბუდიზმიდან მომდინარეობს და სამ ძირითად მესიჯს: არასრულყოფილებას, არამუდმივობას და არასრულობას მოიცავს.[1]

ვაბი-საბი საშუალებას გვაძლევს გავიაზროთ ის, რომ სრულყოფილება აბსტრაქტული რამაა, ის გამორიცხავს მისკენ სწრაფვას და შთაგვაგონებს ცხოვრების იარების, ნაკლოვანებების მიმღებლობას. ეს კონცეფცია ყველაფერში სიმარტივეს, მინიმალიზმს, ბუნებრივობას, ავთენტურობას ითვალისწინებს.[2] შთაგვაგონებს, რომ სილამაზე არა ობიექტის გარეგნობაზე, არამედ მის გამოცდილებაზეა დამოკიდებული და იმაზე თუ რა განცდას იწვევს ჩვენში. არსებითად, ვაბი-საბი სიმშვიდისკენ, ჰარმონიულობისკენ და ჭვრეტისკენ მოგვიწოდებს.[3]

ვაბი-საბი
侘寂
Kintugi.jpg
ვაბი-საბის ერთ-ერთი გამოვლინება, კინცუგის ხელოვნება
იაპონია

ლეგენდა ვაბი-საბის წარმოშობაზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაბი-საბი იაპონელებისთვის ყოველთვის განუყოფელი ნაწილი იყო. მისი წარმოშობის ისტორიას მეთექვსმეტე საუკუნეში ვაწყდებით, ისტორია ძენ ბუდიზმის ბერს, სენ ნო რიკიუს უკავშირდება. ლეგენდის თანახმად ახალგაზრდა რიკიუმ, რომელსაც ჩაის ცერემონიის შესწავლა სურდა, აღიარებული ჩაის ოსტატის ტაკეენო ჯოოს საპოვნელად გაეშურა. ტაკეენომ რიკიუს მისი შესაძლებლობების გამოცდის მიზნით, ბაღის მოვლა დაავალა. რიკიუმ ის თავიდან ბოლომდე, სრულყოფილად გაასუფთავა, მაგრამ სანამ საბოლოო შედეგს ოსტატს წარუდგენდა ალუბლის ხე შეარხია, რათა საკურას ყვავილები მიწაზე დაყრილიყო. ამ არასრულყოფილებამ ბაღში სილამაზე წარმოშვა და ასე დაიბადა ვაბი-საბი, როგორც გზა სილამაზისკენ ნაკლოვანებების კვალდაკვალ. [2]

ტერმინის წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიტყვები ვაბი და საბი ყოველთვის ერთმანეთთან არ იყო დაკავშირებული, თუმცა დიდი ხანია ერთად გამოიყენება და ამის გამო მას სინონიმებად, ერთმანეთის ჩასანაცვლებლადაც კი იყენებენ.

სიტყვა ვაბი, ძირიდან „ვა“ მომდინარეობს, რომელიც ჰარმონიას, სიმშვიდეს და წონასწორობას უკავშირდება. ზოგადად ვაბის თავდაპირველი მნიშვნელობა სევდიანი, მიტოვებული და მარტოსული იყო, თუმცა პოეტურად ის მარტივს, არამატერიალურს და ბუნებასთან შესაბამისს ნიშნავს. სიტყვით „ვაბი“ ხასიათდება ადამიანი, რომელიც ყოველთვის განასახიერებს საკუთარ თავს და არასდროს სურს, რომ იყოს სხვა, კმაყოფილდება მცირეოდენით, თავისუფალია სიხარბისგან, უსაქმურობისგან და სიბრაზისგან.

საბი ნიშნავს „დროის აყვავებას“. ის სილამაზის წარმავლობას ითვალისწინებს. ამ სიტყვის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში შეიცვალა, მისი უძველესი განმარტება „მიტოვებული“ იყო, შემდგომი კი „დაბერება“. მეცამეტე საუკუნეში მისი განმარტება ძველი და გაცვეთილი ნივთების დაფასებაში გადაიზარდა. [4]

ტერმინი ვაბი-საბი ძნელად თუ ითარგმნება. იაპონელებისთვის ვაბი-საბი უფრო მეტად გრძნობაა, ვიდრე კონცეფცია. [2]

ვაბი-საბის გამოვლინება იაპონურ ხელოვნებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

როდესაც ვსაუბრობთ ვაბი-საბის გამოვლინებაზე ხელოვნებაში, აშკარაა, რომ მისი საშუალებით კიდევ უფრო ნათლად და მკაფიოდ შეგვიძლია გავიაზროთ ამ კონცეფციის ძირითადი არსი.

კინცუგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაბი-საბის ერთ-ერთი თვალსაჩინო გამოვლინება, იაპონურ ნივთების გამთელების ხელოვნებაში კინცუგიში, იგივე კინცუკუროიში შეგვიძლია დავინახოთ. ეს ხელოვნება ითვალისწინებს, ჭურჭლის გატეხვის შემდეგ, მის შეწებებას, ოქრო, ვერცხლი ან პლატინაშერეული წებოთი.[5] შეწებების შემდეგ ვხედავთ, თითქოს, ერთი შეხედვით არასრულყოფილ, არასრულ ნივთს, მაგრამ წებო, რომელიც ჭურჭელს ვენებად ამჩევია, მას მრავალფეროვანს და ლამაზს ხდის. ამას კი ისევ ვაბი-საბის კონცეფციამდე მივყავართ. [6]

შაკუჰაჩი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შაკუჰაჩი ტრადიციული იაპონური ფლეიტაა. მას მარტივი სტრუქტურა, უხეში ბამბუკის მილი, ხუთი ხვრელი და ბაბმუკის ღეროს ფესვის ბოლოსგან დამზადებული ქვედა ბოლო აქვს. მაშინაკ კი, როცა ის არ არის დახვეწილი ნივთი, ის მაინც ხელოვნების, ხელოსნობის და ინჟინერიის ნამუშევარია. [2]

ინტერიერი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვაბი-საბის ინტერიერი, როგორც თავად კონცეფცია, უპირატესობას ბუნებრივობას ანიჭებს. ბუნება ეს არის შეხსენება იმისა, რომ ყველაფერი, მათ შორის სილამაზეც განიცდის ცვლილებებს, მაგრამ არასოდეს ქრება. შესაბამისად ვაბი-საბის ინტერიერში გამოიყენება ბუნებრივი ფერები და მასალები. კონკრეტულად შევხვდებით მწვანე, ლურჯ, ნაცრისფერ ფერებს, რაც სიმშვიდის ატმოსფეროსაც ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ინტერიერი ყოველთვის, ისეთი ნივთებისგან შედგება, რომელიც მასში მცხოვრებ ადამიანში გრძნობებს, განცდებს იწვევს. არც ვაბი-საბი და შესაბამისად არც მისი ინტერიერი არ ითვალისწინებს ტენდენციებს, მოდას, არამედ გულიდან წამოსულ გრძნობებს და არჩევანს. [7]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Why is it difficult to understand what wabi-sabi means? Sakura News
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 What is Wabi Sabi? The Elusive Beauty of Imperfection. Japan Objects
  3. O'HANLON center for the arts
  4. WHAT IS WABI-SABI? nobleharbor.com
  5. Definitions for kintsugi. DEFINITIONS
  6. Embracing Imperfection: Contemporary Expressions of Wabi Sabi. Napa Valley Museum Yountville
  7. wabi sabi philosophy and its use in interior design. biofilico.com