შინაარსზე გადასვლა

ედიქტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ედიქტი (ლათ. edictum – განცხადება, ლათ. edico – ვაცხადებ) — ძველ რომში მაგისტრატის (პრეტორის, პროვინციის მმართველის) განცხადება თანამდებობის დაკავების დროს. შეიცავდა მაგისტრატისსაქმიანობის პროგრამას. თავდაპირველად ედიქტს ზეპირად წარმოთქვამდნენ, შემდეგ ხანებში კი წერილობით აყალიბებდნენ და მოედანზე აკრავდნენ. განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა პრეტორის ედიქტს. ახალი ეკონომიკური მოთხოვნილებების გათვალისწინებით იგი ზოგჯერ ავსებდა და ასწორებდა ცივილურ სამართალს (უძველეს რომაულ სამართალს). ასეთი სამართალშემოქმედებითი საქმიანობის შედეგად ჩამოყალიბდა პრეტორული სამართალი. II საუკუნეში იურისტმა იულიანემ იმპერატორ ადრიანეს დავალებით რედაქცია გაუკეთა პრაქტიკაში დამკვიდრებულ ედიქტებს. პრინციპატის პერიოდში ედიქტის ფორმით პრინცეფსის საყოველთაო სავალდებულო ბრძანება გამოიცემოდა.