ეგორ გაიდარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ეგორ გაიდარი

ეგორ გაიდარი (დ. 19 მარტი, 1956, მოსკოვი, რსფსრ, სსრკ — გ. 16 დეკემბერი, 2009, უსპენსკოე, მოსკოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) — რუსი რეფორმატორი, სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, ეკონომისტი. ეკონომიკური მეცნიერებების დოქტორი.

1990-იანი წლების დასაწყისში რუსეთში ჩატარებული ეკონომიკური რეფორმების ერთ-ერთი უმთავრესი ხელმძღვანელი, ინიციატორი და იდეოლოგი. 1991-1994 წლებში იკავებდა მნიშვნელოვან თანამდებობებს რუსეთის მთავრობაში, 1992 წელს, ივნის-დეკემბერში იყო რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. მონაწილეობას იღებდა ბელოვეჟსკის შეთანხმების შედგენაში. გაიდარის ხელმძღვანელობის ქვეშ რუსეთში დაიწყო გადასვლა გეგმიური ეკონომიკიდან საბაზროზე; მოხდა ფასების ლიბერალიზაცია, საგადასახადო სისტემის რეორგანიზაცია, საგარეო ვაჭრობის ლიბერალიზაცია; დაიწყო პრივატიზაცია.

1993 წლის საკონსტიტუციო კრიზისის დროს სახელისუფლებო ძალების ერთ-ერთი მთავარი ფიგურა. ჩეჩნეთის პირველი ომის დროს ანტისაომარი მიტინგების ორგანიზატორი. პარტიების „რუსეთის დემოკრატიული არჩევანი“ და „მემარჯვენე ძალების კავშირი“ დამფუძნებელი და ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ფრაქცია „რუსეთის არჩევანის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი სახელმწიფო დუმას პირველ მოწვევაში, მესამე მოწვევაში კი დეპუტატი მემარჯვენე ძალების კავშირიდან. მონაწილეობას იღებდა საგადასახადო და საბიუჯეტო კოდექსების შედგენასა და სტაბილიზაციური ფონდის კანონის შექმნაში.

ეკონომიკური პოლიტიკის ინსტიტუტის დამაარსებელი და დირექტორი. ეკონომიკასთან დაკავშირებული არაერთი პუბლიკაციის, რამდენიმე მონოგრაფიის ავტორი.

დამოკიდებულება გაიდარის მიმართ სხვადასხვანაირია. მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ მისი 1992 წლის რეფორმების ხარჯზე მოხდა სამოქალაქო ომისა და მასობრივი შიმშილის თავიდან აცილება და შეიქმნა საძირკველი ეკონომიკის მომავალი ზრდისთვის. გაიდარის ოპონენტები ადანაშაულებენ მას და მის რეფორმებს მოქალაქეთა ცხოვრების დონის ვარდნასა და ეკონომიკის მიზანმიმართულ განადგურერბაში.[1] აგრეთვე არსებობს ნეიტრალური ხედვა, რომელიც ითვალისწინებს მისი მოღვაწეობის როგორც დადებით, ასევე ნეგატიურ ასპექტებს. გაიდარის ხსოვნა უკვდავყოფილია რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით.

იცოდა ესპანური, ინგლისური და სერბულ-ხორვატიული ენები.[2]

მუშაობა მთავრობაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაიდარის მთავრობაში დანიშვნას ხელი შეუწყო მისმა კავშირმა რსფსრ-ს სახელმწიფო მდივან გენადი ბურბულისთან. ზუსტად ბურბულისმა დაარწმუნა ელცინი, გაიდარისთვის და მისი გუნდისთვის რეფორმების პროგრამის შემუშავება დაევალებინა.

1991 წლის სექტემბერში გაიდარის ჯგუფმა დაიწყო მუშაობა რეფორმების პროექტზე მე-15 აგარაკზე, არხანგელსკში. ოქტომბერში ელცინი შეხვდა გაიდარს და გადაწყვიტა მთავრობის ფორმირება მისი გუნდის საფუძველზე მოეხდინა. გაიდარს უნდეა ეხელმძღვანელა კაბინეტის მუშაობისთვის და პასუხისმგებელი ყოფილიყო მთლ ფინანსურ-ეკონომიკურ ბლოკზე.

გადადგომა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წლის 1 დეკემბერს გაიხსნა სახალხო დეპუტატთა მეშვიდე ყრილობა. ორ დეკემბერს ეგორ გაიდარი რუსეთის ფედერაციის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის როლში გამოვიდა დეპუტატთა წინაშე და წარადგინა თავისი პრეზენტაცია ეკონომიკურ რეფორმებზე. დეპუტატების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, გაიდარმა შეაჯამა მთავრობის მუშაობის ძირითადი შედეგები.

თქვენ გახსოვთ დისკუსიების ტონალობა წინა წლისშემოდგომაზე აქაც და პრესაშიც, ჩვენსაშიც და უცხოურშიც. განიხილავდნენ არა იმას, რამდენად შემცირებოდა 1992 წლის ტანკების თუ სხვა საქონლის წარმოება. საუბარი მიდიოდა მასობრივი შიმშილის, სიცივის, სატრანსპორტი სისტემების პარალიზებაზე, სახელმწიფოსა და საზოგადოების ნგრევაზე. არაფერი ასეთი არ მოხდა. შიმშილის და სიცივის საფრთხე არ დგას. ჩვენ გავიარეთ რეფორმებთან ადაპტაციის ეს ურთულესი პერიოდი დიდი სოციალური კატაკლიზმების გარეშე.

თავისი მთავრობის ძირითად წარუმატებლობად გაიდარი მიიჩნევს ფინანსური სტაბილიზაციის ვერ ჩატარებას და მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას.

1992 წლის 9 დეკემბერს პრეზიდენტმა ბორის ელცინმა წამოაყენა ეგორ გაიდარის კანდიდატურა მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე; ეს თანამდებობა ვაკანტური იყო 1991 წლის სექტემბრიდან, ივანე სილაევის გადადგომის შემდეგ. 9 დეკემბრამდე ცოტა ხნით ადრე, პრეზიდენტის შეთავაზებით, სახალხო დეპუტატთა ყრილობამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის თანახმადაც თავდაცვის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა მინისტრების დანიშვნა უზენაესი საბჭოს თანხმობით უნდა მომხდარიყო. თავად გაიდარის თქმით, ეს იყო შეთანხმება ოპოზიციურ ძალებთან, რომლებსაც ამ კანონპროექტის სანაცვლოდ მისიკანდიდატურისთვის მხარი უნდა დაეჭირათ. მის დასამტკიცებლად საჭირო იყო 521 დეპუტატის ხმა, მაგრამ მას მხოლოდ 467-მა დაუჭირა მხარი. მის წინააღმდეგ გამოვიდა 486 დეპუტატი.

გაიდარის კანდიდატურის ჩაგდების შემდეგ, ელცინმა მკაცრად გააკრიტიკა სახალხო დეპუტატთა ყრილობა, თუმცა, მაინც წავიდა დათმობაზე და საბოლოო ჯამში, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე სამი კანდიდატურა შეიტანა. ესენი იყვნენ ვიქტორ ჩერნომირდინი, ეგორ გაიდარი და იური სკოკოვი. საბოლოო ჯამში, ელცინმა ამ სამიდან ჩერნომირდინი დატოვა, რომელსაც ყრილობამ ნდობა გამოუცხადა. ჩერნომირდინის დამტკიცების შემდეგ, გაიდარმა დაკარგა ყველა დაკავებული პოსტი მთავრობაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Елена Яковлева Шок — это не по-нашему // Российская газета № 4277, 25.01.2007
  2. Егор Гайдар, директор Института экономики переходного периода. ONLINE-ИНТЕРВЬЮ. //Коммерсантъ (2009-11). დაარქივებულია ორიგინალიდან - 2012-02-04. წაკითხვის თარიღი: 2011-11-22.