შინაარსზე გადასვლა

დიდი დუქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან დიდი დუკა)
ალექსი აპოკავკოსი, ერთ-ერთი დიდი დუქსი

დიდი დუქსი, მეგადუქსი (ბერძ. μέγας δούξ) — გვიანდელი ბიზანტიის იმპერიის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა, ფლოტის მეთაური.

ფლოტის დუქსის თანამდებობა სავარაუდოდ უნდა შექმნილიყო ალექსი I კომნენოსის მიერ 1085 წლის შემდეგ. დაახლოებით 1092 წელს ჩანაცვლდა დიდი დუქსის თანამდებობით. ეს სიახლე დაკავშირებული იყო თემობრივი საზღვაო ძალების გაუქმებასთან და მთელი ფლოტის ერთი ადმირალის ხელმძღვანელობის ქვეშ დაქვემდებარებასთან; დრუნგარიოსი გახდა მისი მოადგილე. პირველი დიდი დუქსი სავარაუდოდ იყო ალექსი I-ის ცოლისძმა, იოანე დუკა, რომელიც მასშტაბურ ოპერაციებს უძღვებოდა ზღვასა და ხმელეთზე. 1453 წლამდე ეს თანამდებობა იერარქიაში ერთ-ერთ უმაღლესად რჩებოდა; გიორგი კოდინე (XIV საუკუნე) მას პროტოვესტიარიოსსა და პროტოსტრატორს შორის ასახელებდა.

მრავალი მნიშვნელოვანი პირი იკავებდა ამ თანამდებობას. XII საუკუნეში ამ პოსტზე კონტოსტეფანოსების ოჯახი დომინირებდა. XIII საუკუნიდან მოყოლებული, განსხვავება დიდ დუქსსა და პროტოსტრატორს შორის გაურკვეველი გახდა, რადგან ორივე სარდალს შეეძლო ზღვასა ან ხმელეთზე მეთაურობა. დიდი დუქსის თანამდებობა ზოგჯერ უცხოელებსაც ენიჭებოდათ: 1207 წელს გენუელმა ფილოკალო ნავიგაიოსომ კონსტანტინოპოლის ლათინი იმპერატორისგან მიიღო კუნძული ლემნოსი და დიდი დუქსის მემკვიდრეობითი ტიტული; XIV საუკუნის დასაწყისში ეს ტიტული მიენიჭა როჯერ დე ფლორს, იტალიელ კონდოტიერს.