დედოფალ მარიას დაწესებულებათა უწყება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დედოფალ მარიას დაწესებულებათა უწყების ემბლემა

დედოფალ მარიას დაწესებულებათა უწყება (რუს. Ведомство учреждений императрицы Марии) — რუსეთის იმპერიაში უწყება, რომელსაც ექვემდებარებოდა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტები, ქალთა გიმნაზიები, ბავშვთა თავშესაფრები, უსინათლო და ყრუ-მუნჯ ბავშვთა სასწავლო დაწესებულებები, ზოგიერთი საავადმყოფო. ოფიციალურად სახელი ეწოდა 1854 წელს იმპერატორ პავლე I-ის ცოლის, დედოფალ მარია თეოდორეს ასულის მიხედვით, რომელსაც 1797 წლიდან ჩაბარებული ჰქონდა კეთილშობილ ქალთა სააღმზრდელო საზოგადოებაზე მზრუნველობა. XX საუკუნის დასაწყისისთვის ამ უწყების გამგებლობაში იყო: 70 ქალთა ინსტიტუტი და გიმნაზია, 176 ბავშვთა თავშესაფარი, 21 სასწავლებელი უსინათლო და ყრუ-მუნჯი ბავშვებისათვის, 21 უპოვართა თავშესაფარი, 40 საავადმყოფო, მრავალი უმაღლესი დაწყებითი სასწავლებელი და სხვ.; მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტებს. მაღალჩინოსან მოხელეთა ოჯახებს ამ დაწესებულებებში საგვარეულო ადგილები ჰქონდათ. სწავლაში წარჩინებული მოსწავლე ქალებისათვის დაწესებული იყო ოქროსა და ვერცხლის მედლები, ხოლო უმაღლესი ჯილდო იყო შავი ხავერდის დიდ ბანტზე მიმაგრებული, უმაღლესი სინჯის ოქროსაგან ჩამოსხმული რუსული ინიციალების МФ-ის (მარია თევდორეს ასული) მონოგრამა, რომელსაც დაჯილდოებული მარცხენა ბეჭზე იკეთებდა. თბილისში იყო დედოფალ მარიამის უწყების სასწავლებლები, მ. შ. კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტი, რომელსაც ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტი ერქვა. უწყებამ იარსება 1917 წლამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]