დავით მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

დავით მაჭავარიანი (დ. 1909 — გ. 1975) — მოცეკვავე, ბალეტმაისტერი, მუსიკოსი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე.

გამოჩენილი მოცეკვავისა და ბალეტმაისტერის მ. მორდკინის სტუდიის დამთავრების შემდეგ გამოდიოდა ამავე სტუდიის წარმოდგენებში, ცეკვავდა კორდებალეტში. შეასრულა მნიშვნელოვანი პარტიებიც პ. ჰერტელის ბალეტში „ამაო სიფრთხილე“, ქორეოგრაფი პიესაში „თოჯინები“ და რ. დრიგოს „პოლკაში“. 1926 წლიდან დაუკავშირდა კ. მარჯანიშვილს. თბილისში ქორეოგრაფიულად გააფორმა კ. მარჯანიშვილის დადგმები : ე. ტოლერის „ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ“, ლოპე და ვეგას „ცხვრის წყარო“, კ. გუცკოვის „ურიელ აკოსტა“, აგრეთვე მოსკოვის ოპერეტის თეატრში - ი. შტრაუსის „ღამურა“. ხანგრძლივად და ნაყოფიერად მოღვაწეობდა თბილისის მუსკომედიის თეატრში, სადაც დადგა სპექტაკლები: ვ. ცაგარეიშვილის „მზის დაბნელება, ი. გეჯაძის “ორი რეკორდი", ი. მილიუტინის „ტრემბიტა“, „პერიფულა“, ი. კალმანის „ცირკის პრინცესა“, „მონმარტრის ია“, „სილვა“ და სხვა. ამ თეატრში გამოდიოდა როგორც კონცერტმაისტერიც. სპექტაკლებს დგამდა რუსთაველის, მარჯანიშვილის, გრიბოედოვის სახელობის მოზარდ მაყურებელთა ქართულ და რუსულ თეატრებში. დავით მაჭავარიანი თეატრალური ხელოვნების ერთ-ერთი რთული სახეობის, მცირე ფორმის ქორეოგრაფიის გამოჩენილი ოსტატი, ქართული კულტურის ღვაწლმოსილი წარმომადგენელი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]