გურამ თამლიანის საცხოვრებელი სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გურამ თამლიანის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტ სოფელ წვირმში. ამირან თამლიანის საკუთრებაში არსებული კოშკი და მის მიმდებარედ არსებული კომპაქტური განაშენიანება მიტოვებულ და უფუნქციოდ დარჩენილ ნაგებობათა რიგს წარმოადგენს.

მოვაკებულ რელიეფზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით, ერთმანეთის გვერდით აღმართული შენობები სხვადასხვა დროსაა აგებული. კომპლექსის შუა საუკუნეებრივ არქიტექტურულ ქსოვილს, უმთავრესად, გვირგვინით გაფორმებული კოშკი ქმნის; დანარჩენი ნაგებობები შედარებით გვიანდელია, გარდა კოშკის დასავლეთით მდგარი დარბაზ-მაჩუბისა. განაშენიანების ყოველი ნაგებობა, განსხვავებული ქრონოლოგიის მიუხედავად, ნაშენია ფიქალით, კირ-დუღაბის ხსნარზე და შელესილია კირით. გურამ თამლიანის საცხოვრებელი სახლი კომპლექსის აღმოსავლეთით მდებარეობს.

ის გვიანის პერიოდის საცხოვრბელი სახლი, რომელიც ნაგებია ნატეხი ქვით და ფიქალით კირ-დუღაბზე, გადახურვისთვის გამოყენებულია თუნუქი. სახლის სამხრეთი, აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი ფასადები ქუჩისკენ არ მოქცეული, ჩრდილოეთი კი კომპლექსის ეზოსკენ. სამხრეთით მეორე სართულზე ხის შუშაბანდია მოწყობილი, პირველ სართულზე მოზრდილი ზომის კარ-სარკმელია გაჭრილი. ასევე აღმოსავლეთ ფასადზეც ვხედავთ მოზრდილი ზომის კარ-სარკმლებს, სამწუხაროდ კედელი საკმაოდ დაზიანებულია მეორე სართულის ნაწილი დაძრულია და დღესდღეობით ხის ძელებით არის გამაგრებული.

ჩრდილოეთ ფასადზე მინაშენია, რომელიც სამურნეოდ და საბოსლედ გამოიყენებოდა. დასავლეთი ფასადი მთლიანად ყრუა, თუ არ ჩავთვლით პირველ სართულზე გაჭრილ მცირე ზომის მართკუთხა ფორმის სარკმლეს. სამწუხაროდ ინტერიერის ნახვა ვერ მოხერხდა. ამირან თამლიანის სახლის კომპლექსი მაღალი ურბანული ღირებულების მატარებელი ძეგლია, რომლის დაცვა-შენარჩუნება სოფელ წვირმის უნიკალური ხუროთმოძღვრული მემკვიდრეობისათვის მეტად მნიშვნელოვანია და თითოეული ობიექტი, რომელიც კომპლექსში შედის მეტად მნიშვნელოვანია განაშენიანების განვითარების აღსაქმელად.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 36128