გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია

გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია (ინგლ. Royal Observatory, Greenwich) — სახელმწიფოს მიერ დაფინანსებადი ძირითადი ასტრონომიული ორგანიზაცია დიდ ბრიტანეთში. მდებარეობს გრინვიჩში. მისი მშენებლობა დაიწყეს 1675 წლის 4 მაისს ჩარლზ II-ის ბრძანებით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ისტორია XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან სათავეს იღებს. ადგილი, სადაც ობსერვატორია მდებარეობს, ისტორიულ მნიშვნელობას მის აშენებამდეც ატარებდა, სადაც მდებარეობდა პლაცენტიის სასახლე. აქ ინგლისის მეფე ჰენრი VIII დაიბადა.
1674 წელს სერ ჯონას მურმა მეფე ჩარლზ II-ს შესთავაზა ასტრონომიული ობსერვატორიის დაარსება, რომლის მთავარი მიზანი საზღვაო ნავიგაციის გაუმჯობესება და გეოგრაფიული კოორდინატების უფრო ზუსტად განსაზღვრა იყო. 1675 წლის 22 ივნისს (2 ივლისს) ჩარლზ II-მ ხელი მოაწერა ობსერვატორიის მშენებლობის ბრძანებას. პირველი შენობის, ფლემსტიდ ჰაუსის, პროექტი ცნობილმა არქიტექტორმა კრისტოფერ რენმა შეიმუშავა. ეს იყო დიდი ბრიტანეთის პირველი შენობა, რომელიც სპეციალურად სამეცნიერო კვლევებისთვის აშენდა. პირველ სამეფო ასტრონომად ჯონ ფლემსტიდი დაინიშნა.[1]
XVIII–XIX საუკუნეებში გრინვიჩის სამეფო ობსერვატორია მსოფლიოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ასტრონომიულ და სანავიგაციო ცენტრად ჩამოყალიბდა. 1833 წელს შენობაზე დამონტაჟდა „დროის ბურთი“, რომელიც დღემდე ყოველდღიურად ზუსტად 13:00 საათზე ეშვება და ისტორიულად ზუსტი დროის განსაზღვრის საშუალებად გამოიყენებოდა. 1852 წლიდან ობსერვატორიამ ზუსტი დროის სიგნალების ელექტრული ტელეგრაფით გადაცემა დაიწყო. ობსერვატორიამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა 1851 წელს, როდესაც ჯორჯ ეირის მერიდიანული წრის საფუძველზე სწორედ აქ განისაზღვრა ნულოვანი მერიდიანი. 1884 წელს ვაშინგტონში გამართულ საერთაშორისო მერიდიანების კონფერენციაზე გრინვიჩის მერიდიანი ოფიციალურად მიიღეს, როგორც მსოფლიო გრძედის ათვლისა და დროის გამოთვლის საწყისი მერიდიანი. თანამედროვე გეოდეზიური ნულოვანი მერიდიანი, რომელსაც GPS-ის სისტემები იყენებენ, ისტორიული ხაზიდან დაახლოებით 102 მეტრით აღმოსავლეთით მდებარეობს.[2]
ობსერვატორიის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა 1894 წელს, როდესაც ფრანგმა ანარქისტმა მარსიალ ბურდენმა შენობის აფეთქება სცადა. ეს შემთხვევა მოგვიანებით ჯოზეფ კონრადის რომანის „საიდუმლო აგენტის“ საფუძველი გახდა.[3]
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ლონდონის გაფართოებისა და სინათლით დაბინძურების გამო, ასტრონომიული დაკვირვებების პირობები მნიშვნელოვნად გაუარესდა. ამიტომ 1953–1954 წლებში სამეფო ობსერვატორიის ძირითადი სამეცნიერო განყოფილებები აღმოსავლეთ სასექსის საგრაფოში, ჰერსტმონსოს ციხესიმაგრეში გადაიტანეს.
გრინვიჩის სამეფო ობსერვატორიის ისტორიულ შენობებში ფუნქციონირებს ასტრონომიისა და ნავიგაციის ისტორიის მუზეუმი, რომელიც დიდი ბრიტანეთის ეროვნული საზღვაო მუზეუმის შემადგენლობაში შედის. მის კოლექციაში დაცულია ასტრონომიული ინსტრუმენტები, ჯონ ჰარისონის ცნობილი საზღვაო ქრონომეტრები, დიდი ბრიტანეთის ყველაზე დიდი 28-დიუმიანი რეფრაქტორული ტელესკოპი და სხვა უნიკალური ექსპონატები. 2007 წელს ობსერვატორიის ტერიტორიაზე გაიხსნა პიტერ ჰარისონის პლანეტარიუმი, ხოლო 1993 წლიდან ისტორიული ნულოვანი მერიდიანი ღამის საათებში მწვანე ლაზერული სხივით აღინიშნება. გრინვიჩის ისტორიულ ცენტრთან ერთად ობსერვატორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.[4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Who was John Flamsteed, the first Astronomer Royal? en. ციტირების თარიღი: 2026-07-17
- ↑ WebCite query result. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-19. ციტირების თარიღი: 2026-07-17
- ↑ Propaganda by Deed - the Greenwich Observatory Bomb of 1894 : The Royal Observatory : Astronomy & space : Fact files : Learning : NMM en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-30. ციტირების თარიღი: 2026-07-17
- ↑ Reopening of the new Royal Observatory, Greenwich : Press office & news : About us : NMM en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-22. ციტირების თარიღი: 2026-07-17